01:47 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე

ქეთი დოლიძე GIFT-ს შესახებ: ჩვენ ჭეშმარიტად კეთილი ნების ელჩები ვართ

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
15 0 0

საქართველოს დედაქალაქში წარმატებით დასრულდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (GIFT).

„Sputnik-საქართველო“ 2016 წელს GIFT-ს ოფიციალური საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი იყო. იმის თაობაზე, თუ როგორ აფასებს ავტორიტეტული უცხოური პრესა ფესტივალს, როგორია სეზონის ყველაზე ხმაურიანი თეატრალური მოვლენის შედეგი და პრობლემები, რას უნდა ველოდოთ GIFT-სგან 2017 წელს, Sputnik-ს ფესტივალის დამფუძნებელი, ცნობილი რეჟისორი ქეთი დოლიძე ესაუბრა.

— ქალბატონო ქეთი, ფესტივალი GIFT 2016, რომელმაც მაყურებელს უამრავი სასიამოვნო ემოცია აჩუქა, დასრულდა. როგორი შთაბეჭდილება დაგიტოვათ მან თქვენ?

— დავიწყებ იქიდან, რომ წელს სტუმრად ძალიან ცნობილი ჟურნალისტები გვყავდა: ტომაზო ჩიმენტი იტალიიდან და ჯოის მაკმილანი შოტლანდიიდან. მაკმილანი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი თეატრალური ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველიც არის. მის შეფასებებს ედინბურგის ფესტივალზე დაახლოებით ექვსი ათასამდე თეატრი ელოდება – თუ ის სპექტაკლს ოთხ ვარსკვლავს მიანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სპექტაკლი მთელი თვით გაყიდულია. და ამ ჟურნალისტებმა, თბილისიდან კარგად წასულებიც კი არ იყვნენ, რომ უკვე გამოგვიგზავნეს აღტაცებული გამოხმაურებები ფესტივალის თაობაზე.

ჯოის მაკმილანი ჩვენს ფესტივალს 1997 წლიდან ადევნებს თვალს და ფრიად აღშფოთებული იყო, როდესაც ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო ფესტივალი ხუთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. ჯოისმა არაერთხელ დაწერა, რომ ეს მსოფლიო პრაქტიკაში ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ფესტივალი იმის გამო მოსპეს, რომ მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მთავრობის წინააღმდეგი იყო.

ასე რომ, ჩვენი ფესტივალი 2009 წელს გააუქმეს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ფესტივალი დაბრუნდა. და როგორც ჯოისი ამბობს, კიდევ მეტი ბრწყინვალებით. მისი თქმით, GIFT — ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ფესტივალია, რომ წელს ჩვენი საერთაშორისო პროგრამა, იმდენად მაღალი კლასის კოლექტივები გამოდიოდნენ, რომ ასი თავით მაღლა იდგა ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ პროგრამაზე.

თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი
© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი

— მართლაც, წელს GIFT-მა მაყურებელი ძალზე გაახარა ჟანრებისა და თეატრების მრავალფეროვნებით. 

— გმადლობთ. ეს „ფოლკსბიუნეს“ თეატრიც იყო, რომელიც იშვიათად გადის ბერლინიდან, ვინაიდან ურთულესი დადგმა აქვს, ვახტანგოვის თეატრიც, რომელიც ღირსეულ დახვედრას მოითხოვს — ამჯერად არ ვსაუბრობ მსახიობებსა და დიდებულ რეჟისორზე, ვგულისხმობ იმას, რომ ამ თეატრის მოწვევა ტექნიკურადაც ძალზე რთულია.

ფესტივალი გენიალურმა ესპანელმა მოცეკვავემ ევა ერბაბუენამ გახსნა. ეს ჭეშმარიტი გურუა და ფლამენკოს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი. ტყუილად კი არ გამოდიოდა მაია პლისეცკაიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე დიდ თეატრში…

— ქალბატონო ქეთი, როგორ ახერხებთ ასეთი დიდი რუსული თეატრების ყოველწლიურად მოწვევას?

— ძალიან ვწუხვარ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს. თუმცა, მიუხედავად ურთულესი ურთიერთობებისა, მაინც ვახერხებთ რუსული თეატრებისა და ახალგაზრდული კოლექტივების მოწვევას. წელს ჩამოსული იყვნენ შესანიშნავი რიმას ტუმანისი და დმიტრი კრიმოვი, კიდევ სრულიად ახალგაზრდა დასი ალექსანდრ კუზნეცოვის ხელმძღვანელობით, რომელსაც გოგოლის „მოთამაშეების“ ძალიან სახალისო და საინტერესო თანამედროვე ვერსია ჰქონდა ჩამოტანილი.

სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ დასმა თანხაც თავად მოიპოვა და ჰონორარზეც უარი თქვა, ოღონდ ფესტივალ „საჩუქარში“ მონაწილეობის უფლება მიეღო. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენ ჭეშმარიტი კეთილი ნების ელჩები ვართ თეთრი ალმებით, და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკური კინკლაობა მალე შეწყდება, რომ საქართველო ტერიტორიებს დაიბრუნებს, რომ ყველაფერი მოგვარდება და ყველანი შევრიგდებით.

ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი გუსტავის როლში რიმას ტუმანისის მიერ დადგმულ ფრანგი დრამატურგის ჟერალდ სიბლეირასის სპექტაკლში „ალვებში ქარი ხმაურობს“
© Sputnik / Denis Aslanov
ვლადიმირ ვდოვიჩენკოვი გუსტავის როლში რიმას ტუმანისის მიერ დადგმულ ფრანგი დრამატურგის ჟერალდ სიბლეირასის სპექტაკლში „ალვებში ქარი ხმაურობს“

მიმაჩნია, რომ ყველაფერს საპასუხო რეაქცია უნდა მოჰყვეს: რუსეთის თეატრები სიხარულით ჩამოდიან საქართველოში და ჩვენც სიხარულით ვეწვეოდით რუსეთს გასტროლებით.

— რას უნდა ველოდოთ მომავალ წელს GIFT-სგან?

— მომავალი წლის ფესტივალის პროგრამა უკვე შედგენილი გვაქვს. ყველა საიდუმლოს ვერა, მაგრამ მცირედს მაინც გაგიმხელთ. კრიმოვი ახლა „უმზითვოს“ დგამს და, ვფიქრობ, მისი მსოფლიო პრემიერა სწორედ თბილისში გაიმართება.

ამას გარდა, გვსურს მოვიწვიოთ კონსტანტინ ბოგომოლოვი; დაზუსტებით ვიცით, რომ ჩამოვა მოძრაობის თეატრი იაპონიიდან; ისევ გვესტუმრებიან იტალიელები და ხორვატები და ჩინეთის თეატრი სპექტაკლით „რიჩარდ III“.

— წელს თქვენ ფოკუსში იტალია იყო მოქცეული. რომელი ქვეყანა იქნება 2017 წლის ფოკუსში?

— დიახ, წელს იტალიური თეატრის უშესანიშნავესი სეზონი გვქონდა, რაშიც საქართველოში იტალიის საელჩო ძალიან დაგვეხმარა. მომავალ წელს გერმანია იქნება ფესტივალის ფოკუსში. ჩამოვა ლეგენდარული საშა ვალცი სპექტაკლით „საკრე“.

დიდი იმედი მაქვს, რომ ანდრეი ჟოლდაკი ჩვენ თეატრში დადგამს ცნობილ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც სწორედ ფესტივალის გახსნის დღეს შედგება. ეს ჩვენი ერთობლივი საერთაშორისო პროექტი იქნება, რაც, რაღა თქმა უნდა, უზარმაზარი მიღწევაა, ვინაიდან  ჟოლდაკი მსოფლიო სიდიდის თეატრალური ვარსკვლავია.  ის 10 დეკემბერს ჩამოდის თბილისში და ერთი კვირის განმავლობაში კასტინგებს გამართავს. არ დავაკონკრეტებ, რა სპექტაკლს დგამს — დავტოვოთ ეს საიდუმლოდ.

სცენა სპექტაკლიდან დემონი. ხედი ზემოდან, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია
© Sputnik/
სცენა სპექტაკლიდან "დემონი. ხედი ზემოდან", დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია

— მადლობას მოგახსენებთ ფესტივალ GIFT-ს ჩუქებისთვის და წარმატებებს გისურვებთ.

— მეც მსურს მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, პირადად მერს, ბატონ ნარმანიას, ბატონებს საკანდელიძესა და მაქაცარიას. რომ არა ისინი, წელს ფესტივალი ვერ გაიმართებოდა. რასაც ვერ ვიტყვი კულტურის სამინისტროზე. ვინაიდან გარდა ჩვენი ძველი მეგობრებისა, იამზე გვათუასი და ზაზა სოფრომაძისა (რომლებიც იქ საუკუნეა მუშაობენ), ფესტივალზე კაციშვილი არ გამოჩენილა. ის კი არა, ფული წაგვართვეს, ბიუჯეტი შეგვიმცირეს და გვითხრეს, როგორც გინდათ, ისე გაართვით ყველაფერს თავიო. იმედი მაქვს, მომავალ წელს ეს გამოსწორდება.

GIFT — ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი ერთადერთი ფესტივალია საქართველოში. დაარსდა 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების (ედინბურგის, ადელაიდის, მელბურნისა და პერტის) მიერ.

მთავარი თემები