სპილოებს, თურმე, ადამიანებივით ბებიები ჰყოლიათ

© FL/ Nigel Swalesახალგაზრდა სპილოები 15 წელი ცხოვრობენ მშობლებთან ერთად და მხოლოდ მერე ქმნიან საკუთარ ოჯახებს
ახალგაზრდა სპილოები 15 წელი ცხოვრობენ მშობლებთან ერთად და მხოლოდ მერე ქმნიან საკუთარ ოჯახებს - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღევანდელი თემის გათვალისწინებით, წესით, ჩვენს აივნამდე მომავალ წიკლაურის აღმართზე სპილოებზე წამოსკუპებულები უნდა ამომეყვანეთ, მაგრამ… სპილოებმა ასე თქვეს, დღეს, 22 სექტემბერს,  ჩვენი დაცვის საერთაშორისო დღეაო  (World Day of elephants) და ამ ქვაფენილზე ფეხებს თუ არ დაგვამტვრევთ, ნამეტანი მადლობელი ვიქნებითო.

ამიტომაც  ამ იდეაზე უარი ვთქვი და უფრო მეტიც, ჩვენს დღევანდელ იუბილარებს,  სპილოებს, სპეციალური ლექსიც კი მივუძღვენი:

„გაგიგონიათ სპილოს ვინმესთვის რომ ეკბინოს?

აგრესიული სპილო — ეს არის სასაცილო“.

© FL/ Alias 0591სპილოების ყველაზე დიდი მტერი ადამიანია მისი ძვირადღირებული ეშვების გამო
სპილოების ყველაზე დიდი მტერი ადამიანია მისი ძვირადღირებული ეშვების გამო - Sputnik საქართველო
სპილოების ყველაზე დიდი მტერი ადამიანია მისი ძვირადღირებული ეშვების გამო

სპილო მართლაც საოცარი ცხოველია — კეთილი და ღირსეული. ის ხმელეთზე ბინადარ ცხოველებში ყველაზე დიდია. სპილოები თავის დროზე ხმელეთის უდიდეს ნაწილზე მეფობდნენ, დღეს კი ბუნებრივ პირობებში შემორჩნენ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ტროპიკულ ტყეებსა და სავანებში, რადგანაც იყო დიდი, სულაც არ ნიშნავს, რომ თავდაცვა იცოდე.

ზოგჯერ პირიქით ხდება ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენს უპირატესობას ბოროტად არ იყენებ. სხვანაირად რომ იყოს, როგორც დიდმა კიპლინგმა თქვა, ჯუნგლების მეფე ლომი კი არა, სპილო იქნებოდა.

უძველესი დროიდან სპილოებს პატივს სცემდნენ და აღმერთებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების რელიგიასა და კულტურაში. სპილო ყოველთვის  მიიჩნეოდა სიბრძნის, სიმშვიდის, დიდებისა და სიკეთის სიმბოლოდ. ისინი მუდამ გვერდში ედგნენ ადამიანებს, მონაწილეონდნენ მათთან ერთად ბრძოლებში, ეხმარებოდნენ მშენებლობაში, ტვირთების გადაზიდვაში… დღესაც კი, ტურიზმის ხარჯზე რომ არსებობენ, ბევრი იმ ქვეყნის კეთილდღეობა დამოკიდებულია სწორედ სპილოებზე. ტაილანდსა და ინდოეთში  სპილოები  ყველა დღესასწაულში მონაწილეობენ.

ადამიანი და ცხოველი — ხელი ხელს - Sputnik საქართველო
„თუ თვალს ცრემლი არ მოადგა, სულში ცისარტყელას რა გააჩენს?“ — ინდიელთა სიბრძნე

ბუნებრივია, იბადება შეკითხვა: ასეთ დიდ და ბრძენ სპილოს ვინ ჰყავდა ამდენად დაუნდობელი მტერი, რომ მისი რიცხვი იმდენად შემცირდა, რომ ისინი დაცვას საჭიროებენ? ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ეს მტერი იყო ადამიანი!  

მათზე ნადირობდნენ ხორცისა და  ძვირადღირებული ეშვების გამო, რომლისგანაც ამზადებდნენ სამკაულებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. სწორედ ამ მიზეზით, დღეს აფრიკული სპილოები გადაშენების გზაზე დგანან. მათი საერთო რაოდენობაა სულ 500-600. აზიური სპილოების რიცხვი კი ძლივს აღწევს 30 ათასს.

1989 წელს გაეროს გადაწყვეტილებით, აიკრძალა საერთაშორისო ვაჭრობა სპილოს ეშვებით. ზოგიერთ ქვეყანაში კი სპილოს მოკვლა სიკვდილით ისჯება.

CC BY 2.0 / Flickr / jinterwas / Three elephant's curly kissesსპილოებში გაბატონებულია მატრიარქატი — ერთ თემში 30-მდე დედა სპილო ცხოვრობს სპლიყვებთან ერთად.
სპილოებში გაბატონებულია მატრიარქატი — ერთ თემში 30-მდე დედა სპილო ცხოვრობს სპლიყვებთან ერთად. - Sputnik საქართველო
სპილოებში გაბატონებულია მატრიარქატი — ერთ თემში 30-მდე დედა სპილო ცხოვრობს სპლიყვებთან ერთად.

სპილოები ბევრ რამეში გვანან ადამიანებს. ისინი ქმნიან ოჯახებს, რამდენიმე ოჯახი კი თემში ერთიანდება, რომლის მეთაურია ბებერი, მაგრამ გამოცდილი სპილო-მანდილოსანი. საერთოდ, სპილოებში გაბატონებულია მატრიარქატი. ერთ თემში დაახლოებით 15-დან 30-მდე დედა სპილოა, თავისი სპლიყვებით. მამრი სპილოები კი მთელ დღეებს ოჯახისათვის საკვების ძებნაში ატარებენ. არადა, როგორია დღეში 15-20 საათის განმავლობაში საკვების ძებნა? მაგრამ სხვა გზა არ არის, რადგანაც დღეში სპილოს ჭირდება 40-დან 450 კგ-მდე  მცენარეული საკვები და 100-დან 300 ლიტრამდე წყალი.

ახალგაზრდა სპილოები 15 წელი ცხოვრობენ მშობლებთან ერთად და მხოლოდ მას მერე ქმნიან საკუთარ ოჯახებს. სხვათა შორის, სპილოს საკმაოდ ხანგრძლივი ფეხმძიმობა აქვს — მთელი 22 თვე და ახლადშობილი სპილო სადღაც 120 კილოგრამს იწონის.  სოლიდური წონის მიუხედავად, სპლიყვები ძალიან დაუცველები არიან (როგორც ჩანს, სპილოებს ეს თვისება ბავშვობიდან მოსდევთ) და ამიტომაც მშობელი სპილოები განსაკუთრებული ყურადღებით,  მზრუნველობითა და სითბოთი გამოირჩევიან.

გორილა კოკომ ეს-ესაა შეიტყო მეგობრის, რობინ უილიამსის გარდაცვალების ამბავი - Sputnik საქართველო
ამბავი მოლაპარაკე გორილისა – კოკოს უყვარს, უხარია, ხუმრობს და ადამიანს დასტირის

ახლა კი რასაც გეტყვით, მართლა საოცრებაა: ცნობილი პროფესორი ფილის ლი, რომელიც წლების განმავლობაში სწავლობდა სპილოების ცხოვრებას კენიის ეროვნულ ზოოპარკში, ამტკიცებს, რომ სპილოებში არსებობს „ბებიების ინსტიტუტი“ და ის მდედრი-სპილო, რომელსაც  ცოცხალი ჰყავს დედა ან დედამთილი,  როგორც წესი, მათი იმედით, მეტ სპლიყვებს აჩენს.

თურმე, სპილოებშიც, ადამიანების მსგავსად,  არსებობენ ცაციები, რაც „სპილოურ“ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ისინი უფრო აქტიურად იყენებენ მარცხენა ეშვს. ოღონდ, ადამიანისგან განსხვავებით, ამას პირველივე შეხედვით შენიშნავ, რადგანაც მარცხენა ეშვი მარჯვენაზე უფრო გაცვეთილია. 

კიდევ კარგი, ადამიანებში ასე არ არის, თორემ პირადად მე მარჯვენა ხელი აღარ მექნებოდა, რადგანაც ძალიან მიყვარს წერა. 

რაც შეეხება ხორთუმს, რომელიც სპილოსთვის ერთდროულად ტუჩებიცაა და ცხვირიც, ის 500 კუნთისგან შედგება და მის სწორ ხმარებას სპლიყვი მთელი 2 წლის განმავლობაში სწავლობს. ხორთუმს კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი გამოყენება აქვს: სპილოები ერთმანეთს სწორედ ხორთუმებით ეხუტებიან და თუკი რომელიმეს გაუჭირდა, სწორედ ხორთუმს უწვდიან დასახმარებლად ისე, როგორც ადამიანები ხელს და გულს.

სპილოებს ძინავთ ფეხზე და ძილის დროს ეშვებსაც ეყრდნობიან.

მიუხედავად იმისა, რომ სპილოებს „სქელკანიანებს“ ეძახიან, ისინი ძალიან ემოციური ცხოველები არიან და მძიმედ განიცდიან არა მხოლოდ ახლადშობილი სპლიყვის, არამეს თემის ნებისმიერი წევრის სიკვდილს. მთელ სამყაროში, ადამიანების გარდა,  მხოლოდ სპილოებს აქვთ ე.წ. გასვენების რიტუალი. ისინი ჯერ ხორთუმებით ცდილობენ დაღუპული სპილოს ფეხზე წამოყენებას და როდესაც ხვდებიან, რომ ეს შეუძლებელია,  ხორთუმებით გამოსცემენ საყვირის მსგავს სამგლოვიარო ხმებს, შემდეგ კი მას ხორთუმებითვე ტოტებსა და მიწას აყრიან.

სამაგიეროდ, კარგ განწყობაზე მყოფი დიდი სპილოებიც კი არ ერიდებიან აღფრთოვანების გამოხატვას და იცინიან კიდევაც!

გამოდის, რომ სპილო, თავისი ზომა-წონისა და  მოჩვენებითი მკაცრი შეხედულების მიუხედავად, საოცრად ნაზი არსებაა, რომელსაც მართლა განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება.

პანდა - Sputnik საქართველო
პანდა სახელად ლინ პინი და მისი დიპლომატი ნათლია

ბოლოს კი ძალიან გთხოვთ სულ ორ რამეს. პირველი: თუ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ვინმეს გაგიჩნდათ სპილოს შეძენის სურვილი, კარგად დაფიქრდით, რადგანაც მას სჭირდება დღეში 10 კილო სტაფილო, 30 კილო თივა და 10 კილო პური, არაფერი რომ აღარ ვთქვათ ვიტამინებზე A და D და  საცხოვრებელ ფართზე; მეორე ჩემი თხოვნა კი შემდეგში მდგომარეობს: არასდროს შეადაროთ მოუქნელი ადამიანი სპილოს, რადგანაც სპილო სინამდვილეში საოცრად ფრთხილი, აკურატული და  გრაციოზულია და ადამიანზე უფრო ლამაზად  ახერხებს წინააღმდეგობებისთვის გვერდით ავლას.

ტყუილად კი არ სცემენ ვეფხვები პატივს (ხაზს ვუსვავ, კი არ ეშინიათ, პატივს სცემენ) მხოლოდ სამ ცხოველს: ლომს, სპილოსა და ჰიპოპოტამს.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და სპილოსავით მშვიდ და კეთილ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0