ორგანიზაცია Art Renewal Center-ის კონკურსის გამარჯვებული პირველი ქართველი მხატვარი

გამოწერა
ბრუნო ვეფხვაძე ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. ამ სფეროში უკვე 12 წელია მოღვაწეობს და არაერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სულ ახლახან ცნობილი გახდა რეალისტური ფერწერის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის Art Renewal Center-ის მიერ ჩატარებული მე-12 საერთაშორისო კონკურსის შედეგები. ნატურმორტის განხრით სამეულში მოხვდა ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევარი. ეს ფაქტი იმითაცაა გამორჩეული, რომ ამ საერთაშორისო კონკურსის არსებობის მანძილზე ეს საქართველოდან წარდგენილი ქართველი მხატვრის პირველი ნამუშევარია. 8 ნოემბერს ცნობილი გახდა კონკურსის საბოლოო შედეგები, რაც ჩვენს მკითხველს შეუძლია კონკურსის ოფიციალურ საიტზეც იხილოს.

ჩვენ დავუკავშირდით ბრუნოს და პირველმა მივულოცეთ გამარჯვება.

მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე - Sputnik საქართველო
XIX საუკუნის თბილისში "გაქცევა“ და 2000 წლის წინანდელი ,,მშობლიური“ რომი

– ბრუნო, გილოცავთ ამ სერიოზულ კონკურსზე გამარჯვებას…

— დიდი მადლობა. სხვათა შორის, დიდხანს ვოცნებობდი, რომ ამ კონკურსში თუნდაც უბრალოდ მონაწილეობა მიმეღო. წელს, გაზაფხულზე კი მოვახერხე და ჩემი ნამუშევარი ნატურმორტის კატეგორიაში მონაწილეობის მისაღებად პირველად გავგზავნე. საერთო ჯამში, მთლიან კონკურსში (ყველა კატეგორიაში) მონაწილეობა დაახლოებით 3000-მა ნამუშევარმა მიიღო. პირველი ტური სექტემბრის დასაწყისში ჩატარდა, სადაც ათასამდე ნამუშევარი აარჩიეს. უფრო კონკრეტულად — 63 ქვეყნის 660 ფინალისტი მხატვრის 1006 ნამუშევარი. ნატურმორტის კატეგორიაში, რომელშიც მე ვიღებდი მონაწილეობას, 171 ნამუშევრიდან ჩემი ნახატი გამარჯვებულ სამეულში მოხვდა.

© Bruno Vepkhvadzeბრუნო ვეფხვაძე: ნატურმორტის კატეგორიაში 171 ნამუშევრიდან ჩემი ნახატი გამარჯვებულ სამეულში მოხვდა
ბრუნო ვეფხვაძე: ნატურმორტის კატეგორიაში 171 ნამუშევრიდან ჩემი ნახატი გამარჯვებულ სამეულში მოხვდა - Sputnik საქართველო
ბრუნო ვეფხვაძე: ნატურმორტის კატეგორიაში 171 ნამუშევრიდან ჩემი ნახატი გამარჯვებულ სამეულში მოხვდა

 

– რატომ აარჩიეთ ეს კონკურსი და რამდენი ხანია, რაც ეს ამერიკული ორგანიზაცია ასეთ კონკურსს ატარებს?

— Art Renewal Center ამ განხრით მსოფლიოში რეალისტური ფერწერის უმსხვილესი და წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი არსებობის შესახებ წლების წინ შევიტყვე. ხშირად ვსტუმრობდი მათ ვირტუალურ მუზეუმს, სადაც ისეთი მხატვრების ნამუშევრები იყო, რომლებსაც ჩვენი წიგნის მაღაზიებში ვერ იპოვიდი. ორგანიზაცია, რომელიც რეალისტურ და კლასიკურ ფერწერაზეა ორიენტირებული, ამ მიმდინარეობის დაცვასა და განვითარებას ისახავს მიზნად. ამისთვის შექმნილი აქვს უდიდესი ვირტუალური მუზეუმი, სადაც ოსტატების ასიათასობით ძველი ნამუშევრებია გამოფენილი. ორგანიზაცია ნიჭიერი სტუდენტების სწავლას აფინანსებს და უკვე 12 წელია, რაც რეალისტურ ფერწერაში, გრაფიკასა და ქანდაკებაში ფერწერის საერთაშორისო კონკურსს ატარებს. ფერწერის განხრით კონკურსი ტარდება რამდენიმე კატეგორიაში: კომპოზიცია, ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი და ანიმალისტიკა. ბოლოს მინდა დავამატო, რომ ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა ეს წარმატება და მადლობას ვუხდი ამ ორგანიზაციას, რომ ამ კონკურსში მონაწილეობის შანსი მომეცა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსში გამარჯვებული მხატვარი ბრუნო ვეფხვაძე ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის მეოთხე თაობის წარმომადგენელია. ამ სფეროში უკვე 12 წელია მოღვაწეობს და არაერთ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2015 წელს ვეფხვაძეების ნიჭიერმა დინასტიამ „ქარვასლაში“ გამოფენა გამართა სახელწოდებით “ჩვენი თბილისი და საქართველო". 15 ნოემბერს კი, 18:00 საათზე „ქარვასლაში“ ბრუნოს მამის, ცნობილი მხატვარის ჯოვანი ვეფხვაძის პერსონალურ გამოფენა გაიხსნება.

ბრუნო ვეფხვაძე იტალიაში მსოფლიოს 100 საუკეთესო ახალგაზრდა მხატვართა შორისაა დასახელებული.

ყველა ახალი ამბავი
0