"საბჭოთა კავშირში ლიტვა და საქართველო, ორი ძლიერი თეატრალური სახელმწიფო იყო"

გამოწერა

 მანანა ტურიაშვილი

 ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ — „საჩუქარზე“ — ვილნიუსის სახელმწიფო მცირე თეატრმა, წარმოადგინა რეჟისორ რიმას ტუმინასის სპექტაკლი „მადაგასკარი“, რომელიც  უკვე აღიარებული ავტორის, მარიუს ივაშკიავიჩუსის ნაწარმოები უდევს საფუძვლად. ინტერნეტის მონაცემებით, ეს სპექტაკლი დადგეს 2004 წელს. ამ ავტორის დრამატურგიული დებიუტი შედგა 1998 წელს. მის ნაწარმოებებს დგამს ასევე აღიარებული ბალტიისპირელი რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი, რომლის შემოქმედებასაც კარგად იცნობს ქართველი მაყურებელი. 42 წლის ავტორის ნაწარმოებები მრავალ უცხო ენაზეა თარგმნილი, ამიტომ რაოდენ გულდასაწყვეტია, „მადაგასკარის“ პირველ მოქმედებას ყურსასმენი აპარატის გაუმართაობის გამო თითქმის ვერ მოვუსმინეთ. მაგრამ სპექტაკლზე იყვნენ ადამიანები, ვისაც გაუმართლა და ამ მშვენიერი სანახაობის თავიდან ბოლომდე ნახვა მოახერხა. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მაყურებელი წარმატებულ სპექტაკლს ულოცავდა ლიტველ რეჟისორს, რომელმაც შეხვედრაზე მიმართა, როგორც ქართველ, ასევე იქ დამსწრე ლიტველ მსახიობებს.

 რეჟისორი რიმას ტუმინასი — უკვე  რამდენიმე დღეა საქართველოში ვარ და მიხარია, რომ ლიტველებს ის თეატრი მასპინძლობს, ვისი სახელობის პრიზიც შარშან მომცეს — მიხეილ თუმანიშვილს ვგულისხმობ. ოდესღაც მე მინახავს მისი სპექტაკლი და სასიამოვნოა, რომ ამ თეატრის ძალისხმევით ჩამოვედით. ლიტველებისთვის ახლობლები ხართ და მეჩვენება, რომ ოდესღაც აქ ვიყავით, ვინაიდან ლიტველებს და საქართველოს ჰყავთ მსახიობების შესანიშნავი პლეადა — ეს იყო ორი ქვეყანა, ორი რესპუბლიკა, რომლითაც აღფრთოვანებული იყო მთელი საბჭოთა კავშირი და უცხოეთიც. ეს ეხება კინემატოგრაფსაც. ეს იყო ორი ძლიერი, თეატრალური სახელმწიფო. მიხარია, რომ ვერთიანდებით და ისევ შეგვიძლია  პარტნიორობა, შემოქმედებითი მეგობრობა, ერთმანეთის მონახულება. 

 თეატრმცოდნე მაია მამალაძე — „მადაგასკარის“ სახით  სპეციფიკურ და იმავე დროს გლობალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ლიტვური ხელოვნება სპეციფიკურია, მაგრამ მე მგონია, რომ თეატრალური ფესტივალები იმიტომ არის კარგი, რომ სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხების თეატრალურ ხელოვნებას გვაცნობენ. მარიუს ივაშკიავიჩუსის გახმაურებული პიესა ჩვენთვის — ქართველებისთვის — უჩვეულოდ ახლობელია, ვინაიდან ეს არის ნაციონალური დამოუკიდებლობის  დაკარგვის ისტორია. ამბავიც პირველ მსოფლიო ომამდე იწყება. თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენ ვნახეთ თომას ოსთერმაიერის უნივერსალური ხელოვნება — „ხალხის მტერი“. ჩვენ, საქართველო და ლიტვა, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ვართ, მძიმე ცხოვრება გავიარეთ. გავრცელებული აზრია, რომ ევროპის  ქვეყნები ბედნიერად ცხოვრობენ და ჩვენ უბედური ქვეყნების რიცხვს მივეკუთვნებით. ლევ ტოლოსტოი ამბობდა „Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по-своему“, ამიტომ ჩვენც და ლიტველებიც თავისებურად უბედურები ვართ. ამ საღამოს, ქართველმა მაყურებელმა დაინახა ლიტვური უბედურების ისტორია, რომელიც ჩვენთვის ახლობელია. რითი გამოირჩევა ეს სპექტაკლი?.. უჩვეულო ირონიით და ეს  დიდ გმირობად მიმაჩნია, ვინაიდან ამ დროს შენს ისტორიაზე მაღლა დგები და მას გვერდიდან უყურებ.

 — მე მგონია, რომ ქართველებს არ შეუძლიათ ასეთი სიმწვავით, ასეთი გაშიშვლებით შეხედონ თავიანთ თავს გვერდიდან, როგორც ეს რიმას ტუმინასმა და მისმა დასმა შეძლო…

 - ეს სპექტაკლი არის თითქოს ტრაგიკომედია. ჩვენ ვხარხარებთ, როგორც კომედიაზე და ბოლოში ვხვდებით, რომ თურმე ადამიანისა და ხალხის ტრაგედიას ვუყურებდით. ადამიანის ტრაგედია, ხალხის ტრაგედიაზე უფრო მნიშვნელოვანია; ანუ რისი თქმა მინდა — ხალხი, ერი ბედნიერი ვერ იქნება, თუ ერთი ადამიანი მაინც იქნება უბედური. ისე, ცოტა ფემინისტური სპექტაკლია…

 - მე მგონია, რომ მთავარი გმირი ქალი — ეს სამშობლოს სიმბოლოც არის.

 - ვერ დაგეთანხმებით, თუ გახსოვთ — მისი შეყვარებული, ამ სპექტაკლის მთავარი გმირი ამბობს: „თქვენს პოემებში გამოხატეთ სამშობლო…“ და ის ქალი პაუხობს: „ვერაფერი გაგიგიათ — ეს მე ვარ!“

 ლიტველებმა გვითხრეს, რომ სამშობლოში უნდა შეიქმნას ადამიანის ბედნიერების პირობები, ამის გარეშე ქვეყანა ბედნიერი ვერ იქნება. ნაციონალურობა ეს გონებაჭვრეტითი რამ არ არის. ერი — ეს ცალკეული ადამიანის ბედნიერებაა. აქ ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც მბოდვარე იდეები, რომლებიც მთავარი გმირის — კაზიმირის თავში ტრიალებს. მას, ხომ აბსურდული იდეა აწუხებს — მადაგასკარში რაღაც განსაკუთრებული ლიტვის აშენება უნდა — თავისი შინაგანი სამყაროთი.

 მე მეჩვენება, რომ რიმას ტუმინასმა ამ სპექტაკლით გვითხრა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ჩვენს ფესვებს უნდა დავეწაფოთ. ვინ არის კაზიმირი? ვინ არის მთავარი მოქმედი გმირი ქალი, რომელიც თურმე პოეტი ყოფილა? სწორედ ამ ქალშია სულიერი სიმდიდრე. გახსოვთ, რას ეუბნება შეყვარებული? რომ ის მის ნაციონალურ იდეაში ვერ ჩაეტია. სპექტაკლის ბოლოს, იბსენის „პერ გიუნტის“  ან „ოდისეას“ მსგავსი მარადიული ისტორია გაგიელვებთ თითქოს — ოცნება სამშობლოზე და ქალზე, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა და აი, მამაკაცს ეწვია ბედნიერება და ეს ბედნიერება ვერ შეიგრძნო. მან თავისი ე. წ. მაღალი იდეის განხორციელებას შესწირა ყველაფერი და დაკარგა სამშობლოს დამოუკიდებლობა — ამის ნიშანად ფარაჯაში ჩაცმული მამაკაცები მოვიდნენ და ეს ქალი საკაცით გაიყვანეს და გასაგებია, რომ ყველაფერი ომით დამთავრდა. ეს არის ალუზია ლიტვის ისტორიაზე. აქ ძალიან მნიშნელოვანია სიტყვა, ის არაჩვეულებრივია, კარგად არის თარგმნილი და თავისი სიძლიერე დაკარგული არა აქვს. 

 — მე მგონია, რომ ეს თვითგამორკვევაც იყო…

 — თუ ადამიანს არ ახსოვს თავისი ისტორია, არ იკვლევს მას, ის დღევანდელ დღესაც ვერ გაიგებს. და საბოლოოდ, მას თავისი თავის გაგებაც არ შეუძლია და ის, ჩემი აზრით, ადამიანიც არ არის — „მე ვაზროვნებ, ესე იგი მე ვარსებობ“. მე ვიცი ჩემი ისტორია — ესე იგი მე მოქალქე ვარ, ადამიანი ვარ.

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა დოლიძე - ძალიან მომეწონა „მადაგასკარი“ და განსაკუთრებით ფინალი, როცა გაირკვევა წარმოდგენის ნამდვილი არსი. ეს არის თანამედროვე „ოდისეა“ — სამშობლოში დაბრუნება. ეს თემა წარმოდგენის მსვლელობის დროს თითქოს დაფარულია და ბოლოს აღმოაჩენ, რომ ჩვენ ვუყურებდით „ოდისეას“ ლიტვურ ვარიანტს. ეს ანტიკური თემა დღემდე მუსირებს საზოგადოებაში. როცა ამის შესახებ  რიმას ტუმინასს ვუთხარი, მან მიპასუხა — ზუტად გამოიცანიო.

  ჩემი აზრით, 2014 წლის ფესტივალ „საჩუქარის“ გვირგვინი იყო ლიტველი რეჟისორის — რიმას ტუმინასის სპექტალი ჩეხოვის „ძია ვანია“. ეს წარმოდგენა მოსკოვის ვახტანგოვის თეატრმა მუსბუქი იუმორითა და ირონიით წარმოადგინა. შინაგანი ტრაგიზმითა და დრამატიზმით სავსე სპექტაკლში გაიჟღერა ადამიანთა არსებობის იმ მოდელმა, სადაც ფსიქიკის დამანგრეველი ძალები მძლავრობენ და სადაც მათ მარწუხებში მოქცეულ ძია ვანიასა და სონიას მშვიდი ცხოვრება არ უწერიათ და ვერც საკუთარი ცხოვრების ავტორები ხდებიან.,,კაცობრიობის პროგრესს ასტროვის მსგავსი ტალანტები წარმართავენ“,- გვეუბნება ჩეხოვი და რიმას ტუმინასიც ანუ მარტოხელა მგლები, რომელნიც ადამიანთა მიერ შექმნილ ბნელ ქაოსში უკუნეთს ნათელ მთავრესავით ანათებენ. თვით რიმას ტუმინასმა პირად საუბარში გვითხრა, რომ მისი „ევგენი ონეგინი“, „ძია ვანიაზე“ უკეთესია. შეგახსენებთ, რომ დღეს, ხვალ და ზეგ ქართველი მაყურებელი დიდი ლიტველი რეჟისორის,- რიმას ტუმინასის სპექტაკლს „ევგენი ონეგინს“ იხილავს და როგორც ამბობენ, ბილეთები სამივე სპექტაკლზე უკვე  გაყიდულია.

 


 

 

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0