რაჭაში რთველი დაიწყო

© https://www.facebook.com/AgricultureGeorgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახელმწიფო „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის კილოგრამ ყურძენზე 2 ლარის სუბსიდიას გასცემს.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. რაჭაში რთველი დაიწყო — პირველ დღეს დაახლოებით 73 ტონა ყურძენი გადაამუშავეს, ხოლო მევენახეების შემოსავალმა დაახლოებით 218 ათასი ლარი შეადგინა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში ათას ტონამდე ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გლეხებზე, რომლებიც ყურძენს ღვინის კომპანიებს აბარებენ, გაიცემა სახელმწიფო სუბსიდია – „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის კილოგრამ ხარისხიან ყურძენზე 2 ლარის ოდენობით.

საფერავი - Sputnik საქართველო
რთველი-2016: საქართველო ყურძნის მოსავლის აღებისთვის ემზადება

„რთველი 2016“-ის ორგანიზებულად ჩასატარებლად, ისევე, როგორც თელავში, ამბროლაურშიც საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი ხელმძღვანელობს.

ამ ეტაპზე ამბროლაურის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 15 ღვინის კომპანია. პირველ ეტაპზე რეგიონში გაიხსნება ყურძნის ჩაბარების ექვსი პუნქტი — სამი ამბროლაურში, ხოლო დანარჩენები სოფლებში ჭრებალო, ბუგეული და ხვანჭკარა. პუნქტები ყურძენს დილის 10-დან 6 საათამდე მიიღებენ.

რთველი, როგორც წესი, კახეთში სექტემბრის დასაწყისში იწყება, ხოლო დასავლეთ საქართველოში — ოქტომბრის პირველ დეკადაში.

კახეთში რთველი, პრაქტიკულად, დასრულდა. რეგიონში სულ გადამუშავდა 113 ათასი ტონა ყურძენი. ბოლო მონაცემებით, ყურძენი 17 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. მოსახლეობის შემოსავალმა დაახლოებით 98 მლნ ლარი შეადგინა.

რთველი - Sputnik საქართველო
„რთველი-2016“ საქართველოს ხელისუფლებას 25 მლნ ლარი დაუჯდება

სუბსიდირების პროგრამაზე საქართველოს მთავრობამ წელს 25 მლნ ლარი გამოყო. ეს გადაწყვეტილება ყურძნის მოსალოდნელ შედარებით დაბალ ფასს უკავშირდება, სუბსიდირების პროგრამა კი მევენახეებს მთელი მოსავლის რეალიზებაში დაეხმარება.

უკვე მეორე წელია, სუბსიდიები გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მევენახე თანხას ჩაბარებული ყურძნისთვის დაგვიანების გარეშე, ჩაბარებიდან ორი კვირის განმავლობაში ბანკში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით იღებს.

ყველა ახალი ამბავი
0