16:15 04 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას არ აპირებს

თ. ჩოჩუა
ანალიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5811

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში არსებული პოლიტიკური სპექტრი სხვადასხვანაირად აფასებს.

მართალია, საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა და რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადებითი დასკვნები დადეს, უარყოფითი შეფასებები დღემდე მაინც გაისმის. ვითარების ანალიზი “Sputnik”-ის კორესპონდენტმა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გიორგი ვოლსკის სთხოვა. 

-ბატონო გიორგი! საქართველოში არ წყდება საუბრები „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში არსებულ საფრთხეებზე. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს საფრთხეები და მიგაჩნიათ თუ არა აღნიშნული საკითხი პრობლემატურად?

— „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება მეორე ტურშიც გამოგვიცხადებს ნდობას და აქვე გეტყვით, რომ ამაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. ჩვენი პარტია ზუსტად იმ სულისკვეთებით არის მოტივირებული დღეს, როგორც იყო 2012 წელს. ჩვენი მიზანი ქვეყნის აღმშენებლობაა და არა რაც შეიძლება დიდხანს თბილ სავარძლებში ჯდომა. ჩვენ რომ გვდომებოდა კონსტიტუციის ჩვენს თარგზე მოჭრა, როგორც ეს ჩვენმა წინამორბედებმა გააკეთეს, მერწმუნეთ, ამას ადრეც მოვახერხებდით. მიკვირს იმ ადამიანების, ვინც ლამის, გოდება გამართა — არიქა, დავიღუპეთო. პოლიტიკაში და დღეს არსებულ ვითარებაში კარგად გარკვეული საზოგადოება უნდა ხვდებოდეს, რომ ჩვენ გარკვეული და ძალიან სერიოზული ვალდებულებები გვაქვს ჯერ ქართველი ხალხის და მერე საერთაშორისო სუბიექტების მიმართ, ისეთების, როგორიცაა ევროკავშირი, რომლის წევრებიც გახლავართ (მართალია, მხოლოდ ასოცირებული, მაგრამ ეს არ ცვლის ურთიერთვალდებულებებს), მთელი რიგი ეკონომიკური თუ სამართლებრივი ორგანიზაციების. ამდენად ასე, ვისაც მოეპრიანება, კონსტიტუციის შეცვლა აბსურდია.

ავიღოთ ერთი საკითხი — კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების შესახებ. აქ უნდა გავითვალისწინოთ,როგორც ქართველი ხალხის ნება, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ორგანიზაციების მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცვლილება შესაძლებელი. აქ ისე არ გამიგოთ, თითქოს, ვინმე გვიკრძალავდეს ამის გაკეთებას, უბრალოდ, ცვლილება ცვლილებისთვის არ უნდა მოხდეს. ის უნდა იყოს გამყარებული, როგორც საზოგადოებრივი მოთხოვნით, ისე სამართლებრივი საფუძვლებით. ასევეა სხვა საკითხებიც, როგორიცაა პარლამენტის თბილისში გადმოტანა და ა. შ. ვიმეორებ: მხოლოდ კონსულტაციების, კონსენსუსის და აზრთა თანხვედრის შემთხვევაში, მოხდება ცვლილები. ერთ რამეში მინდა დაგარწმუნოთ — „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარ თარგზე მორგებას არ აპირებს და ამაში თავად დარწმუნდებით. რაც შეეხება მედიაში ატეხილ აჟიოტაჟს, ეს ისევ ჩვენი ოპონენტების, კერძოდ, „ნაციონალების“ მორიგი ხრიკია ამომრჩეველთა ხმების მოსაზიდად მეორე ტურის წინ და რეალობისგან ძალიან შორსაა.

-ბატონო გიორგი! საზოგადოებაში ბევრი საუბრებია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე თქვენი ან ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშვნაზე. ასევე  ხშირია მინიშნებები „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიიდან წამოსულ ლიდერებთან შესაძლო კავშირებზე…

— შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო კანდიდატურაზე ჯერ არ უმსჯელია. ვარაუდები და აზრები ყველას აქვს, მათ შორის პარტიის წევრებსაც და ამ ვარაუდების გამოთქმის უფლებაც მათთვის  არავის წაურთმევია. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებთან“ ურთიერთობას, გეტყვით, რომ პირადად მე, პიროვნულად, ირაკლი ალასანიასთან ჯერ კიდევ ამერიკაში ერთობლივი მუშაობიდან კარგი დამოკიდებულება მაქვს და მის გამოცდილებას ძალიან ვაფასებ. ასევე ვერ დავივიწყებ ვიქტორ დოლიძის ძალიან აქტიურ საქმიანობას, როდესაც ევროპულ სტრუქტურებთან ვალაგებდით ურთიერთობებს. გვერდს ვერ ავუვლი ვახტანგ ხმალაძის და სხვების აქტიურ კანონშემოქმედებით მუშაობას. თუმცა, ვიმეორებ, ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, რაც შეეხება მომავალში მათთან საქმიან ურთიერთობას, ეს პარტიის და პარლამენტის გადასაწყვეტია და აქ პირადი სიმპათია- ანტიპატიები სრულიად უადგილოა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ახალი პარლამენტის შემადგენლობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ისეთს, როგორიც წაადგება ქვეყნის განვითარებას.

თენგიზ ჩოჩუა


მთავარი თემები