ვილნიუსის მცირე თეატრის „უფაქიზესი სიმები“

© თეატრალური ფესტივალი GIFT„ბიძიები და დეიდები“- ვილნიუსის თეატრის სპექტაკლი
„ბიძიები და დეიდები“- ვილნიუსის თეატრის სპექტაკლი - Sputnik საქართველო
გამოწერა

მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე  „საჩუქარი“ ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრმა წარმოადგინა ლიტველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იუზას ტუმას ვაიჟგანტასის ნაწარმოები „ბიძიები და დეიდები“, სადაც 1861-1863 წლების ლიტვური სოფლის ცხოვრებაა ასახული. სპექტაკლის რეჟისორი გახლდათ გაბრიელე ტუმინაიტე, რომელსაც მამის, აღიარებული შემოქმედის რიმას ტუმინასის თეატრალურ ფორმები არ გამოუყენებია და ცდილობდა საკუთარი განსაკუთრებული პოეტური სამყარო შეექმნა. 

რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი: ამ სპექტაკლში, პირველ რიგში ძალიან მაღალი დონის აქტიორული სკოლა ჩანს და რაც მთავარია, შესანიშნავი, გამომგონებლური რეჟისურა, სწორედ ისეთი, მე რომ მიყვარს; აქ ყველა სცენა შეთხზულია და მოფიქრებული, წინა პლანზე დგას თამაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  არ არის რაღაც განცდები და ტვინის ჭყლეტა. რიმას ტუმინასის შემოქმედება ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ მისი შვილის ნამუშევარიც ვნახეთ. ის ჩამოყალიბებული რეჟისორია, რომელიც პრინციპში მამამისის, რიმას ტუმნიასის ხაზს არ იმეორებს. მან თავის გზა მოძებნა და ეს ძალიან მომწონს. 

მსახიობი თამარ მამულაშვილი: მსახიობებს ერთი შტამპი არ ჰქონდათ. ეს იყო უფაქიზესად მოთხრობილი ამბავი, რომელიც იმდენად ჰარმონიულია და დახვეწილი, რომ ამ ისტორიას ეროვნება არა აქვს. აქ მთავარია, „რა“ და „როგორ“. მარტო სიყვარული არ არის, —აქ ხომ უფაქიზეს სიმებზეა საუბარი, რომელსაც ჩვენი ნიღბების ქვეშ ასე ოსტატურად ვმალავთ. ამ სპექტაკლში ეს სიმები გაშიშვლებულია და აშკარად ჩანს. უაღრესად კულტურულად მოთხრობილი ამბავია, სადაც თითოეული დეტალი  წარმოდგენის მთლიანობას ქმნის.

რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი: მინიმალისტური დეკორაციითა და იდეალური მუსიკალური გაფორმებით შეიქმნა ატმოსფერო. საერთოდ ასეთი ნაწარმოების დადგმა ძალიან რთულია, ვინაიდან აქ დამაჯერებლობას, ემოციურობას, პოეტურობას, რომატიკულობას უნდა მიაღწიო. ეს ყველაფერი იყო სპექტაკლში. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს წარმოდგენა მამამისის, რიმას ტუმინასის დახმარებით არ გაუკეთებია რეჟისორს, ვინაიდან გაბრიელე ტუმინაიტე  სხვა ფორმებს ეძებს. აქ ნახევრადზღაპრის, ნახევრადიგავის ფორმით მოწოდებული ამბავია და რეჟისორისთვის ამ ამოცანის გადალახვა რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს სირთულე დაძლია. ნაწარმოები თითქოს ფოლკლორული ჩანახატია, ამიტომ პრიმიტივიზმის იერს ატარებს და ეს ბუნებრივია. რამდენი სცენა იყო მახვილგონივრულად მოფიქრებული-თუნდაც ქალისა და მამაკაცის ეროტიკული სცენა, როგორი გემოვნებით იყო გაკეთებული,- უხამსობის კვალიც არ ეტყობოდა. თუნდაც გოგონას სიშიშვლე, რომელიც მის უმანკოებას გამოხატავდა. ამის გაკეთებას სცენაზე ძალიან დახვეწილი გემოვნება სჭირდება.

რეჟისორი გია კიტია: სპექტაკლში იგრძნობა ესთეტიკა, მაღალი კულტურა და ის თეატრალური ბუნება, რაც ჩვენ და ლიტველებს ერთმანეთს გვაახლოვებს. იმიტომ, რომ თუ ეს ბუნება შიგნიდან არ მოდის, მაშინ არაფერი გამოდის და ამათ გამოსდით იმიტომ, რომ თეატრალურობის შეგრძნება აქვთ. ძალიან სასიამოვნო, თბილი და გამჭვირვალე წარმოდგენაა. ჩვენ კინომსახიობთა თეატრში ვართ და მიხეილ თუმანიშვილი მახსენდება. ვინაიდან მის სახელთან დაკავშირებით უფრო ღრმა და დიდი შეგრძნებები გვაქვს. ვუყურებდი სპექტაკლს და სულ მეჩვენებოდა, რომ მიხეილ თუმანიშვილი თითოეულ სცენაში უფრო მეტს ჩადებდა. მთელ სპექტაკლში მოცემულია იმდენი, რაც თუმანიშვილთან შეიძლება, მარტო ერთ სცენაში დაგვენახა.როცა შემოქმედებითი პროცესის დროს რაღაც იბადება, ქართველები, თითქოს უფრო ხელგაშლილები არიან. ლიტველები ზოგავენ, ვინაიდან, მაინც დასავლეთის კულტურასთან გვაქვს საქმე. ამ სპექტაკლში სადა სუფრაა და არა სამსართულიანი. იცით, როგორი შეგრძნება დამრჩა? სუფრიდან ცოტა მშიერი რომ ადგები… ისე, ძალიან კულტურული სპექტაკლია, შესანიშნავი დასი: ყველა კარგად მუშაობს, ჩანს, რომ ყველას შესანიშნავი სკოლა აქვს გავლილი. უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, იყო თუ არა ეს სპექტაკლი უმაღლესი მათემატიკა…ძალიან კარგია, რომ ფესტივალზე ასეთი სპექტაკლები ჩამოიტანეს, ვთქვათ როგორიც იყო რიმას ტუმინასის „მადაგასკარი“, სადაც ის უფრო წყნარია, ვიდრე ვახტანგოვის თეატრის „ევგენი ონეგინში“.

მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე: ამ სპექტაკლს რომ ვუყურებდი, უფრო მეტს ჩადებდა ლიტველების სულს, მათ თეატრალურ ენას ვგრძნობდი. სიმართლე გითხრა, ეს არ არის ჩემი თეატრი, მაგრამ ლიტველმა მსახიობებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. წარმოდგენაში ძირითადი აქცენტი ტექსტზეა გამახვილებული, გამომსახველობითი საშუალებები ძალიან ძუნწია და ძალიან ძლიერი მსახიობები ჰყავთ. აი, თითქოს არაფერი ხდება, ხომ? მაგრამ ბოლოს ისე მოგდის თვალზე ცრემლი, რომ ვერ ხვდები რატომ, მაგრამ ცრემლი ხომ მოგდის? და ვინაიდან რაღაც მოგდის, ესე იგი, რაღაცა დაგემართა და თუ დაგემართა, ესე იგი კარგია…

 ახალგაზრდა რეჟისორი, გაბრიელე ტუმინაიტე წერს: „ჩვენ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი იუზას ტუმას ვაიჟგანტასის ეპოქას —როგორ ცხოვრობდა ის, როგორი იყო იმ თაობის ადამიანი, მწერალი, ხელოვანი.  ისინი იყვნენ ვაჟკაცურნი, საკუთარი ქვეყნის კულტურის განვითარებაში დარწმუნებულნი. ისინი, ვინც შემდეგ მსოფლიოს მოქალაქეები გახდნენ“.

 

ყველა ახალი ამბავი
0