„საბავშვო ევროვიზია 2016“-ზე საქართველოს მარიამ მამადაშვილი წარადგენს

© FB/ Mariam Mamadashviliმარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე წარადგინა კვარტეტმა The Virus, რომელმაც ქვეყანას მეათე ადგილი მოუტანა.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სიმღერის საბავშვო კონკურს „ევროვიზია 2016“-ზე საქართველოს ათი წლის მარიამ მამადაშვილი წარადგენს. ევროვიზია მალტის დედაქალაქში 2016 წლის 20 ნოემბერს გაიმართება.

ევროვიზიაში მონაწილეობისთვის კანდიდატი კომპეტენტურმა ხუთკაციანმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურიში შედიოდნენ ვოკალის პედაგოგი რუსუდან ბახტაძე, პროდიუსერი ნატო დუმბაძე, რეჟისორი ზაზა ორაშვილი, მომღერალი ნიკა კოჩაროვი, ასევე ახალგაზრდა შემსრულებელი ლიზი პოპი, რომელმაც საქართველო ევროვიზიაზე 2014 წელს წარადგინა და მე-11 ადგილი დაიკავა.

ჟიურიმ თავდაპირველად ათი მონაწილე შეარჩია, შემდეგ — ორი საუკეთესო: 14 წლის ლუკა კაჭარავა და ათი წლის მარიამ მამადაშვილი, რომელზეც საბოლოოდ შეჩერდა ყურადღება.

„ცოტა ვნერვიულობდი და ძალიან, ძალიან გამიხარდა, როცა მითხრეს, რომ გავიმარჯვე და მალტაში მივდივარ“, — განაცხადა მარიამმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

© FB/ Eurovision Georgia მარიამ მამადაშვილი
მარიამ მამადაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ მამადაშვილი

მარიამ მამადაშვილი ოთხი წლიდან მღერის. სწავლობდა „ბზიკები სტუდიოში“ და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით. მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტსა და სატელევიზიო შოუში. 2014 წელს მარიამმა ათონელის თეატრის სცენაზე სპექტაკლში „ანა და მე“ პრინცესას როლი შეასრულა.

2015 წლიდან მარიამ მამადაშვილი აშშ-ში ცხოვრობს და კონექტიკუტის შტატში საშუალო სკოლა Tomlinson-ის მეექვსე კლასში სწავლობს. იმავე წელს გოგონა ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში Broadway Method Academy, სადაც ამჟამად სწავლობს ვოკალს, ცეკვასა და სამსახიობო ხელოვნებას.

საკონკურსო სიმღერა ევროვიზიისთვის კომპოზიტორმა გიორგი კუხიანიძემ დაწერა მარიამთან ერთად. სიმღერის პრემიერა უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება.

მალტამ 2014 წელს „საბავშვო ევროვიზიას“ ერთხელ უკვე უმასპინძლა.

„ევროვიზიაში“ წელს 17 ქვეყანა მონაწილეობს. წლევანდელ კონკურსზე გარკვეული სიახლეებიც არის. ცვლილებები გავრცელდა მონაწილეთა ასაკობრივ შეზღუდვაზე. თუ მანამდე ბავშვების ასაკი 10-დან 15 წლამდე იყო, ახლა 9-დან 14 წლამდე იქნება.

გარდა ამისა, 2016 წლიდან კონკურსი გაიმართება არა გვიან საღამოს, არამედ დღისით. ასეთი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ გვიანი დრო საბავშვო კონკურსს არ შეესაბამება. ამგვარად, კონკურსის ტრანსლაცია დაახლოებით 16:00-დან 18:00 საათამდე დაიწყება.

ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლებმა ევროვიზიის კონკურსზე ორჯერ გაიმარჯვეს. საქართველო კონკურს Junior Eurovision-ში მეათე წელია ზედიზედ მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0