თბილისში გამართულ ფესტივალზე გამოჩენილი მუსიკოსები დაუკრავენ

გამოწერა
ფესტივალზე გაიჟღერებს ჯაზური, ფოლკლორული, კამერული, საფორტეპიანო და საორგანო მუსიკა.

თბილისი, 7 დეკემბერი, — Sputnik. XIX საერთაშორისო ფესტივალზე „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“, რომელიც თბილისში 14-28 დეკემბერს გაიმართება,  ჩამოვლენ მუსიკოსები საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, მონტენეგროდან და უკრაინიდან.  

handmade - Sputnik საქართველო
თბილისი „შემოქმედ ქალთა ფესტივალს“ უმასპინძლებს

კონცერტებზე, რომლებიც ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება, გაიჟღერებს ჯაზური, ფოლკლორული, კამერული, საფორტეპიანო და საორგანო მუსიკა, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალს ცნობილი ფრანგი პიანისტი,  ჩაიკოვსკის კონკურსის ლაურეატი ლიუკ დებარგი გახსნის. ფესტივალის პროგრამაში დაგეგმილია ჯაზ-კონცერტი  კარელ ბოლეს ჰოლანდიური ტრიოსა და ამერიკელი აარონ გოლდბერგის ტრიოს შესრულებით, ასევე ახალი მუსიკის საღამო ქართველი მუსიკოსის კოკა ნიკოლაძის მონაწილეობით.

საორგანო მუსიკის საღამოზე მსმენელის წინაშე პოლონელი მუსიკოსი მარეკ შტეფანსკი წარდგება, რომელიც დასავლეთ ევროპის კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს. შოპენის, რაველის, დებიუსის, მესიანის, მუსორგსკის და უსტვოლსკაიას მუსიკას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, უკრაინელი პიანისტი ანტონი ბარიშევსკი შეასრულებს. ხოლო ბრამსის, პულენკის და პროკოფიევის ნაწარმოებს რომან სიმოვიჩი ჩერნოგორიიდან და ქართველი პიანისტი ნათელა პოლიტკოვსკაია-იაშვილი შეასრულებენ.

გასული წლის საფესტივალო რუბრიკაში „დებიუტი“ მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „ადილეი“ გამოვა. ფესტივალს ქართველი პიანისტის ალექსანდრე კორსანტიას საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი დაასრულებს.

გარდა ამისა, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში, კონსერვატორიის ფოიეში ქართველი ფოტოგრაფის გურამ თიკანაძის 1950-იანი წლების ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართება.

საქართველოში საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 1997 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, პიანისტის მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით დაარსდა. ღონისძიება ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში, ორი კვირის განმავლობაში ტარდება.


ყველა ახალი ამბავი
0