თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 39,5 მილიონი ევროს კრედიტი გამოყო Carrefour-ის სუპერმარკეტების ქსელის მშენებლობისთვის საქართველოში, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ცნობაში.
კრედიტი გამოყოფილია დეველოპერული ორგანიზაცია Majid Al Futtaim Group-ისთვის რომელიც ფლობს Carrefour-ის ფრანჩიზას ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ცენტრალური აზიის 38 ქვეყანაში.
Carrefour-ის ტიპის თანამდეროვე საცალო ქსელის არსებობას შეუძლია ხელი შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოში საცალო ვაჭრობის გაზრდას, განაცხადა EBRD-ს აგრარული ბიზნესის დეპარტამენტის დირექტორმა ჟილ მეტეტალმა.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება კვების პროდუქტების ადგილობრივ მწარმოებლებზე. ამ საკითხში გადამწყვეტია Majid Al Futtaim Group-ის მუდმივი სწრაფვა – კვების პროდუქტების მოზიდვა დიდწილად უზრუნველყოს ადგილობრივი მწარმოებლებისგან“, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Carrefour-ის სუპერმარკეტების ქსელი საქართველოში 2012 წელს გამოჩნდა. ამჟამად ქვეყანაში გახსნილია რამდენიმე სუპერმარკეტი და ჰიპერმარკეტი.
EBRD 1991 წელს დაარსდა და მისი აქციონერია 64 ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. იგი მუშაობს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის 30-ზე მეტ ქვეყანაში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში. საქართველოში ორგანიზაციას 2,66 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული 188 პროექტში. თანხების 88% ჩაიდო კერძო ბიზნეს-პროექტებში.

