თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik.
საქართველოში ჩამოსული იყვნენ არანაკლებ სახელოვანი კინოვარსკვლავები — მარჩელო მასტროიანი, რობერტ რედფორდი, რობერტ დე ნირო… ეს ვიზიტები გასული საუკუნის 80-იან წლებში შედგა, ჩვეულებრივ, ცნობილი პიროვნებები საქართველოს დედაქალაქში მოსკოვიდან ხვდებოდნენ. შერონ სტოუნმაც თითქოს არ დაარღვია ჩამოყალიბებული საბჭოთა ტრადიცია და 2011 წლის 5 ივნისს ქართულ მიწაზე რუსეთის ავიაკომპანია „სიბირის” თვითმფრინავით, მოსკოვი-თბილისის საღამოს რეისით ჩამოვიდა.
ჰოლივუდის ვარსკვლავი ტრაპზე ვარდისფერი კაბითა და მხარზე გადაკიდებული ვარდისფერი ჩანთით გამოჩნდა. პირდაპირ ასაფრენი ზოლიდან „მერსედესებისგან“ შემდგარი კორტეჟით შერონ სტოუნი „ვარდების რევოლუციის“ მოედანზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მიიყვანეს.
შერონ სტოუნის ჩამოსვლას მტკვრის სანაპიროზე ტროპიკული თავსხმა წვიმა დაემთხვა. თუმცა შემდეგ, როდესაც ჩამობნელდა, თბილისი უეცრად მთვარის შუქმა გაანათა. ღამის ცაზე უკვე ვარსკვლავები გამოეფინნენ, როდესაც ჰოლივუდის ყველაზე ეროტიკული მსახიობი არანაკლებ ეროტიკულად ჩაცმული — კვლავ ვარდისფერ საღამოს კაბაში — სტუმრად გაემართა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან.
მიხეილ სააკაშვილმა უჰალსტუხოდ, ჯინსებში და ლურჯ-თეთრ ზოლიან პერანგში ჰოლივუდის ვარსკვლავს მთელს რეზიდენციაში პირადად მოუწყო ექსკურსია. თბილისის საღამოს ხედების დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მსახიობს თავისი სამუშაო კაბინეტი აჩვენა, აგრეთვე გააცნო მას ფოტოექსპოზიცია, რომელიც მნახველს ქვეყანასა და მის ხალხზე მოუთხრობს. საპატიო სტუმარმა ბევრჯერ წამოიძახა: „ღმერთო, რა ლამაზია“, „შესანიშნავია“, „ღმერთო, რა საოცარია“…
მიხეილ სააკაშვილმა შერონ სტოუნი ხრახნიანი კიბით რეზიდენციის შუშის გუმბათზე აიყვანა. გუმბათის შუაში არის წრით შემოხაზული მინის იატაკი, საიდანაც ქვემოთ ყველა სართული მოჩანს, რაც უფსკრულის შთაბეჭდილებას ქმნის და სიმაღლის შიში გეუფლება.
პრეზიდენტმა სტუმარს უთხრა, რომ ეს აქ ყველაზე სახიფათო ადგილია და მას მინის იატაკის ცენტრში დადგომა შესთავაზა. სტუმარი უარზე იყო, მაგრამ პრეზიდენტმა მსახიობს ხელი მოჰკიდა და იატაკის შუაგულამდე ძალით მიიყვანა. შერონი თან კიოდა და თან იცინოდა. მიშამ, როგორც მას სიყვარულით მიმართავენ თაყვანისმცემლები, მაინც დააყენა იგი მინის წრეზე, შემდეგ მხრებზე ხელი მოხვია, მარცხენა მკერდთან მიიკრა „ბევრი მამაკაცის ოცნება“ და უთხრა, რომ იატაკი შემოწმებულია და მასზე არა მხოლოდ დგომა, არამედ ცეკვაც შეიძლება.
ზოგიერთებმა ივარაუდეს, რომ „ძირითადი ინსტიქტის“ გმირს, შეიძლება, გამჭვირვალე იატაკზე დადგომა ასე ძალიან იმიტომ არ უნდოდა, რომ მიშასთან ნაჩქარევად და თან ისე ჩაცმული მივიდა, როგორც ამ ფილმში მისი გმირი გამომძიებელთან დაკითხვაზე მივიდა.
პრეზიდენტის რეზიდენციის დათვალიერების შემდეგ კინოვარსკვლავის კორტეჟი ფეშენებელურ რესტორან „კოპალასთან“ ნახეს, საიდანაც მოციმციმე ღამის თბილისის ზღაპრული ხედი მოჩანს.
ცნობილია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, კერძოდ, მას უყვარდა აქ ვახშმობა კონდოლიზა რაისთან ერთად, როდესაც ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო.
საღამოს კინოთეატრ „რუსთაველში“ ფილმ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერა გაიმართა, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავმაც მიიღო მონაწილეობა. შერონ სტოუნი წითელ ხალიჩაზე შავ კაბასა და შავ ბეწვის მოსასხამში გამოჩნდა. თბილისში ყოფნის დროს შერონ სტოუნს ვარცხნილობა ორჯერ გაუკეთა ქართველმა სტილისტმა მიშა გასიტაშვილმა. პირველად — საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის წინ, მეორედ — კინოფილმის პრემიერის წინ. „თავდაპირველად მსახიობმა და მე მოვილაპარაკეთ, რომ მას თმას ავუწევდი, ვინაიდან დღეს პრემიერაა, და ის დამთანხმდა, — თქვა სტილისტმა, — თუმცა, შემდეგ მითხრა, რომ უმჯობესია თმის გაშლა, რადგან სურს, რომ უფრო სადად გამოიყურებოდეს. მან მითხრა: „წარმოიდგინე, რომ სახლში ვარ და ისე გააკეთე“.
საღამოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა საქველმოქმედო ვახშამი შერონ სტოუნის მონაწილეობით. ამისთვის შეფ-მზარეული პარიზიდან ჩამოიყვანეს. სპეციალურად ღონისძიებისთვის ეკვადორიდან 7 ათასი წითელი და ნარინჯისფერი ვარდი ჩამოიტანეს. 25 მაგიდასთან 150 სტუმარი იჯდა, რომლებსაც 75 ოფიციანტი ემსახურებოდა. მოჰქონდათ ევროპული და ქართული კერძები, წითელი და თეთრი ღვინო. საღამოზე მიწვევა 5000-დან 12000 დოლარამდე ღირდა. ქართული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ადგილი შერონ სტოუნის გვერდით საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა დეპუტატმა ყოფილი მმართველი პარტიიდან, საქართველოს ოქროს საბადოს ფაქტობრივმა მფლობელმა კობა ნაყოფიამ იყიდა.
მეორე დღეს შერონ სტოუნმა ძველი თბილისი დაათვალიერა. აქ უკვე მისი გიდი, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე იყო, რომელიც კურირებას უწევდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.
შერონ სტოუნი ეწვია ქართული ეროვნული ტანსაცმლის მაღაზიას, აქვე გამოფენილი იყო ხალიჩები, რომლებიც სტუმარს ძალიან მოეწონა. მაღაზიის მფლობელმა ქალბატონმა ვარსკვლავს ქართული ეროვნული ორნამენტებით გაწყობილი გობელენის ჩანთა აჩუქა.
სუვენირების ფარდულში შერონ სტოუნმა ჩურჩხელა იყიდა იქვე დააგემოვნა; სეირნობის დროს შემთხვევით შეხვედრილ ბავშვებს დაჭერობანაში „გაეჯიბრა“ და მათთან ფოტოსურათიც გადაიღო.
შერონ სტოუნი იყო მეტეხის ტაძარში, ანჩისხატის ეკლესიაში. შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც მსახიობს ესაუბრა ხელოვნების შესახებ, მოასმენინა მას საკუთარი ნაწარმოებები — „ავე მარია“ და „სანქტუსი“, ჰოლივუდის ვარსკვლავი დალოცა და მას ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.
ქართველმა დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა ჰოლივუდის ვარსკვლავს თავისი შეკერილი ძვირფასი ქვებით მორთული შავი ფერის კაბა მიართვა.
„ეს კაბა მეტად ძვირფასი მატერიისგან არის შეკერილი, — განმარტა დათუნა სულიკაშვილმა, — ის მოქარგულია და მასზე აქატების დიდი მძივებია მიმაგრებული. კაბა შერონ სტოუნს მის ნომერში მივართვი, როცა გაშალა, აღფრთოვანებული იყო. ძალიან გამიხარდა, როდესაც კაბა მოიზომა, ის მას მართლა ძალიან მოეწონა, მსახიობს ეამა საჩუქარი“. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა შერონ სტოუნს ქართული საიუვილერო კომპანია „ზარაფხანის“ წარმოების ქართული ოქროს სამკაულები აჩუქა.
საქართველოს დედაქალაქში შერონ სტოუნის ყოფნის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს. გადაიკეტა რუსთაველის პროსპექტი, სადაც ქართველებს შერონ სტოუნი წითელ ხალიჩაზე გამოეცხადა. სამართალდამცავთა ასეთი რაოდენობა თბილისს, 2005 წელს საქართველოს დედაქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ჩამოსვლის შემდეგ არ ახსოვს. მაგრამ, როგორც განმარტეს, ასეთია თანამედროვე სინამდვილეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები. როდესაც საქართველოს ტოვებდა, შერონ სტოუნმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მოხარული ვარ, რომ აქ ჩამოვედი, და ბედნიერი ვარ, რომ ვნახე თქვენი ქვეყანა… გამორჩეულად მომეწონა ლამაზი ეკლესიები, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მიმყვება საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისგან. მიხარია, რომ დავესწარი ფილმის პრემიერას, და ვწუხვარ, რომ ომის შემდეგ ბევრ ხალხს მოუწია საკუთარი სახლების დატოვება… თქვენ ძალიან კარგი ქვეყანა გაქვთ, ყველას ვურჩევ, აქ (საქართველოში) გადაიღონ ფილმები… აქ სულ ორი დღე დავყავი… ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ მეტად მდიდარი ენა გაქვთ, და რომ აქ შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს. გისურვებთ მშვიდობას“.
ავტორი – ბესიკ ფიფია, Sputnik Грузия
ნაწყვეტი ნარკვევიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“