ვინ იყო პირველი - რაულ ბაბუნაშვილი თუ ტიმ სევერინი

© რაულ ბაბუნაშვილის პირადი არქივიქართველი არგონავტები და მედეა
ქართველი არგონავტები და მედეა - Sputnik საქართველო
გამოწერა
1970 წლის 25 ოქტომბერს ქართველი „არგონავტები“ იმ გზას დაადგნენ, რომელიც იაზონმა ელადის რჩეულ ვაჟკაცებთან ერთად “არგოთი” გაიარა. ქართველი „არგონავტების“ მარშრუტი შორაპნიდან დაიწყო და ფოთში დასრულდა. არგონავტებმა ოქროს საწმისი ვერ, მაგრამ ორი „მედეა“ იპოვეს. მოგზაურობა ერთი თვე გაგრძელდა...

ნინი რაზმაძე

46 წლის წინ ქართველებმა ააგეს „ოქროს საწმისი“ და  არგონავტების მითის გაცოცხლება შეძლეს. ქართული „არგო“ ფოთიდან შორაპანში ჩაიტანეს, იქ, სადაც მდინარე ყვირილა და ძირულა უერთდება ერთმანეთს, სწორედ აქედან იწყება ქართველი არგონავტების მოგზაურობა. კაპიტანი რაულ ბაბუნაშვილი (საქართველოს მემამულეთა კავშირის პრეზიდენტი — რედ.) თავგადასავლებით სავსე ამ მოგზაურობას იხსენებს…

- როგორ გაჩნდა იდეა აგეშენებინათ ხომალდი და გაგევლოთ ის გზა, რომელიც არგონავტებმა გაიარეს?

— თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, იმ პერიოდში  უნივერსიტეტის 50 წლის იუბილე ახლოვდებოდა, სტუდენტემა მოვიფიქრეთ შემოგვევლო საბჭოთა კავშირის ყველა კუთხე, სადაც ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაოდნენ. უნივერსიტეტში იდეა მოეწონათ, დაგვაფინანსეს და 6 თვის განმავლობაში ვმოგზაურბდით საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკაში. ვეცნობიდით იქაურ ბუნებას და ერთხელ მდინარე ელისეიზე მოგვიწია ბანაობა, სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, რომ გვემოგზაურა მდინარე რიონზე, ძველი არგონავტების ნაკვალევზე. თავად კლასიკური ფილოლოგიის განხრით ვსწავლობდი, კარგად ვიცნობდი კოლხეთის ისტორიას და მითების მიხედვით მოვიფიქრე გაგვეკეთებინა ხომალდი.

© რაულ ბაბუნაშვილის პირადი არქივიქართველი არგონავტები, 1970 წელი
ქართველი არგონავტები, 1970 წელი - Sputnik საქართველო
ქართველი არგონავტები, 1970 წელი

- თქვენი  ხომალდი „არგოს“ მსგავსი იყო?

— კი, „არგოს“ ნახატები შემორჩენილია სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში და ჩვენც ამით ვიხელმძღვანელეთ. გემის მაკეტი გავაკეთეთ, უნივერსტეტში მივიტანეთ და ვანახეთ უნივერსიტეტის რექტორ ილია ვეკუას. მას იდეა მოეწონა, დაგვაფინანსა და გადაწყდა აგვეშენებინა ძველი კოლხური ხომალდი, რომლსაც დავარქვით  „ოქროს საწმისი“. ფოთში ხომალდი ერთ თვეში აშენდა. ჩვენც იმ დროის შესაბამისად ვიყავით აღჭურვილები — იარაღი, შუბები და მშვილდ-ისრები ქართული კინოსტუდიიდან გამოვიტანეთ. ტანსაცმელი კი შეგვიკერეს, ისე გვეცვა, როგორც ძველ ბერძნებს —  ტუნიკა და ქალამნები…. ვინც გემზე ამოდიოდა, სხვა სამყაროში ხვდებოდა.

- საზოგადობის მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს იდეას?

— დიდი მხარდაჭერა იყო მოსახლეობის მხრიდან,  მოგზაურობის დაწყების წინ ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი ჩვენს გასაცილებლად. დიდი ინტერესი იყო საზოგადოების მხრიდანაც, მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები ჩვენს მოგზაურობას აშუქებდნენ, მოსკოვიდანაც ჩამოვიდნენ და პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ ჩვენს ამბებს. ეს იყო პირველი მოგზაურობა, რომელიც ჩვენს შემდეგ ტიმ სევერინმა გაიმეორა. ჩვენ შეგვეძლო საბერძნეთშიც ჩავსულიყავით, მაგრამ მაშინდელმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ შეგვიშალა ხელი. ჩვენ გავაცოცხლეთ ძველი კოლხების ისტორია „არგონავტების“ შესახებ. მთელი საქართველო ადევნებდა თვალს ჩვენს მოგზაურობას. სოფელ-სოფელ ვჩერდებოდით, უამრავი ხალხი გვხდებოდა, ვუყვებოდით ბავშებს ისტორიებს. დღემდე მაქვს შემორჩენილი წერილი, რომელიც მესამეკლასელმა ბიჭმა გამოგვიგზავნა.

© რაულ ბაბუნაშვილის პირადი არქივიწერილი, რომელსაც "ოქროს საწმისის" კაპიტანი დღემდე ინახავს
წერილი, რომელსაც ოქროს საწმისის კაპიტანი დღემდე ინახავს - Sputnik საქართველო
წერილი, რომელსაც "ოქროს საწმისის" კაპიტანი დღემდე ინახავს

- ვინ იყვნენ ეკიპაჟის წევრები?

— მთლი ეკიპაჟი მხოლოდ უნივერსიტეტის ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებისგან იყო დაკომპლექტებული. მე, როგორც იდეის ავტორი, გემის კაპიტნად ამირჩიეს. ექსპედიციას ჟურნალისტი გვანჯი მანია ხელმძღვანელობდა. ასევე იყვნენ იგორ სიმონიშვილი, კობა არაბული, ნუკრი ალხაზიშვილი და სხვები. იდეის განხორციელება, რა თქმა უნდა, თანხებთან იყო დაკავშირებული და დაფინანსება უნივერსიტეტისგან მივიღეთ.

- მოგზაურობის მიზანი რა იყო?

— გვსურდა საქართველოს ეროვნული დროშა სხვადასხვა რეგიონებში აგვეფრიალებინა. სოფლებში ადამიანები ოვაციებითა და შეძახილებით გვხვდებოდნენ. არ დამავიწყდება, როცა ზესტაფონს გავცდით, ერთ-ერთ სოფელში ნაპირს მივუახლოვდით, ტყიდან მოხუცი ქალი გამოვიდა და როდესაც  დაინახა ძველ კოლხურ ტანისამოსში ჩაცმული ბიჭები და გემი იალქნით, დაიჩოქა და დაგვლოცა, მისთვის ეს საოცრება იყო. იმ დროში, როცა ეროვნული გრძნობების გამომჟღავნება იკრძალებოდა, ჩვენ ამ მოგზაურობით შევძელით ეროვნული დროშის აფრიალება და კოლხეთის ისტორიის გაცოცხლება.

© რაულ ბაბუნაშვილიფოთში ხომალდი "ოქროს საწმისი" ერთ თვეში აშენდა.
ფოთში ხომალდი ოქროს საწმისი ერთ თვეში აშენდა.  - Sputnik საქართველო
ფოთში ხომალდი "ოქროს საწმისი" ერთ თვეში აშენდა.

- გზაში  ბევრი დაბრკოლება  შეგხვდათ?

— საკმოდ, ერთ-ერთი შემთხვევა ვარციხესთან მოხდა, გემი ბორანს დაეჯახა და კინაღამ ჩაიძირა. ნაპირამდე ცურვით გავაღწიეთ. საღამოს წვიმა მოვიდა და ნაპირზე  მიბმული გემი წყალმა გაიტაცა. მეორე დილას ვნახეთ, რომ სხვა ადგილას იყო გარიყული. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და ჩვენი მოგზაურობაც გაგრძელდა.

 — მოგზაურობიდან ისტორია, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

— ჩვენი მოგზაურობა თავგადასავლებით იყო სავსე. გემის ერთი ნაწილი დაზიანდა და სიმონეთში გავჩერდით. მე, როგორც კაპიტანი, ხელოსნების მოსაძებნად წავედი, მეცვა ტუნიკა, ქალამნები, თან მქონდა შუბი და მშვილდი. საინტერესოდ გამოვიყურებოდი, გზაზე ავტოინსპექციის პოსტი იყო, მანქანებს აჩერებდნენ და ამოწმებდნენ. ავტოინსპექტორმა როგორც კი დამინახა, შორიდან დამიძახა ვინ ხარო?! როცა ვუპასუხე რომ კაპიტანი ვიყავი, იფიქრა ეს მთლად დალაგებული არ უნდა იყოსო, წამავლო ხელი, წამიყვანა და ჩამკეტა. დრო რომ გავიდა და არ გამოვჩნდი, ეკიპაჟის ორი  წევრი გადმოსულა ჩემს მოსაძებნად, მათაც იგივე ბედი ერგოთ, სანამ ინსპექტორმა რაიკომის მდივანს არ დაურეკა და არ გაარკვია რა ხდებოდა, მანამდე მოგვიწია იქ ჯდომა. სიმონეთში უნდა გვენახა რეჟისორი და კიდევ ეკიპაჟის  ერთ-ერთი წევრის მშობელი, რომელსაც საკვები უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის. ისინიც ამ ინსპექტორს შეხვდნენ და ორივეს უკითხავს, გემი სად დგასო, გაგიჟდა ეს კაცი ეგონა აშაყირებდნენ…

- ოქროს საწმისი იპოვეთ?

— ოქროს საწმისი არა, მაგრამ გზაში ორი „მედეა“ ვიპოვეთ — სამტრედიასა და სვირში. სამტრედიაში ხიდთან ეტლები გაჩერდნენ და მედეა ქართულ ტანსაცმელში ჩაცმული ამოვიდა ჩვენს გემზე.

© რაულ ბაბუნაშვილიარგონავტებმა ოქროს საწმისი ვერ, მაგრამ ორი "მედეა" იპოვეს.
არგონავტებმა ოქროს საწმისი ვერ, მაგრამ ორი მედეა იპოვეს. - Sputnik საქართველო
არგონავტებმა ოქროს საწმისი ვერ, მაგრამ ორი "მედეა" იპოვეს.

- რა შეგძინათ ამ მოგზაურობამ?

— რა თქმა უნდა, ემოციურად ეკიპაჟის ყველა წევრისთვის დატვირთული იყო მოგზაურობის ერთი თვე. ამ პერიოდში, თითოეული მათგანი, ძველ კოლხურ ისტორიულ წყაროებს უფრო მეტად ჩავუღრმავდით. მოგზაურობის დროს მოვაგროვეთ რაღაც ინფორმაციები, მაგალითად,  გავიგეთ, რომ მაშინდელ კოლხებს თავისუფლად შეეძლოთ ზღვით ემოგზაურათ ფოთიდან ქუთაისამდე. თუმცა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის, იმ პერიოდში, ყველაზე მთავარი მაინც ქართული დროშით მოგზაურობა იყო.










 

ყველა ახალი ამბავი
0