ქალური ემანსიპაცია ქართულ კინოში

© gaiffნინო ბასილია
ნინო ბასილია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ბასილიას სოციალური დრამა „ანას ცხოვრება“ , რომელიც მონაწილეობდა კინოფესტივალში „ოქროს გარგარი“, მარტოხელა ქართველ დედაზე მოგითხრობთ, რომელიც სოციალური სირთულეების გადალახვას ცდილობს. ამერიკის ვიზა მისთვის გვირაბის ბოლოს სინათლის ტოლფასია.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ქართული კინო ყოველთვის გამოირჩეოდა შესანიშნავი და ნიჭიერი კინორეჟისორებით. ძველი მეტრების შემცვლელად ახალი თაობა მოდის. მათ შორისაა ნინო ბასილია, რომელმაც ერევანში თავისი სადებიუტო ნამუშევარი „ანას ცხოვრება“ წარმოადგინა, წერს „Sputnik სომხეთი“.

„ჩვენი კინემატოგრაფია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვაკუუმში იმყოფებოდა. ქვეყანას მძიმე პერიოდები ედგა, ამიტომ ჩვენ არა კინოზე, არამედ ლუკმა-პურსა და საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდით. დღეს კი ვითარება გაცილებით მშვიდია, ადამიანების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და მოვიდა დრო, ემოციები ხელოვნებაშიც გამოვავლინოთ“, — განაცხადა ბასილიამ.

„ანას ცხოვრებაში“ რეჟისორი გმირ-ქალზე მოგვითხრობს, რომელიც თვითგადარჩენისთვის იბრძვის და, ამასთან, ულმობელ და მკაცრ საზოგადოებას ეჯახება. ბასილია აღნიშნავს, რომ ამ წლებში ქართულ საზოგადოებაში ბევრი რამ შეიცვალა და ქართველი ქალები უფრო გაბედულები და თავისუფლები გახდნენ.

ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქართულ კინოში რეჟისორებისა და სცენარისტების 70% ქალია.

ბასილია იმედს გამოთქვამს, რომ „ანას ცხოვრება“ ძლიერი ქალის შესახებ ტრილოგიის პირველი ნაწილი გახდება. ამასთან, ავტორის თქმით, „ფილმი არა ფემინისტური, არამედ ქალური იქნება“.

ანა დემეტრაძე - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი „ანას ცხოვრება“ არგენტინის ფესტივალზე დააჯილდოეს

ფილმს საფუძვლად უდევს „ამერიკული ოცნების“ ძიება, რომელიც გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

„ბევრმა ქართველმა ქალმა დატოვა სამშობლო და უკან დაბრუნება ვერ შეძლო, რადგან ამერიკაში უკანონოდ მოხვდნენ. საქართველოში ჩვენ მათ „Skype-დედებს" ვეძახით, რადგან ისინი საკუთარ შვილებს Skype-ის საშუალებით ზრდიან“, — განაცხადა ქართველმა რეჟისორმა.

კინოკრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფილმი თავისი სტილით ძალზე ჰგავს ბელგიელი კინორეჟისორების, ძმები დარდენების მანერას.

„ეს ძალზე სასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ფილმები ჩემთვის შთაგონების წყარო არ ყოფილა. სინამდვილეში მე ჯონ კასავეტი, ნური ბიგლე ჯეილანი და ჯიმ ჯარმუში მიყვარს, მაგრამ ჩემ ფილმებში მათ გავლენას ძნელად იპოვით“, — განაცხადა მან.

ფილმის ფინალი კი ფედერიკო ფელინის “კაბირიას ღამეების“ დასასრულს მოგაგონებთ.

„ჩვენ ბოლო სცენა განვიხილეთ და მივედით დასკვნამდე, რომ ის იმედისმომცემი უნდა იყოს – ბრძოლა მომავლისთვის და სიახლეებისკენ ნაბიჯის გადადგმა“, — განაცხადა მან.

ბასილიას სიტყვებით, ფელინის ფილმთან მსგავსება შემთხვევით მოხდა, თუმცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ფილმის ფინალი არ შეცვლილიყო.

ყველა ახალი ამბავი
0