სარკაზმით ნაამბობი ზღაპარი, ანუ „ჯადოსნურ“ ყუთში ჩაკარგულები

© Flickrტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვის "თავისუფლებისთვის" ბრძოლის პოლიტიკური მდგენელი... თემიდის ვერდიქტი, საჯარო ვიშვიში, კოლექტიური ყაყანიზაცია და პასუხისმგებლობასთან გაყრილი თავნება მედია... ვინ რისთვის იბრძვის და რატომ?

ჩემო ერთგულო მკითხველო, ამ ბოლო დროს ცისფერ ეკრანს გვიან ღამემდე ვუმზერ… უკვე კარგად ნაცნობ და ჯერ კიდევ უცნობ ტელეარხებზე „ამაყად“ ვმოგზაურობ და ახლა მინდა შთაბეჭდილებები, განსაკუთრებით კი, „სიამაყის“ მიზეზი გაგიზიარო…

უპირველესად, დარწმუნებული ვარ, რომ მოგზაურობის მოტივს არ იკითხავ და არც ის გაგიკვირდება, თუ ერთ დროს „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“, ახლა „სიტყვის თავისუფლების“ ფლაგმანის, მოკლედ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ბედით დაღონებული, ყველაზე დიდ დროს სწორედ ამ მედიასაშუალებას ვუთმობ… გემოვნება სხვაგვარი მაქვს, ზუსტად ვიცი, რას უნდა ვუყურო და რას არა, თუმცა რას არ გააკეთებ კაცი, როცა გული კეთილია და სიბრალულის განცდა გაწვება… და მეც ვუსმენ არხის მესვეურთ, ჟურნალისტებს და სტუდიაში მოწვეულ პერსონებს… სტუმართა შორის უკვე გამოცდილი და ახალბედა, განსხვავებული ხედვებისა და პრინციპების პოლიტიკოსები და მათსამებრ ქვეყნის მართვის მოსურნე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, იურისტები და სხვა მედიასაშუალებათა ცნობადი სახეები ჭარბობენ…

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

არის ერთი ვიშვიში… არა, უფრო „კორექტული“ ვიქნები და ვიტყვი, რომ ყაყანიზაცია ჰქვია იმას, რაც ბოლო დღეებში სხვადასხვა ფორმატის გადაცემებიდან ისმის. ჩვენი საზოგადოების ე.წ. „ელიტარული“ ნაწილის "მჭერმეტყველებას" ვგულისხმობ. კოლექტიურად გაბრაზების, "სიბრძნის" და ბოღმის უხვად ფრქვევის მიზეზი ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული და მკითხველისთვის კარგად ნაცნობი პროცესია. ვნებათაღელვამ მას შემდეგ იმატა, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება. ახლა კიდევ უფრო ხმამაღლა კეთდება პოლიტიკური, თემიდის შეურაცხმყოფელი და მუქარანარევი განცხადებები… „ხელისუფლების ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ“, „ქვეყნის მთავარი და რეიტინგული ტელევიზიის წაღების, დახურვის მცდელობა“, „სამარცხვინო პოლიტიკური პროცესი“, „სასამართლო ხელისუფლების აღსასრული“, „არალეგიტიმური არჩევნების საფრთხე“, „დარტყმა დასავლურ ღირებულებებსა და ევროატლანტიკურ არჩევანზე“, „ჩვენ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, არ დავთმობთ იმას, რაც ჩვენია“… ეს სიტყვათა ის წყობაა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის, თუმცა მას, ვინც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის „სახელოვან“ ისტორიას კარგად იცნობს, არ გაჰკვირვებია თემიდის ვერდიქტი. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მათ შორის ისიც, ეს ტელეკომპანია მრავალი წლის მანძილზე როგორ იცვლიდა მესაკუთრეებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული დინებების გათვალისწინებით… აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მფლობელთა საკითხი ერთადერთი როდია, რაშიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ერკვევა. საშუალო და უფროსი თაობის ტელემაყურებლისთვის ისიც ცხადია, რომ ეს ტელეკომპანია დაარსებიდან სულ რაღაც ორიოდე წლის შემდეგ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მმართველი პარტიის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ ერთი ჯგუფის ე.წ. ახალგაზრდა რეფორმატორების სამსახურში ჩადგა და დიდხანს იყო მისი ერთგული, ვიდრე თავად ამ ჯგუფის წევრების გზები არ გაიყო. ვეჭვობ, ვინმე საჭიროებდეს ე.წ. ვარდების რევოლუციაში ტელეკომპანიის „ღვაწლისა“ და როლის სწავლებასა თუ შეხსენებას. შემდეგ მედიასაშუალება ცხრა წლის განმავლობაში მმართველი პარტიის თვალებით უმზერდა სამყაროს. ბოლო ხუთი წელია მანაც, ნახელისუფლართა მსგავსად, ოპოზიციონერის მანტია მოისხა… ერთი სიტყვით, მას, ვისაც ამის დანახვის სურვილი აქვს, კარგად უწყის, რომ ეს ტელევიზია პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის მხარე იყო და პროპაგანდის იარაღი… შესაძლოა ამიტომაც ბევრს არ გაჰკვირვებია, როცა კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტი „ნაცების“ ვარსკვლავმა, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებული მოვლენებისა და მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ერთ-ერთმა „კრეატიულმა“ შემოქმედმა ნიკა გვარამიამ დაიკავა… მოულოდნელი არც ის ყოფილა, როცა არხის მესაკუთრე ქიბარ ხალვაში მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრებმა, ბიზნესმენმა ძმებმა ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა ჩაანაცვლეს… 

გაზეთები - Sputnik საქართველო
საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში მაჩვენებლები გააუმჯობესა

ახლა გაოცებული ვარ, მაინც რამდენი „გულშემატკივარი“ ჰყოლია სიტყვის „თავისუფლებას“ ჩვენში. მერე რა, რომ წლების განმავლობაში ტელეკომპანიის მესაკუთრის ხშირი ცვლილება არავის აშფოთებდა არხზე და მის მიღმა. მაშინ, რატომღაც, არავინ პროგნოზირებდა არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას…  

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მრავალგზის მოვისმინეთ მოსაზრება, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხი მოსამართლეთა სხვა კოლეგიას უნდა განეხილა. რომელ სხვას? ვეჭვობ, ნიკა გვარამიასა და მისი გუნდის მოსაწონი სასამართლო კოლეგია მოიძებნოს… თუმცა ნუ ვიჩქარებთ, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, საქმე განსახილველად უზენაეს სასამართლოს გადაეცემა. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ელიან და მავანნი არაორაზროვნად მიანიშნებენ, რომ ბოლო დროს აშკარად იკვეთება პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართვის მცდელობა… შემთხვევითი არ არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და „რუსთავი 2“-ის სარჩელებს ერთი და იგივე კოლეგია განიხილავს…

კერძო საკუთრების შელახულ უფლებაზე იშვიათად საუბრობს ვინმე. საინტერესოა კოლექტიური ყაყანიზაციის მონაწილეთაგან რომელი ერთი დათმობდა კერძო საკუთრების თუნდაც მცირე ნაწილს, დიახ, დათმობდა დიდი მიზნებისთვის, მაგალითად, მოახლოებული არჩევნების მოტივით, ან ქვეყნის იმიჯის შელახვის შიშით? ვფიქრობ, არც ერთი!!! 

ქართული მედია - Sputnik საქართველო
უფლებადამცველი: „მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ ქვეყანაში პროგრესია“

სიტყვის „თავისუფლებისა“ და მედიაპლურალიზმისთვის მებრძოლთაგან არავინ უფიქრდება, რომ საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია და, რაც მთავარია, საზიანოა, როცა მას მუდმივად და თანაც ყოვლად უსაფუძვლოდ უკიჟინებენ, რომ თურმე დამოუკიდებელ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, რეალურად კი ერთი პოლიტიკური გუნდის ტელევიზიაზე გადის საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისა და, ზოგადად, იბერიის გაბრწყინების პერსპექტივა… ამავე საკითხზე ამერიკის ელჩისა და დასავლეთის პოლიტ-ისტებლიშმენტის რიტორიკის ტირაჟირება ცალკე საუბრის თემაა… დასავლეთი ყოველთვის ცდილობს ფრთხილი პოზიცია შეარჩიოს, ის არც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და ცდილობს, მოვლენების სახელის დარქმევისგან თავი შეიკავოს. ჩვენი მეგობრები, პირველ რიგში, რისკ-ფაქტორებზე საუბრობენ და მათ განცხადებებს ზოგადი სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამაც, ეგება, დაასრულოს საკუთარ ხალხთან უცხოელი პოლიტიკოსების სიტყვების მათეული ინტერპრეტაციით საუბარი და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფალთა შესაძლო გაბრაზებით დამუქრება? აშკარად გასააზრებელი და გასათავისებელია ქვეყნის სუვერენიტეტის არსი, კერძოდ ის, რომ ეს სუვერენიტეტი ამ ქვეყნის მოქალაქეთა წინაშე ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას გულისხმობს…  

Amnesty International-ის ვებგვერდი - Sputnik საქართველო
საქმე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ Amnesty International-ის მოხსენებაში მოხვდა

ორიოდე სიტყვას ვიტყვი ჟურნალისტებზე, რომლებიც კორესპონდენტისა და რესპონდენტის, უფრო მარტივად, კითხვის დამსმელისა და კითხვაზე პასუხის გამცემის ამპლუაში ვიხილე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ პროფესიაშიც პროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლინებაა პროფესიიდან დროულად წასვლა… არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ მსურს ვთხოვო, ჩამოყალიბდნენ, სად სურთ ყოფნა, პოლიტიკაში თუ ჟურნალისტიკაში. არც ის არის სათაკილო, თუ დაფიქრების შემდეგ დაასკვნიან, რომ მათი ადგილი სულ სხვაგან არის…

ბოლო დროს განცდა მაქვს, რომ ცალკეულ მედიასაშუალებებსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ოდესღაც დადებულ გარიგებას, თუ გნებავთ, თამაშის წესს საფრთხე ემუქრება. გამგები გაიგებს…

ახლა სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის ქუჩაში გადატანას აანონსებენ. სასაცილოა!..

ქუჩაში ხეტიალმა მოიტანა ის, რაც ჩვენს თავს ხდება. მათ შორის პასუხისმგებლობასთან გაყრილი თავნება მედია… დანაშაულია და გული მწყდება, რომ აქამდე მივედით…

ყველა ახალი ამბავი
0