22:10 08 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
თბილისი ზემოდან

„თბილისის ფილტვები“ პროფესიონალის თვალით

© Robbie RG Commercial
აქტუალური თემები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
15340

დღეს სკოლის მოსწავლემაც კი იცის, რომ თბილისში მწვანე საფარის მნიშვნელოვანი ნაწილის გაჩეხვის გამო ეკოლოგიური ბალანსი დაირღვა, რასაც მთელი რიგი პათოლოგიური მოვლენები მოჰყვა.

როგორ აისახება ეს ფაქტი ციფრებში, ერთ სულ მოსახლეზე რა რაოდენობის მწვანე საფარი მოდის და რა მდგომარეობაშია ქალაქის სარეკრეაციო ზონები, ამის შესახებ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს სარეკრეაციო ზონების სამეცნიერო მონიტორების ალიანსი“ ხელმძღვანელი ნინო გოცაძე გვესაუბრება.

– ქალბატონო ნინო, თბილისის რომელი რაიონია ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და რომელ ადგილს აქვს, ასე ვთქვათ, „ქალაქის ფილტვების“ ფუნქცია?

— იცით, რომ თბილისის მიდამოებში ბევრი ლამაზი და მასიური სარეკრეაციო ზონა ფუნქციონირებდა? სამწუხაროდ, დღეს მათი ფართობები მნიშვნელოვნადაა  შემცირებული.

დიღმის ტყე-პარკი, რომელიც 75 ჰექტარზე იყო გაშენებული, საკმაოდ ინტენსიური გამწვანებით გამოირჩეოდა. სწორედ ეს პარკი მიიჩნეოდა დაარსების დღიდან „ქალაქის ფილტვებად“. დღეს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 20,5 ჰექტრამდეა შემცირებული, მისი დიდი ნაწილი გასხვისებულია და იქ მშენებლობები მიმდინარეობს.

ვაკის პარკი
ვაკის პარკი

 

– რა მდგომარეობაშია ქალაქის სხვა სარეკრეაციო ზონები?

— თბილისის მიდამოებს ამშვენებდა და ახლაც ამშვენებს მრავალი მცირე მწვანე ზონა — სკვერები, ბაღები და პარკები, რომელთა დიდი ნაწილის ფართობები საგრძნობლადაა შემცირებული. ტერიტორიების გასხვისებისა და მშენებლობების გარდა, სარეკრეაციო ზონების განადგურება იმანაც გამოიწვია, რომ 90-იან წლებში ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა არ იყო შუქი და გაზი, მოსახლეობამ ნარგავების გაჩეხვა დაიწყო, რითიც თბილისის მწვანე საფარს დიდი ზიანი მიადგა.

თბილისის ზღვა
თბილისის ზღვა

რაც შეეხება კონკრეტულად სარეკრეაციო ზონებს, მოგახსენებთ: მნიშვნელოვანი ნარგავები იყო თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. დენდროლოგიურ პარკში, რომელიც 1956– 1970 წლებში 300 ჰექტარზე გაშენდა, 900-ზე მეტი სახეობის ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მერქნიანი მცენარე იყო დარგული. დღეს ამ პარკს მხოლოდ 162 ჰექტარი უკავია. ვაკის პარკის, იგივე „გამარჯვების პარკის“ მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1946 წელს დაიწყო და პარკს 200 ჰა ტერიტორია ეკავა. დღეს ამ პარკის ფართობიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ინტენსიური ნარგავები იყო 130 ჰა-ზე გაშენებულ თბილისის ზღვის პარკის ტერიტორიაზეც. ეს პარკი დღეს თითქმის მთლიანად განადგურებულია. მთაწმინდის პარკი, რომლის მშენებლობაც 1936 წელს დაიწყო, 250 ჰა ტერიტორიაზე იყო, დღეს ეს ფართობი 100 ჰა-მდეა შემცირებული. ხუდადოვის ტყე-პარკი, რომელიც 1893 წელს დაარსდა და 40 ჰა ეკავა. დღეს ეს ფართობი 30 ჰა-მდეა შემცირებული.

რეკრეაციული ზონები დედაქალაქში ახალმა მშენებლობებმა წალეკა
რეკრეაციული ზონები დედაქალაქში ახალმა მშენებლობებმა წალეკა

— ისტორიას რომ მივმართოთ, როდის დაიწყო თბილისისა და მისი შემოგარენის გეგმაზომიერი და ინტენსიური გამწვანება?

— ეს პროცესი 1891 წელს დაიწყო და მრავალი ათეული წელი გრძელდება, რის შედეგადაც არსებული მწვანე საფარი შეიქმნა. თუმცა, თბილისი კარგად გამწვანებულ ქალაქად არასდროს ითვლებოდა. მაშინდელი სტანდარტებით კულტურული დასვენების პარკების მწვანე საფარისთვის 80-100 ჰექტრამდე იყო საჭირო. რაც შეეხება თბილისის მწვანე საფარს, 10–ჯერ უფრო ნაკლები იყო იმაზე, რაც ქალაქს უნდა ჰქონოდა. სწორედ მაშინდელი გენერალური გეგმის მიხედვით გადაწყდა თბილისის მიმდებარე გორების განაშენიანება და მთაწმინდის ფერდობის გამწვანება.

ამ მხრივ მასშტაბური სამუშაოები გასული საუკუნის 30-80-იან წლებში ჩატარდა. გაშენდა ვაკის და მთაწმინდის პარკები, ზოოპარკი, დენდროლოგიური პარკი, კრწანისის ტყე-პარკი. განსაკუთრებით აქტიური და მიზანმიმართული იყო გამწვანებითი სამუშაოები გასული საუკუნის 70-80-იან წლებში. ჩატარდა თბილისის გამწვანებული ტერიტორიების (ბაღების, პარკების, სკვერების, ბულვარების, დასასვენებელი კუთხეების, ქუჩების, ეზოების, წარმოება-დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიების) მწვანე საფარის სრული ინვენტარიზაცია-პასპორტიზაცია. იმავე წლებში დედაქალაქს 305 სკვერი შეემატა. 2001 წლის სტატისტიკის მიხედვით, თბილისში 267 ჰა ტერიტორიაზე კულტურისა და დასვენებისთვის 7 პარკი იყო გაშენებული. ამას გარდა, 91 ჰა-ზე 9 პარკი, 20 ჰა ეკავა 7 ბაღს, 9 ჰა — 6 ბულვარს, ხოლო 217 ჰა — სკვერებს. მწვანე საფარის საერთო ფართობი, ქუჩების ნარგავების ჩათვლით, 390 ჰა–ს შეადგენდა. ეს მოძველებული მონაცემებია. უახლესი სტატისტიკა სარეკრეაციო ზონების საერთო ფართობის შესახებ, ალბათ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი საბოლოო მონაცემებს მოგვაწვდის.

შემოდგომა თბილისში
© Sputnik / Alexander Imedashvili
შემოდგომა თბილისში

– თბილისში ერთ სულ მოსახლეზე დღეს რამდენი კვადრატული მეტრი მწვანე ნარგავი მოდის?

— გასული საუკუნის მანძილზე ჩატარებული გამწვანების სამუშაოების მიუხედავად თბილისი ერთ სულ მოსახლეზე საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებით ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. ჯერ კიდევ 1934 წელს ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 3.1 მ² მწვანე ნარგავი მოდიოდა. საქართველოს სსრ პირობებში მიღებული ნორმატიული აქტებით, ქალაქში, სადაც 0.5 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობდა. ერთ მოსახლეზე 15 მ² გამწვანებული ადგილი იყო სავალდებულო. თბილისის შემთხვევაში გამწვანების ნორმის მაჩვენებელი დადგენილ ნორმას 1983 წელს მიუახლოვდა და 13.0 მ² შეადგინა. 2001 წლის მონაცემებით ეს რიცხვი კატასტროფულად შემცირდა და ერთ მოქალაქეზე 5.6 მ² შეადგინა. დღეისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია. თუმცა, ზუსტი სურათი, დღეს რა მდგომარეობაა ამ კუთხით, არ არსებობს, რამდენადაც ბოლო 27 წლის მანძილზე თბილისის მწვანე საფარის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.

თბილისი ოქტომბერში
© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი ოქტომბერში

– ნუთუ ამ მხრივ მწვანე შუქი არ ჩანს?

— მწვანე შუქი გამოჩნდა. 2015 წელს მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურში შემუშავდა და ქალაქის საკრებულოში დამტკიცდა თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისთვის, სადაც გარემოს დაცვის ძირითადი თემებია მოცემული და ეკოლოგიურ პრობლემებზეა გამახვილებული ყურადღება. ეკოლოგიის სამსახურმა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო და მომავალში ამ პრობლემების ეტაპობრივი აღმოფხვრა მოხდება. 2017 წელს ქალაქის გენგეგმა დამტკიცდება. იმედი მაქვს, რომ უკონტროლო მშენებლობები ქალაქში აღარ გაგრძელდება, არც ხეების ინტენსიური მოჭრა მოხდება და თბილისის ახალი მთავრობა იზრუნებს იმაზე, რომ კანონები დაიხვეწოს. სარეკრეაციო ზონებთან დაკავშირებით ჩვენს ორგანიზაციასაც გააჩნია საინტერესო მოსაზრებები და რამდენიმე პროექტი უკვე მაქვს წარდგენილი. მოგეხსენებათ, დაფინანსების მოპოვება არც ისე ადვილია, თუმცა, იმედი მაქვს, შედეგს მივაღწევთ.

– დიდი მადლობა საუბრისთვის.

მთავარი თემები