აღდგენილია უნიკალური ავეჯი ზუგდიდის დადიანების სასახლის ნაპოლეონის კაბინეტიდან

© FB/Дворец Дадианиდადიანების სასახლის სეკრეტერი
დადიანების სასახლის სეკრეტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რარიტეტული სეკრეტერები საქართველოში სალომე დადიანის მეუღლემ, პრინცმა აშილ შარლ ლუი ნაპოლეონ მიურატმა ჩამოიტანა.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ქართველმა რესტავრატორებმა ზუგდიდის დადიანების სასახლის ფრანგული კაბინეტიდან დიდი მხედართმთავრის ნაპოლეონ I ბონაპარტის ორი უნიკალური ხის სეკრეტერი აღადგინეს.

დადიანების საგვარეულოს არქივი - Sputnik საქართველო
ირლანდიის ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს „დადიანების არქივის“ ასლები გადასცა

ექსპონატების რესტავრაცია თბილისის ხელოვნების სასახლისა და ზუგდიდის დადიანების სასახლის ერთობლივი პროექტის შედეგად განხორციელდა.

ეს ძვირფასი ავეჯი ნაპოლეონ მესამის ოჯახის წევრმა პრინცმა აშილ მიურატმა, დადიანების გვარის ერთ-ერთი წარმომადგენლის სალომეს მეუღლემ საფრანგეთიდან სოფელ ჭკადუაშში ჩამოიტანა. მიურატი ნაპოლეონის მარშალ იოაჰიმ მიურატისა და იმპერატორ ნაპოლეონის დის კაროლინას შვილიშვილი იყო.

მოგვიანებით უნიკალური სეკრეტერები ცნობილი ქართველი მეცნიერის, არქეოლოგის, ეთნოგრაფისა და ზუგდიდში დადიანების სასახლის დამაარსებლის აკაკი ჭანტურიას საკუთრებაში მოხვდა, აღნიშნულია ხელოვნების სასახლის “ფეისბუქის“ გვერდზე.

© FB/dadianebissasakhleდადიანების სასახლეში უნიკალური ფრანგული სეკრეტერი
დადიანების სასახლეში უნიკალური ფრანგული სეკრეტერი - Sputnik საქართველო
დადიანების სასახლეში უნიკალური ფრანგული სეკრეტერი

ჭანტურიამ ეს უნიკალური ნივთები რევოლუციის შემდეგ მუზეუმში გადაიტანა. ბევრი საბჭოთა ჩინოვნიკი უმზერდა და თავისთვის ჰქონდა მონიშნული ეს ავეჯი, მაგრამ მუზეუმის თანამშრომლებმა არ დათმეს ეროვნული საგანძური.

1930-იანი წლებიდან დაიწყო ავეჯის ხის ნაწილის დესტრუქცია, მას გაუჩნდა ჭია, დაშლა დაიწყო დეკორატიულმა ფიგურებმა. ექსპონატები ფონდში გადაიტანეს. 1980-იან წლებში მათი აღდგენის მცდელობა იყო, თუმცა დაწყებული პროცესი დაუფინანსებლობის გამო მალევე გაჩერდა.

2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას ინიციატივითა და ამავე მუზეუმის დაფინანსებით ძვირფასი ექსპონატები თბილისში, ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიტანეს.

„თითქმის ერთი წელი გაგრძელდა სარესტავრაციო პროცესი, თითქმის არ დაგვიკარგავს არაფერი, ისე აღვადგინეთ ეს უნიკალური ავეჯი, რომელიც ჯერ ნაპოლეონ პირველის, შემდეგ ნაპოლეონ მესამის და ბოლოს დადიანების საკუთრებაში იყო“, —  აღნიშნეს ხელოვნების სასახლეში.

ნამუშევრები ქართველმა რესტავრატორებმა აღადგინეს. ისინი ონლაინ-რეჟიმში კონსულტაციებს იღებდნენ ფრანგი, ირლანდიელი და ინგლისელი სპეციალისტებისგან.

ამჟამად ექსპონატები სრულად აღდგენილია. ისინი ზუგდიდში დააბრუნეს და დადიანების სასახლეში გამოფინეს.

„ვამაყობთ, რომ ეს პროცესი ხელოვნების სასახლის სარესტავრაციო ლაბორატორიაში ჩატარდა! აუცილებლად ჩადით ზუგდიდში და აუცილებლად ნახეთ ეს ძვირფასი ავეჯი! საგანძური, რომელიც თითქმის საუკუნეა არ გამოფენილა!“ — აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობილია, რომ როდესაც პრინცი აშილი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, მან ბონაპარტების სახლის სხვა რელიკვიებიც ჩამოიტანა, რომლებიც მემკვიდრეობით ერგო: ახალგაზრდა ნაპოლეონის ხმალი, წიგნის კარადა, საწერი მაგიდა, ორი სავარძელი და იმპერატორის სამიდან ერთი ნიღაბი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ არის გაკეთებული. ყველა ეს ნივთი ამჟამად ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახება, ხოლო ხმალი — ოზურგეთის მუზეუმში.

ყველა ახალი ამბავი
0