22:06 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
იუსტიციის სახლი

იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა 2017 წლის მარტამდე გაგრძელდება

© Sputnik/ Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
48 0 0

კრედიტის ლარში კონვერტაციის დროს მოვალეს კრედიტორი ბანკის გამოცვლის უფლება ექნება, ამასთან გაუქმდება საკომისიო კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვისთვის.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. იპოთეკური სესხების აშშ დოლარიდან ლარში გადაყვანა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ორი თვე გაგრძელდება, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის დონის შემცირებას და ეროვნული ვალუტის კურსის მხარდაჭერას. ეროვნული ბანკის 1 ნოემბრის მონაცემებით, ლარში გაცემული კრედიტების მოცულობა მთლიანი სესხების 36,19%-ს შეადგენს, ხოლო დეპოზიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში — მთლიანი დეპოზიტების 30,32%-ს.

სახელმწიფოს მიერ სუბსიდირება ეხება 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემულ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ, ფიზიკური პირის აშშ დოლარის საბანკო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებას ან მის ნაწილს (არაუმეტეს 100 ათასი ლარისა), რომლის ნარჩენი ღირებულება არ აღემატება 2015 წლის 1 იანვრისთვის არსებული ძირითადი თანხის 90%-ს.

ამასთან, ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ სუბსიდირება განხორციელდება მხოლოდ 100 ათასი ლარის საზღვრებში, დანარჩენი თანხა მოვალეს შეუძლია აშშ დოლარში დატოვოს, ან ლარში გადაიყვანოს თავისი შეხედულებისამებრ.

„ბანკები ვალდებული არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა მსესხებელს, რომელმაც ამ დახმარებით შეიძლება ისარგებლოს და შესთავაზონ მათ თავიანთი პირობები. მსესხებელს ექნება საშუალება, შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე, თავად გადაწყვიტოს, რომელ ბანკში ურჩევნია სესხის ლარში გადაყვანა. ამის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკი გააუქმებს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიოს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

კრედიტის კონვერტაცია ნებაყოფლობითი პროცესია, აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

ამასთან, განცხადებაში მითითებულია, რომ კომერციული ბანკები ლარში გადაყვანილ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით.

ბანკი ასევე განმარტავს, რომ სესხების ლარში გადაყვანა მოხდება ლარის არსებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს გამოკლებული 20 თეთრი.

„კურსთაშორის სხვაობა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, — განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მთავარი თემები