თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. „სუხიშვილების“ ეროვნულმა ბალეტმა 16–19 აგვისტოს ბათუმში ტრადიციული კონცერტების სერია გამართა. ლეგენდარული ანსამბლის გამოსვლები ანშლაგით ჩატარდა.
„კონცერტების ოთხივე დღეს სრული ანშლაგი გვქონდა. არ დარჩენილა არცერთი გაუყიდავი ბილეთი. ეს კი იმის დასტურია, რომ ხალხს ეს ანსამბლი ძალიან უყვარს. და მასთან შეხვედრა მათთვის ყოველთვის ნამდვილი ბედნიერებაა. ასეთივე წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ყველა სხვა ანსამბლს“, – განუცხადა Sputnik–ს საღამოების ორგანიზატორმა, კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა.
„სუხიშვილების“ კონცერტები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართა.
„სუხიშვილები“ თავისი კლასიკური პროგრამით გამოვიდნენ. იმ პროგრამით, რომლითაც მათ შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო. ესაა დიდი ნინოსა და ილიკოს დადგმული ცეკვები, ხოლო შემდეგ პატარა ნინოსა და ილიკოს, ასევე თენგიზ სუხიშვილის მიერ გაგრძელებული. ეს ტრადიცია გრძელდება და მხოლოდ მოწონებას იმსახურებს“, – აღნიშნა ოქიტაშვილმა.
ერთ–ერთ კონცერტს აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე დაესწრო.
„როგორც თვითონ ხედავთ, ყველაფერმა, უბრალოდ, შესანიშნავად ჩაიარა. დღეს მთელი ბათუმი ზეიმობს. დღეს დარბაზში უამრავ ტურისტს ვხედავთ. სწორედ ასეთი კონცერტები უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას“, – განუცხადა Sputnik–ს პატარაძემ.
ანსამბლის გამოსვლები ბათუმში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
70-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლი გასტროლებით 200-ზე მეტ ტურნეში 90 ქვეყანაში იმყოფებოდა, გამართა დაახლოებით 9500 კონცერტი. საერთაშორისო პრესამ „სუხიშვილები“ „მერვე საოცრებად“ მონათლა.