ლაგოდეხელი ელა ფიცჯერალდი და აურზაური ,,ნიჭიერის“ გარშემო

© fortuna.ge"ნიჭიერის" გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე
ნიჭიერის გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ნიჭიერის“ მეექვსე სეზონის გამარჯვებული, ქვეყნის ნიჭიერი, 48,6%-ით ბარბარე სამხარაძე გახდა. გამარჯვებულს ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა ,,ზუმერი" 5000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ონლაინ ტოტალიზატორმა და კაზინო Lider-Bet -მა კი ბარბარე მიცუბიშის მარკის ავტომობილით დააჯილდოვა. კომპანია Epic Developement-მა მას ბინა გადასცა.

ამ ფაქტს დღეს მთელი ვირტუალური და რეალური საქართველო გაცხარებული განიხილავს. ის, რომ ბარბარე მართლაც ნიჭიერია,- ამაზე არავინ კამათობს. ამიტომ მილიონიან მილოცვას მეც გულწრფელად ვუერთდები. მსჯელობის საგნად ისევ (!) თავად შოუ იქცა და ზოგადად ადამიანებისადმი იმ ტელეკომპანიის დამოკიდებულება, რომელიც მაყურებელმა რბილად რომ ვთქვათ, ტყუილსა და სიყალბეში არა ერთგზის ამხილა… 

ამის დასტურად შეგახსენებთ,,ნიჭიერის“ ადრინდელ სეზონში მონაწილე ჟანა წითულაურს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ფსიქიურად დაავადებულია და ვისაც შოუში მონაწილეობისთვის ტელეკომპანიის წარმომადგენლები, თურმე, დიდი ხნის მანძილზე ითანხმებდნენ. თუმცა ამ ფაქტის განხილვას ახლა აღარ შევუდგები. ვიტყვი, რომ შოუს სანახაობრივად ქცევა-მიზნისკენ მიმავალ ყველა საშუალებასთან დაკავშირებით, მაკიაველისეული პრინციპის გვერდის ავლითაცაა შესაძლებელი… საამისოდ, საქართველოში ნიჭიერი ადამიანიც ბევრია და ტელეკომპანიასაც შეუძლია სხვადასხვა სატელევიზიო, ვიზუალური ხერხის გამოყენებით ნებისმიერი შოუ ხილვადი გახადოს…

როგორც დასაწყისში გითხარით, მეორე დღეა, რაც,,ნიჭიერის“ ფინალზე ბევრს საუბრობენ. ცნობილია, გამარჯვებულს, (მით უფრო, ასეთ ღირსეულს), არავინ ასამართლებს. საზოგადოების აზრი ორად ისევ ამ შოუს შესახებ გაიყო.. სხვათა შორის გეტყვით, რომ უცხოეთში, ანალოგიური პროექტის ხმის მიცემის დროს ტელემაყურებლის ზარი უფასოა, კონკრეტული ფასი მას მგონი, მხოლოდ ჩვენთან ადევს…

რაც შეეხება კომენტარებს, ვფიქრობ, ინტერნეტში,(,,ნიჭიერის“ ოფიციალურ გვერდზე) გამოთქმული მოსაზრებები და გამოხატული ემოცია დაგაინტერესებთ. ეს ხომ ჩვენი საზოგადოებაა, ასეთია ამგვარი თემებისადმი მისი განწყობა და მოცემული ის ფსიქოლოგიური (მათ შორის, ვირტუალური) რეალობაც, რაშიც არსებობა და ყოფნა ყველას გვიწევს. ისტორიულადაა ცნობილი, რომ მეორე ქართველის გამარჯვებით დაბოღმება, ანუ საბასეულად "მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა“ ქართველებს  წინაპრებიდან მოგვდევს, ასეთები ამ შემთხვევაშიც არც ისე ცოტა აღმოჩნდა… საზოგადოების ერთი ნაწილი შოუს ტრიუმფატორის გულუხვად დასაჩუქრებას გამართლებულად არ თვლის იმ მოტივით, რომ სხვები სიმბოლურ საჩუქრებს მაინც იმსახურებდნენო. 

"ტიპი იმენნა,აშენდა! კამფეტები მაინც აჩუქეთ დანარჩენებს“,- წერს იუზერი,,გიორგი ალფონსი“(George Alfons)

"ყველაფერი ბლეფია, კარგად შეაცოდეს ხალხს თავი, არა? მეცინება, სატირალი რომ არ იყოს“, —ასეთია თამთა წითლიძის (Tamta Citlidze)აზრი.

ლაგოდეხელების მილოცვას ამავე რაიონის მკვიდრი,ნინო ალადაშვილი უერთდება: "გვასახელა ბარბარემ! ვიცი, რომ უბრალო სოფლელი გოგოა, არანაირი ცრუ და ტყუილი ბიოგრაფიით. რამდენი ბოღმიანია ამ ქვეყნად…“

შიო ნიკოლიშვილი (Shoo Nikolishvili) აცხადებს: "ანგელოზი რომ იყო, ხალხს შენი ფრთების შრიალი შეაწუხებდაო. ასეა ყოველთვის სხვისი წარმატება და ბედნიერება შურთ. რა მნიშვნელობა აქვს, ბლეფია თუ არა, ტრაქტორს მართავს თუ ტროლეიბუსს?! ფაქტია, მაგრად მღერის, საოცარი ხმა აქვს და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. ახალ მანქანაში რომ ჩაჯდება, მერე რაღას იტყვით? ტრაქტორი სად ჰყავსო?"

არიან ისეთები, რომლებიც ამ პროექტში უცხოელების, კერძოდ გერმანელებისა და ინდოელების მონაწილეობას აპორტესტებენ და ამბობენ, რომ საქართველოში მათი ჩამოსაყვანი ხარჯები ისევ ქართველებზე რომ განაწილებულიყო, უკეთესი იქნებოდაო, მაგრამ ასეთ აზრს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.

მარია ქუთელია: "აქ ნიჭზეა საუბარი და არა ეროვნებაზე ან წარმომავლობაზე“.

თუმცა, ზოგიერთი სირცხვილად უცხოელების უსაჩუქროდ დატოვების ფაქტს თვლის.

"ისე, უცხოელებისთვის მაცივარზე მისაკრობი სუვენირები მაინც რომ მიგეცათ, არ იქნებოდა ურიგო“- საყვედურს გამოთქვამს მამუკა ჯუღელი.

მავანთა მოსაზრებით, "ნიჭიერში“ მომღერლების მონაწილეობა გამართლებული არ არის, რადგან მათი აზრით, საამისოდ სხვა სახის პროექტი,მაგალითად, "ახალი ხმა“ არსებობს. 

,,ნიჭიერის“ ბოლო საფინალო კადრს გულგრილი არავინ დაუტოვებია იმ მიზეზის გამო, რომ გამარჯვებულის გარშემო მხოლოდ მისი წარმატებით გულწრფელად გახარებული ადამიანების სახეები იყო.

თუმცა მომხმარებელი ეონა ჩიხლაძე (eona Chikhladze) ამ თემაზე ხუმრობას ცდილობს: "მომავალ სეზონზე გაითვალისწინეთ წყალგამძლე ტუში და მაკიაჟი გაუკეთეთ ფინალისტს,რომ ემოციების ჩანჩქერმა ფოტოები არ გააფუჭოს.თუმცა ეს გულწრფელი ემოციები საოცრება იყო“.

"ნიჭიერის“ საფინალო საყოველთაო აღტკინება ზაზა ფაჩულიას წარმატებამაც გააძლიერა.

გიორგი გეგელია: (Giorgi Gegelia),,ეს ფოტო 2016 წლის საუკეთესო სურათია! აი,ასეთს ვხედავ ჩემს ქვეყანას გაბრწყინებულს! ყველას ერთის გამარჯვება რომ უხარია და დღეს ეს მთელმა მსოფლიომ ზაზა ფაჩულიათიც დაინახა. მიყვარხარ ერო“!

ამ თემის ერთგვარი რეზიუმე ასეთია: მოგეხსენებათ, სასწორს ორი პინა აქვს. ამ შემთხვევაში, ერთი მათგანზე შოუს ღირსეული გამარჯვებული და ამ გამარჯვებით გახარებული, პოზიტიურ ამბებს მოწყურებული ქართველი მაყურებელია, მეორეზე —პოლიტიკური შოუებითა და სიყალბით გადაღლილი, დეპრესირებული მაყურებელი… მთავარია, საბოლოოდ სასწორი რომელ მხარეს გადაიხრება. ეს კი უკვე ქართული მედიის ხელშია, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავად ქმნის ქართულ რეალობას, სიხარულისა და მწუხარების საბაბს და ასე განსაჯეთ, იმასაც, რასაც ზოგადად ქართველი მაყურებელი ჰქვია!…

ყველა შემთხვევაში, "შოუ გრძელდება“!


ყველა ახალი ამბავი
0