მეგრული სიმღერის პატრიარქი - ძუკუ ლოლუა

© ხობის ხალხური სიმღერის მუზეუმის არქივიძუკუ ლოლუას გუნდი
ძუკუ ლოლუას გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა

 სოფო კაკაჩია

 დღეს ძუკუ ლოლუას სახელი, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის. ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, რომ ახალ თაობას გავაცნოთ ადამიანი, რომელსაც დასავლეთ საქართველოს ფოლკლორული სიმღერების შეკრების, შესრულებისა და მის პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.  ძუკუ ლოლუამ პირველი ქართულ-აფხაზური გუნდი შექმნა. ამ გუნდში მღეროდნენ:  მეგრელი, აფხაზი, გურული, იმერელი, სვანი მომღერლები. რეპერტუარში, მეგრულთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა აფხაზურ სიმღერებს, რომლებიც ძუკუმ სოფელ-სოფელ სიარულით შეაგროვა. ამ სიმღერებს იგი ხმის ჩამწერ აპარატზე — ფონოგრაფზე იწერდა. ძუკუმ პირველმა გამოიტანა სცენაზე აფხაზური „აბხიარცა“  „აჭარპანი“,  სვანური „ჭუნირი“ „ჩანგი“ მეგრული „ჩონგური“ და იმერული „დაირა“, მისთვის მიუღებელი იყო ხალხური სიმღერის თვითნებური გადაკეთება, თუმცა ძუკუ საბოლოოდ მაინც ვერ გაექცა ტრადიციულ შესრულებაში მიმდინარე ტენდენციებს. ის ხშირად მიმართავდა ე.წ. კონტამინაციას ანუ ერთი და იმავე სიმღერის სხვადასხვა ვარიანტების გაერთიანებას. ამის თვალსაჩინო მაგალითია მეგრული „მა დო ჩქიმი არაბა“,  ცეკვა „შარათინი“ და „ნადურის აბაშური და ქვალონური“ ვერსიები.

 მკითხველისთვის ალბათ საინტერესო იქნება ასეთი ადამიანის ბიოგრაფიული ფაქტების გაცნობაც. ძუკუ ლოლუა 1877 წლის 8 აპრილს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ქვალონში  აზნაურის ოჯახში დაიბადა. დედა იყო ძუკუს სიმღერის პირველი მასწავლებელი და ჩონგურზე დაკვრაც მან ასწავლა. პატარა ძუკუ გაჭირვების გამო სკოლაში არ დადიოდა და თავისი შრომით ეხმარებოდა ოჯახს. იგი რკინიგზაზე, ქარხნის საფეიქრო სახელოსნოში მუშაობდა, სადაც დაზგაში ფეხი ორჯერ მოჰყვა და თითები დაკარგა. 1891 წლიდან ძუკუ დედამ სასულიერო კარიერის სურვილით გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლ დადიანთან მიიყვანა, რომლის სასახლეში ცნობილი მგალობელ-მომღერლები: ანტონ დუმბაძე, დიმიტრი ჭალაგანიძე, ნესტორ კონტრიძე და სხვები იკრიბებოდნენ. მომავალი ლოტბარი განსაკუთრებით ორ მასწავლებელს — დიმიტრი ჭალაგანიძესა და მანუჩარ დგებუაძეს — ემადლიერებოდა. მალე ძუკუ თავის მხარეში ცნობილ მომღერალ-მგალობლად ჩამოყალიბდა. 1895 წელს მან უკვე ფოთის საეპარქიო სასწავლებელში გალობის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 

 ვაჟთა ანსამბლ „ოდოიას“ სოლისტი ვახო გოგილავა:

„მოგეხსენებათ, რომ ძუკუ ლოლუას  წვლილი მეგრული სიმღერებისა და ფოლკლორის განვითარება —პოპულარიზაციაში ფასდაუდებელი, განსაკუთრებული გახლავთ. ჩვენ გვაქვს რეპერტუარში მისი სიმღერა, ეს არის- „ სი ქოულუ ბატა“, რომელსაც ძალიან ხშირად ვასრულებთ. ამ ადამიანმა მთელი ეპოქა შექმნა. წარმოიდგინეთ, მან 5 000 —მდე საგალობელი იცოდა, რაც დამეთანხმებით, მის უსაზღვრო ნიჭიერებაზე მიუთითებს. ძუკუს აქტივისტობაში სდებდნენ ბრალს, რის გამოც დააპატიმრეს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძუკუს ციხის გარეთ მეტის გაკეთება შეეძლო, ეს ტვირთი საკუთარ თავზე  მისმა დამ აიღო ისე, რომ ამის შესახებ ძუკუმ არაფერი იცოდა. 

 მოხდა ისე, რომ 1896 წლის დეკემბერში  ქუთაისის თეატრში ძუკუმ მოისმინა ქართულ ხალხურ მომღერალთა გუნდის მიერ შესრულებული სიმღერები, რომელსაც სანდრო კავსაძე  ხელმძღვანელობდა. ძუკუ მოიხიბლა გუნდის ქართლ-კახური სიმღერებით, მაგრამ მეგრული სიმღერების შესრულებით უკმაყოფილო დარჩა და კონცერტის მეორე დღესვე გუნდის შექმნაზე ზრუნვა დაიწყო. ეს სურვილი მან დარია ფაღავასა და ალშიბაიების ოჯახის დახმარებით წარმატებით განახორციელა. პირველივე კონცერტი გუნდმა 1904 წლის 25 სექტემბერს წარმატებით ჩაატარა.  გუნდის რეპერტუარი მეგრული და აფხაზური სიმღერების გარდა გურული, იმერული, სვანური სიმღერებით გამდიდრდა. 1914 წელს გუნდმა საკონცერტო მოგზაურობა მოაწყო დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. დიდი პოეტის აკაკი წერეთლის იუბილეზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ძუკუ ლოლუას გუნდს თბილისში მიიწვიეს. 1917 წლის 26 აგვისტოს თბილისში კონცერტს მსმენელიც და პრესაც აღფრთოვანებით შეხვდა. 1924 წელს ძუკუ ლოლუა მოულოდნელად ტიფისაგან გარდაიცვალა 47 წლის ასაკში.

 მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მომღერალთა უკვე საქვეყნოდ ცნობილ კოლექტივს „ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის გუნდი“ ეწოდა. ძუკუ ლოლუამ დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა მრავალი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. მან დაგვიტოვა მრავალი ჩანაწერი, რომლებშიც დიდი  ნიჭიერება მჟაღავნდება. თავის ნაწერებში იგი იცავს ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, ხალხურ მუსიკას საკომპოზიტორო ხელოვნების „ორეულად“ მიიჩნევს. 

 შეგახსენებთ, რომ ხობში დღეს ფუნქციონირებს ძუკუ ლოლუას სახელობის ხალხური სიღერის მუზეუმი, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. მუზეუმში დაცულია სიმღერის საერთაშორისო ფესტივალების უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალები, სანოტო კრებულები, ქართული ხალხური  საკრავები, ეროვნული სამოსი და ცნობილ ლოტბართა საინტერესო დოკუმენტები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0