ქართველი, რომელმაც კარიბის ზღვის კუნძულის ეკოლოგიაზე იზრუნა

© FB/Nika Magradzeნიკა მაღრაძე კუნძულზე
ნიკა მაღრაძე კუნძულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკაში, ილინოისის შტატში სამი ქართველი ძმა: ნიკა, ლევანი და სანდრო მაღრაძეები ცხოვრობენ. ისინი მარტო რაინდული გარეგნობით არ გამოირჩევიან, სამივე ნიჭიერი ადამიანია და თანატოლებში საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს.

ის, რომ ბავშვობის მერე ამერიკაში ცხოვრობენ, ქართულად საუბრობენ და ქართველობენ, დედის – ქართველი მწერლის, მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერის დამსახურებაა. საქართველოში ბიჭები „ამერიკელებად“ მონათლეს, ხოლო ამერიკაში, სკოლასა თუ მეგობრების წრეში, მათ „ჯორჯიანს“, ანუ ქართველებს ეძახიან. დღეს ამ ძმებისგან ერთს – ნიკა მაღრაძეს გაგაცნობთ. ის მღერის, ხატავს, მუსიკას წერს და ამ ნიჭის წყალობით, ამერიკულ „ტალანტ-შოუშიც“ კი გაიმარჯვა.ზაფხულში კი ერთ მნიშვნელოვან, მე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივ მისიას ასრულებდა.

- ნიკა, ამერიკაში ბავშვობის მერე ცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად გახდით ამერიკელი?

— რვა წლის ვიყავი, როცა ამერიკაში ჩამოვედით. ახლა 20-ის ვარ. დიდი ხანია, რაც სხვა ქვეყანაში ვართ, მაგრამ მაინც ქართველად ვრჩებით და სულით ყოველთვის დავრჩებით. ქართულად კითხვა და წერა შემიძლია, მაგრამ ხანდახან მიჭირს. სანამ ემიგრანტი გავხდებოდი, ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა მე და ჩემს ძმებს ქართული კულტურა და ენა შენარჩუნებული გვაქვს იმიტომ, რომ დედაჩემი, მაკა კვერენჩხილაძე, ყოველთვის გვასწავლიდა და გვეხვეწებოდა, რომ ქართულად გველაპარაკა. ასე რომ, ამერიკაში ქართველობა რომ შევინარჩუნეთ, ამისთვის დედაჩემის მადლობელი ვართ… 

© FB/Nika Magradzeოჯახთან ერთად
ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ოჯახთან ერთად

- ნიჭიერი ადამიანი ხართ: მღერით, ხატავთ, მუსიკაც კი დაწერეთ და ისიც ვიცი, რომ ამერიკულ „ტალანტშოუში“ გაიმარჯვეთ… 

— ხატვით ბავშვობაში უფრო მეტს ვხატავდი, თანაც, ყველაფერს: ადამიანებს, ცხოველებს, აბსტრაქტულ ფიგურებს… სკოლაშიც ვხატავდი, მაგრამ უფრო ისე, ჩემთვის. როცა დედაჩემმა მუსიკის გაკვეთილებზე წამიყვანა, მუსიკის წერა მერე დავიწყე. უფრო ღამე ვწერდი: გოგოებზე, სიყვარულზე ან ცხოველებზე… ჩემი ოჯახი უმეტესად, უსმენდა და აფასებდა. სკოლის სცენაზე ოთხ სპექტაკლში ვიყავი დაკავებული. ორ მათგანში: “Thoroughly Modern Millie”-ში და “Intothe Woods”-ში ვიმღერე კიდეც. რაც შეეხება ამერიკულ „ტალანტშოუს“, მასში იმიტომ მოვხვდი, რომ ჩემი კოლეჯის ბავშვებმა ამირჩიეს, რომ შოუს მონაწილე ვყოფილიყავი. ამ შოუში ჩემი დაწერილი სიმღერა ვიმღერე და მე და ჩემმა შეყვარებულმა ვიცეკვეთ კიდეც. ყველას მოეწონა და შოუს მეორე ადგილზე გავედი. 

© FB/Nika Magradzeრაგბის თამაშის დროს
რაგბის თამაშის დროს - Sputnik საქართველო
რაგბის თამაშის დროს

- გარდა შემოქმედებისა, სპორტშიც წარმატებული ხართ, რაგბიში წამყვან ძალას წარმოადგენთ. 

— რაგბის თამაში კოლეჯში სწავლის დროს დავიწყე. როცა რაგბის მოედანზე პირველად დავდექი და ბურთით გავირბინე, ეგრევე მივხვდი, რომ ეს სპორტის ჩემი სახეობა იყო. მერე ქართველებისგან გავიგე, რომ რაგბი, ანუ ლელო-ბურთი ქართული თამაშია და ამაყი გავხდი. მეორე წელია, რაც რაგბის ვთამაშობ და ყოველდღე უფრო და უფრო კარგად გამომდის. 

- ნიკა, მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული ხართ, ჩართული ხართ ე.წ. „ლიდერშიფობაში“, ანუ, როგორც ლიდერი, სხვადასხვა საქმეში სხვებს ეხმარებით… მაინტერესებს, რას ნიშნავს თქვენთვის, ანუ ამერიკაში მცხოვრები ქართველისთვის, იყო ლიდერი? 

— ლიდერობა ყველა სიტუაციაში ყველას გაგებას ნიშნავს. ლიდერს საკუთარი ემოციის კონტროლი და თვითკრიტიკა უნდა შეეძლოს. უნდა იცოდეს, თუ როგორ უპასუხოს გამოწვევას და ნებისმიერ შეჯიბრებაში გამარჯვებული დარჩეს. ყველას პატივისცემა უნდა ჰქონდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმე არ მოგწონს, მას ცუდად არ უნდა მოეპყრო. ლიდერმა ყოველთვის მართალი გზა უნდა აირჩიოს, თუნდაც იცოდეს, რომ ეს გზა უფრო რთულია.  

© FB/Nika Magradzeამერიკულ "ტალანტშოუში"
ამერიკულ ტალანტშოუში - Sputnik საქართველო
ამერიკულ "ტალანტშოუში"

-ამ ზაფხულს თურმე ერთი ნაკრძალის უფროსი იყავით და მის ეკოლოგიაზე ზრუნავდით, რაში გამოიხატებოდა ნაკრძალის უფროსობა, რა გევალებოდათ? 

— ამ ზაფხულს კარიბის ზღვის ერთ კუნძულზე (St. Eustatius) ვიყავი. ჩემი როლი მნიშვნელოვანი იყო, მის ეკოლოგიაზე უნდა მეზრუნა. როცა ამ კუნძულზე ჩავფრინდი, ერთი კვირის მერე, ნაკრძალის მცველებმა თავისი სამსახური დაამთავრეს, ამიტომ მათი ფუნქცია მე ვიკისრე. ორი თვის განმავლობაში ნახევარი კუნძულის ეროვნულ პარკებს მოვუარე, მათ ვასუფთავებდი, ნაგავი გამქონდა, მცენარეებს ვუვლიდი… ვინც ჩემ მერე მოვიდა იქ სამუშაოდ, იმათაც ვასწავლიდი, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. ეკოლოგიაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხომ ჩვენი დიდი სახლის, დედამიწის და მასზე მცხოვრები ადამიანების სიმშვიდისა და კეთილდღეობის წინაპირობაა. საქართველოში ამ მხრივ ძალიან ცუდადაა საქმე, როცა ვიყავი, გული დამწყდა, რომ ასეთ ლამაზ ქვეყანას არ ვუვლით: ვაბინძურებთ და ვანაგვიანებთ მდინარეებს და ტყეშიც ჩვენ შემდეგ ნასუფრალს ვტოვებთ. ადრე მსგავსი ტიპის პროექტებში საქართველოშიც მიმიღია მონაწილეობა. მახსოვს, 2009 წელს ქვიშხეთის მწერალთა სახლის ტერიტორიის დასუფთავებაში ვიყავი აქტიურად ჩართული. მომავალში, კარიბის ზღვის კუნძულზე მიღებული გამოცდილებით საქართველოშიც მინდა, რომ მსგავსი პროექტები განვახორციელო…


ყველა ახალი ამბავი
0