დიდი ადამიანები საქართველოში: იმპერატორი ნიკოლოზ Ι

© архивნიკოლოზ I
ნიკოლოზ I - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმპერატორი ხომალდ „პოლიარნაია ზვეზდათი“ („პოლარული ვარსკვლავი“) ჩამოვიდა 27 სექტემბერს საქართველოს შავი ზღვისპირეთის სანაპიროზე არსებულ რედუთ–კალეს სიმაგრეში (დღევანდელი ყულევი). მის უდიდებულესობას კორპუსის სარდალი ბარონი გრიგორი როზენი დახვდა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik.

ბესიკ ფიფია

 სურდა რა, თავად დარწმუნებულიყო კავკასიაში არსებულ ვითარებაში, იმპერატორმა ნიკოლოზ I–მა გადაწყვიტა, მოენახულებინა რუსეთის სამხრეთი მხარე. სწორედ ნიკოლოზ I აღმოჩნდა ის პირველი რუსი ხელმწიფე, რომელმაც ქართულ მიწაზე დადგა ფეხი.

 ის ხომალდ „პოლიარნაია ზვეზდათი“ („პოლარული ვარსკვლავი“) ჩამოვიდა 27 სექტემბერს საქართველოს შავი ზღვისპირეთის სანაპიროზე არსებულ რედუთ–კალეს სიმაგრეში (დღევანდელი ყულევი). მის უდიდებულესობას კორპუსის სარდალი ბარონი გრიგორი როზენი დახვდა. 

— პატივი მაქვს გეახლოთ, — წარმოთქვა იმპერატორმა, დადგა რა ფეხი ნაპირზე, შემდეგ კი ხელი გაუწოდა ბარონ როზენს. 

 ხელმწიფის ამალაში შედიოდნენ: გენერალ–ადიუტანტი გრაფი ორლოვი, გრაფი ადლერბერგი (ჩინოვნიკითა და მწერლით), ლეიბ–მედიკოსი არენდტი, ფლიგელ–ადიუტანტი პოდპოლკოვნიკი ლვოვი, პრუსიის სამსახურის პოლკოვნიკი რაუხი, სამი ფელდეგერი ოფიცერი, სამი კამერდინერი, სამეფო კარის მოღერალი, მეტრდოტელი მილერი (ორი მზარეულით) და უნტერ–ოფიცერი, რომელიც სახაზინო მაღაზიაზე აგებდა პასუხს. 

 რედუთ–კალედან იმპერატორი ზუგდიდში გაემგზავრა, სამგრელოს მთავრის, თავად ლევან დადიანის რეზიდენციაში. თავადმა მის უდიდებულესობას მიმართა შუამდგომლობით, დაარსებულიყო იქ ქალაქი გრიგორიოპოლი. აი, რა წააწერა იმპერატორმა საკუთარი ხელით მოხსენებას: „ვნახე ეს ადგილი და მეეჭვება, რომ აქ ოდესმე ქალაქი შეიძლებოდა ყოფილიყო, რამეთუ ხავსებსა და ჭაობს სამეგრელოს მთავრის გულის მოსაგებად თუ შეიძლება დაერქვას გრიგორიოპოლი, მაგრამ ქალაქი ეწოდოს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ქალაქი იქნება“.  

© ბესიკ ფიფიანიკოლოზ I-ის პირველი ვიზიტი ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრების - დადიანების რეზიდენციაში შედგა
ნიკოლოზ I-ის პირველი ვიზიტი ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრების - დადიანების რეზიდენციაში შედგა - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ I-ის პირველი ვიზიტი ზუგდიდში, სამეგრელოს მთავრების - დადიანების რეზიდენციაში შედგა
 

 28 სექტემბერს იმპერატორი ქუთაისში ჩავიდა, სადაც არქიეპისკოპოს სოფრონს, იმერეთის მიტროპოლიტ დავითსა და წებელდა–სვანეთის მფლობელებს, თავადებს — მიხეილ და თათარხან დადეშქელიანებს შეხვდა.

 ამის შემდეგ იმპერატორი სურამის ხეობაში გაემგზავრა, სადაც ღამე გაათია. 1 ოქტომბერს ნიკოლოზ Ι ბორჯომის ხეობის გავლით ჩავიდა ახალქალაქში, საიდანაც გიუმრის, სარდარ–აბადუს, ეჩმიაძინისა და ერივანის მოსანახულებლად გასწია.  

 სომხეთის დედაქალაქში მეფე იძულებული გახდა დაყოვნებულიყო — მას გარს ადგილობრივი მოსახლეობა შემოეხვა, „საოლქო ნაჩალნიკების“ თაობაზე საჩივრებით. ნავარაუდევი იყო სიმაგრეების დათვალიერებაც, რომლებიც იმპერატორს არ მოეწონა: „ეს რა სიმაგრეა, ეს უბრალოდ თიხის ქოთანია“. ის არც მომზადებული საძინებლით მოიხიბლა და მისი ახალი თივით შეეცვლა ბრძანა. თივაში გამოძინებული იმპერატორი დილაადრიან საოლქო მმართველობაში გამოცხადდა, სადაც გულწრფელი და უკიდურესი აღშფოთება გამოთქვა მექრთამეობისა და ზოგადად, ძალაუფლების ბორტად გამოყენებისადა გამო. ნიკოლოზ Ι–ს სძულდა ერთიცა და მეორეც. ის იდეალური რევიზორი იყო — მოწოდებითა და რწმენით. 

 იმპერატორი 7 ოქტომბერს თბილისის მახლობლად მდებარე სოფელ კოდაში ჩავიდა და ღამე იქ გაატარა. მანამდე კი ბარონი როზენი ტიფლისში აფრინა მისი უდიდებულესობის დახვედრისათვის საჭირო ბრძანებების გასაცემად.  

„კოდიდან თბილისში მგზავრობა, — წერს მემატიანე, — 25 ვერსის გავლა გზაზე, რომელიც გრუნტის თავისებურებებისა და თავსხმა წვიმების გამო იმდენად საშინელი აღმოჩნდა, რომ ცხენები ნახევარ გზაზე წებოვან ტალახში ჩაეფლნენ და ეკიპაჟს ვეღარ ზიდავდნენ. კამეჩებისა და ხარების მოყვანამ მოგვიწია და ნელი სვლით განვაგრძეთ გზა…“  

 ტიფლისის კართან მის უდიდეულესობას ბარონი როზენი, ქალაქის სამხედრო გუბერნატორი გენერალ–ლეიტენანტი ბრაიკო, სამოქალაქო გუბერნატორი თავადი ფალავანდოვი,  სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ. მათ შორის იყო პოლიცმაისტერი პოდპოლკოვნიკი ლიახოვიც, თუმცა საშინლად მთვრალი. ამის გამო, იმპარეტორის უმაღლესი ბრძანებით, ის თანამდებობიდან მოხსნეს და სასამართლოს გადასცეს. 

 მიიღო რა რაპორტი გენერალ–ლეიტენანტ ბრაიკოსგან, ხელმწიფე სომხური ბაზრის ვიწრო ქუჩით შეუყვა გზას სიონის ტაძრისკენ, მაგრამ, საუბედუროდ,  ის დაკეტილი აღმოჩნდა. ხელმწიფეს ტაძარში შესვლა გვერდითი კარიდან მოუხდა. „ეს უწესრიგობა იმიტომ მოხდა, — წერს მემატიანე, — რომ საქართველოს მაშინდელ ეგზარქოსს, არქიეპისკოპოს ევგენის,  სადილობის შემდეგ ძილი ჰქონდა ჩვევად და იმპერატორის ჩამოსვლა გამოეპარა“. 

 ტაძრიდან მისი უდიდებულესობა კორპუსის სარდალ ბარონ როზენის სახლში წავიდა. იქ მას სენატორი განი დახვდა, რომელიც კავკასიაში ადგილობრივი სამოქალაქო დაწესებულებების გარდაქმნის კომისიის თავმჯდომარის ხარისხში იმყოფებოდა. სენატორმა ბარონ როზენის სიძე, ფლიგელ–ადიუტანტი, ერივანის კარაბინერთა პოლკის მეთაური თავადი ლევან დადიანი ნიკოლოზ Ι–თან  „აღმაშფოთებელი“ ჭარბუფლებიანობის თაობაზე დააბეზღა. ის თურმე ისე ექცეოდა საკუთარ კარაბინერებს, როგორც ყმებს, უფრო მეტიც, როგორც მონებს, ანუ უბრალოდ აძალებდა მათ ემუშავათ მის მამულებში… 

 მეორე დღეს მადათოვის მოედანზე (ახლანდელი ალექსანდრეს ბაღი), ერივანის კარაბინერთა პოლკის პირველი ბატალიონის ყარაულის შეცვლის წინ, იმპერატორმა ხალხის თვალწინ აჰყარა თავად დადიანს პატივი.  

© RIA NOVOSTIფრანც კრიუგერის სურათის რეპროდუქცია: ნიკოლოზ I ამალით
ფრანც კრიუგერის სურათის რეპროდუქცია: ნიკოლოზ I ამალით - Sputnik საქართველო
ფრანც კრიუგერის სურათის რეპროდუქცია: ნიკოლოზ I ამალით

„… მისმა უდიდებულესობამ თავადი დადიანი მოითხოვა, — წერს მემატიანე, — შეავლო მას დიდებულად მრისხანე მზერა და ძალზე მკაცრი ფრაზებით გამოთქვა უკიდურესი უკმაყოფილება… და იმით დაასრულა, რომ  უბრძანა გენერალ–ლეიტენანტ ბრაიკოს, ჩამოეხსნა თავად დადიანისთვის ექსელბანტები… შემდეგ კვლავ მიუბრუნდა დადიანს და მრისხანე წარმოთქვა; „ბობრუისკში!“ განსასჯელი მყის ჩასვეს მისთვის წინასწარ მომზადებულ „ტროიკაში“ და ჟანდარმის თანხლებით გაამგზავრეს დანიშნულების ადგილზე. მას მხოლოდ მეუღლესთან დამშვიდობების უფლება მისცეს, რომელსაც ძლიერი ნერვიულობისგან გული წასვლოდა“. 

 თავად დადიანს კაზემატში ყოფნის სამწლიანი სასჯელი განუსაზღვრეს, ჩამოართვეს ორდენები, ხარისხები, თავადის ტიტული. საბოლოოდ მას მოსკოვში გაუსვლელად ცხოვრების უფლება მიეცა, ხოლო 1856 წელს, იმპერატორ ალექსანდრე ΙΙ–ის კორონაციის აღსანიშნავად, დადიანს ორდენები და თავადური ღირსება აღუდგინეს. 

 მეფემ როზენიც გაუშვა ადგილიდან — შიდა გუბერნიებში გაიწვია, ხოლო მის ადგილას ევგენი გოლოვინი დანიშნა. სწორედ მის სახელს ატარებდა ახლანდელი რუსთაველის პროსპექტი თბილისში. თავზარდაცემულმა როზენმა ვერ გააცილა იმპერატორი: ძლიერი ნერვული შერყევის გამო მას „საღათას ძილით“ დაეძინა. 

 კორპუსის სარდლის სახლში 11 ოქტომბერს საზეიმო ბალი გაიმართა, რომელიც მისმა უდიდებულესობამ და თავად ფალავანდოვის მეუღლემ, კნიაჟნა ორბელიანმა გახსნეს. ბალმა მხიარულად ჩაიარა და შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა დამთავრდა. ხელმწიფე მოსასვენებლად წავიდა, რათა მეორე დღეს გასამგზავრებლად მომზადებულიყო. 

 „გათენდა 12 ოქტომბრის დილა. ღრუბლები მძიმე თაღად შეკრულიყვნენ ქალაქის თავზე და თავსხმა წვიმით იმუქრებოდნენ. კორპუსის სარდლის სახლის მახლობლად რაღაც ფორიაქი შეიმჩნეოდა. მაგრამ აი, სახლის ბაღიდან ღია ეტლით გამოვიდა იმპერატორი, რომელსაც გვერდით გრაფი ორლოვი ეჯდა. იმპერატორს უკან რამდენიმე ეკიპაჟით მიჰყვა საკუთარი ამალა…  

 ქალაქიდან ნახევარ ვერსში მკვეთრი დაღმართი იწყება, რომელიც დასაწყისში ასევე მკვეთრად უხვევს მდინარე ვერესკენ, საიდანაც გზა ისევ მთებში მიემართება. სწორედ ამ დაღმართზე „იამშჩიკმა“ ეკიპაჟის დაუმუხრუჭებლად დაიწყო ჩასვლა. ის იყო მოსახვევს მიაღწია, რომ ეტლმა გადაბრუნება დაიწყო. იმპარეტორის წარმატებულმა ნახტომმა უბედურებისგან გვიხსნა. ეკიპაჟი დაიმტვრა და მისი უდიდებულესობა იძულებული გახდა ცხენზე ამხედრებულიყო“.  

 მცხეთამდე ასე მივიდნენ, სადაც იმპერატორი ეტლში გადაჯდა,რომელიც თბილისიდან გამოეგზავნათ… და სამეფო მატარებელი ვლადიკავკაზისკენ დაიძრა.

ავტორი — ბესიკ ფიფია

ნარკვევთა სერიიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“

 

ყველა ახალი ამბავი
0