დღეს ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის ახლად აღდგენილი სურათი ”სვირი“ გამოიფინება

გამოწერა
13 იანვარს, 13:00 საათიდან, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის სტუმრებს, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, ნიკო ფიროსმანაშვილის ახლად რესტავრირებული სურათი ”სვირი" იხილონ. ღონისძიების შესახებ „Sputnik–საქართველოს“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მმართველი ეკა კიკნაძე ესაუბრა.

– დღეს, პირველ საათზე საქართველოს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატის „სვირის“ გამოფენა.

ეს გახლავთ ნამუშევარი, რომელსაც ჩაუტარდა ურთულესი რესტავრაცია. რესტავრატორი გახლდათ ქალბატონი ნანა მანაგაძე. რთული და ხანგრძლივი სარესტავრაციო პროცესის შემდეგ დამთვალიერებელს დღეს ექნება უნიკალური შანსი, ნახოს ეს არაჩვეულებრივი ნამუშევარი.

– როდის და როგორ მოხვდა ფიროსმანის ეს ნახატი ეროვნულ გალერეაში?

– ნახატი „სვირი“ ეროვნულმა მუზეუმმა 1930 წელს გიორგი ლეონიძისგან შეიძინა. ამ დროს მუზეუმს ხელმძღვანელობდა დიმიტრი შევარდნაძე. მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ნიკო ფიროსმანის სურათების გამოფენა-თავმოყრა-შესწავლა-პოპულარიზაციაში.

გამოფენა მოსკოვში ფიროსმანიდან დღემდე - Sputnik საქართველო
ქართული ხელოვნება მოსკოვში: „ფიროსმანიდან დღევანდელობამდე“

1930 წელი ზოგადად არის ძალიან საინტერესო მონაკვეთი ფიროსმანაშვილის კოლექციის შეგროვების თვალსაზრისით, რადგან ამ პერიოდში დიმიტრი შევარდნაძე ამზადებდა ფიროსმანის ნამუშევრების დიდ გამოფენას საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში და შემდეგ იგი გეგმავდა გამოფენას დრეზდენში, რაც, სამწუხაროდ, არ მოხერხდა, რადგან უკვე საბჭოთა პერიოდია და საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობა შეზღუდული იყო. თუმცა ამ გამოფენების მზადების პროცესში, 1930 წელს დიმიტრი შევარდნაძის ხელძღვანელობით მუზეუმმა ფიროსმანის 75 ნახატი შეიძინა. ერთ–ერთი მათგანია „სვირი“. ეს ნამუშევარი ბოლოს გამოფენილი იყო 1978 წელს. ამის შემდეგ ის მნახველისთვის არ გამოტანილა საცავიდან, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, იყო სარესტავრაციო. წელს ეროვნულმა მუზეუმმა თავის დამთვალიერებელს გაუკეთა ასეთი არაჩვეულებრივი საჩუქარი და ამ დიდებულ ნახატს ჩაუტარა რესტავრაცია. მოხარული ვარ, რომ ნამუშევარი, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო, გამოიფინება ჩვენ მუზეუმში და უკვე ყველას შეუძლია მისი ნახვა.

Sotheby’s-ის აუქციონი - Sputnik საქართველო
ფიროსმანისა და გუდიაშვილის ნახატები „სოთბისის“ აუქციონზე გაიყიდება

„sputnik–საქართველოს“ ნიკო ფიროსმანაშვილის „სვირის“ რესტავრატორი, ქალბატონი ნანა მანაგაძეც ესაუბრა. მან იმ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს შეხვდა. მისი თქმით, ნახატის ზედაპირი იყო დაჭმუჭნული, დაბზარული და დამტვერილი, რაც ართულებდა მის აღდგენას.

– ნახატი იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამის გამო დაახლოებით 50 წელი ეს ნახატი არ გამოფენილა. მისი ზედაპირი იყო დაჭმუჭნული და ისე იყო დუბლირებული. უამრავი ჭუჭყი და გაწელილი ადგილები ჰქონდა. სარესტავრაციოდ ძალიან რთული იყო, ამიტომ ყველა არიდებდა თავს ამისთვის ხელი მოეკიდა.

რაც უფრო რთულია სამუშაო, ჩემთვის მეტად საინტერესოა, ამიტომ ავიღე ეს პასუხისმგებლობა ჩემ თავზე.

ნიკო ფიროსმანის ჟირაფი - Sputnik საქართველო
ფიროსმანის "გაცოცხლებული" ტილოები

– რა ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაო?

– ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სურათის რესტავრაციაზე. ფიროსმანი მუშაობდა მუყაოზე, მუშამბაზე, ლითონიც აქვს გამოყენებული, მაგრამ ლინოლეუმი მე მეორედ შემხვდა. ერთხელ ფრაგმენტი გავაკეთე და მეორე ეს ნამუშევარი. მისი სიგანე ორი მეტრია, ამიტომ ძალიან რთული იყო მასზე მუშაობა. თავის დროზე ამ ნახატისთვის არაპროფესიონალს გაუკეთებია რესტავრაცია. როგორც ჩანს, ვერ გაასწორა და ნახატი იყო დაჭმუჭნული ზედაპირით, ბზარებით. ამას დაემატა ჭუჭყი. საბედნიეროდ ყველა ეს სირთულე დავძლიე და დღეს ფიროსმანი მზად არის ფართო საზოგადოებასთან შესახვედრად.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) – გამოჩენილი ქართველი მხატვარი ტრაგიკული ცხოვრებით ცხოვრობდა და გარდაიცვალა სიღარიბეში. გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა, როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა ინახება თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

ყველა ახალი ამბავი
0