საქართველო თურქეთის სტატუსს ირგებს?

© AFP 2024 / JACK GUEZნავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთის გეგმებზე, მოარგოს საქართველოს სატრანზიტო ზონის თურქული სტატუსი, საუბრობს ექსპერტი ნადანა ფრიდრიხსონი. მისი აზრით, თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობა საქართველოში დროთა განმავლობაში გაამართლებს.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik.

ნადანა ფრიდრიხსონი, ანალიტიკური ცენტრი „კუბი“, ექსპერტი.

სპეციალურად საიტისთვის „სპუტნიკი-საქართველო“. 

ივლისში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომელმაც უამრავი შეკითხვა და სკეპტიკური შეფასება დაბადა. ითქვა, რომ საქართველოს საკუთარი გაზი აქვს და თანაც იმდენი, რომ არა მხოლოდ ეყოფა მთელ ქვეყანას (საქართველოს წელიწადში დაახლოებით 2 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს), არამედ ექსპორტზეც გაიტანს. 

ახალი ამბავი ამერიკულმა ნავთობგაზის კომპანია „ფრონტერა რისორსიზმა“ გაახმოვანა. მან ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ უკვე დაიწყო ქართული გაზის მოპოვება მწარე ხევის საბადოებიდან, სადაც, კომპანიის შეფასებით, 42 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი გაზი მოიპოვება. 

მიმდინარე წლის ივლისში ვაშინგტონში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „ნეფტოგაზ უკრაინის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესა და „ფრონტერა რისორსიზის“ წარმომადგენლებს შორის, რის შემდეგაც საქართველოს გაზის პოტენციალის თემამ ახალი შეფერილობა შეიძინა.  

პირველი: გადაითვალა გაზის სავარაუდო მოცულობა, რომელიც „ფრონტერამ“ ახლა 300 მლრდ კუბომეტრად შეაფასა. მეორე:  „ნეფტოგაზ უკრაინის“ დირექტორმა ბიზნესის განვითარების მიმართულებით, იური ვიტრენკომ თამამი განცხადება გააკეთა, რომ ქართული გაზი უკვე 2017 წლისთვის დაიწყებს უკრაინულ ბაზარზე შედინებას. 

ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ ამ ინფორმაციას. მათი ვარაუდით, ეს უფრო ეპატაჟური ხასიათის „ახალი ამბავი“ იყო, რასაც ენერგეტიკული კუთხით კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისას კოზირად გამოიყენებდა.   

მაგრამ მედიის ინფორმაციით, „ფრონტერამ“ უკვე ჩადო ქართული გაზის მოპოვების პროექტში დაახლოებით 400 მლნ დოლარი. ამას გარდა, ასევე ძალიან დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობა ცისფერი საწვავის ახლადმოვლენილი ექსპორტიორის ტერიტორიაზე.  

ნუთუ ნავთობგაზის კომპანია ასეთ ხარჯებს მხოლოდ მცირე მოცულობის ქართული გაზის უკრაინაში გადასაქაჩად გაიღებს?

რთულად დასაჯერებელია ისიც, თითქოს „ფრონტერა“ ამხელა თანხებს მხოლოდ იმისთვის ხარჯავდეს, რომ კიევს  მოსკოვთან ვაჭრობის შანსი მიეცეს, ხოლო დასავლელ პოლიტიკოსებს — მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს განვითარების ახალი ეტაპის დაწყების — რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების გაკეთებისა.  

ნათელია, რომ საქმე მარტო უკრაინა და რიტორიკა არ არის. ნათელია ისიც, რომ ქართული გაზის ისტორია, საბოლოო ჯამში, ვერ აცდება „გეოპოლიტიკურ სიურპრიზებს“, რომელთა დედაარსიც აგულიანებს კომპანიას, ერთი შეხედვით, საეჭვო ინვესტიციები ჩადოს საქმეში. საყურადღებოა ისიც, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის მიმართ ინტერესი თურქული კრიზისის პირდაპირპროპორციულად იზრდება. 

თურქეთის ბრძოლა, საქართველოს სარგებელი 

ბოლო დროს თურქეთის სატრანზიტო როლი, როგორც გაზის ევროპულ ბაზარზე მიმწოდებლის, რამდენჯერმე გაიზარდა. საქმე მხოლოდ აზერბაიჯანული პროექტის რეალიზაციაში კი არაა, არამედ რუსეთის „სამხრეთ ნაკადიდან“ „თურქულ ნაკადზე“ გადართვაშიც. ვრცელდებოდა ხმები იმის თაობაზეც, რომ გაზის სამხრეთ დერეფნის ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ლოგისტიკას ირანიც შეუერთდებოდა (სანქციების მოხსნის შემდეგ). ეს ყველაფერი ერთად აღებული კი რუსულ გაზს საგრძნობ კონკურენციას გაუწევს.

მაგრამ ახლახან თურქეთის მიერ წამოწყებულმა ტრანსსასაზღვრო ოპერაციამ შესაძლოა ქვეყანა სირიაში გაჭიანურებულ სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს. ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითი შედეგები ექნება გაზის თურქეთზე გამავალი სავარაუდო პროექტებისთვის. 

ამას ადასტურებს თურქეთ-ირანის გაზსადენზე მომხდარი ბოლო ინციდენტიც. სამი დღეც არ იყო გასული „ქურთისტანის შრომის პარტიის“ განცხადებიდან ანკარასთან ზავის დარღვევის შესახებ, რომ ამ გაზსადენის ერთ-ერთ უბანზე აფეთქება მოხდა.  

ამ ვითარებაში აშშ-სა და ევროკავშირს, რომლებიც დაინტერესებულები არიან გაზის სამხრეთ დერეფნის სასწრაფო რეალიზაციაში, შეუძლიათ თამამად გადავიდნენ „გეგმა ბ-ზე“. ეს გეგმა სულაც არ არის სპონტანურად შემუშავებული, ვინაიდან დასავლეთი თურქეთს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ნატოს წევრია, მაინც არასანდო პარტნიორად განიხილავს. 

ამის მიზეზი მარტო რეგიონული კონტექსტი კი არ გახლავთ, არამედ ანკარის მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მცდელობაც. აქედან გამომდინარეობს ექსპერტების ვარაუდიც, რომ აშშ შეგნებულად ითრევს თურქეთს ხანგრძლივ კონფლიქტში, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს „მშვიდობიანად“ დაერწმუნებინათ ერდოღანი, უარი ეთქვა მთელ რიგ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ასეთ საკითხთა შორისაა პროექტ  „თურქეთის ნაკადზე“ შეთანხმებაც, რომლის რეალიზაციაც ხელს შეუწყობდა თურქეთის ტერიტორიაზე გაზის მსხვილი ჰაბის შექმნას, რაც ანკარას იმუნიტეტს მისცემდა.

თავის მხრივ ევროკავშირს აღიზიანებდა ის ფაქტიც, რომ „თურქული ნაკადის“ განხორციელების შემთხვევაში მათ უკრაინის სატრანზიტო როლთან გამომშვიდობება მოუწევდათ. უფრო მეტიც, მოუწევდათ გამოენახათ დამატებითი საშუალებები რუსული გაზის მისაღებად. 

ყოველივე ამას ვაშინგტონი და ბრიუსელი კანონზომიერად მიჰყავს იქამდე, რომ ფსონი საქართველოზე დადონ, რომელმაც უკვე მოირგო სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სატრანზიტო ზონის როლი და ახლა სავსებით შეუძლია იქცეს სწორედ იმ „ფანჯრად ევროპაში“, რომელიც კასპიურ გაზს ევროპის ბაზარზე გადაქაჩავს.  

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებშიც საქართველოც მონაწილეობს საგაზო ლოგისტიკის კუთხით, გვაჩვენებს, რომ თბილისში ესმით მათი ქვეყნის მიმართ გაზრდილი ინტერესის უმთავრესი მიზეზი და ემზადებიან კიდეც თურქეთის სტატუსის მოსარგებად.  

სამი ერთში?

მედიამ ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია გაზის პროექტ AGRI-ის (აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი) რეანიმაციის თაობაზე. რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტრომ დაადასტურა ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ბაქომ, თბილისმა და ბუქარესტმა AGRI-ის განვითარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. 

განიხილება აზერბაიჯანული თხევადი გაზის მიწოდების სამი ვარიანტი. ყოველწლიური მიწოდების მაქსიმალურმა მოცულობამ შესაძლოა 8 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწიოს. 

ამის პარალელურად, საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვიც ეწვია, რომელმაც, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში კრიზისის ფონზე, ევროპულ მხარესთან თურქმენული გაზის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესახებ მოლაპარაკებები გაააქტიურა.  

შემაჯამებელ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა. ამ შეთანხმებების თანახმად, საქართველოს თურქმენეთი ენერგორესურსების ევროპაში გატანის კუთხით, უმთავრეს პარტნიორად განიხილავს.  

ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველო შესაძლოა გაზის ორი პროექტის მონაწილე გახდეს, რომლებსაც ევროკავშირი რუსული გაზის ალტერნატივად მიიჩნევს.  მართალია, გაზის სავარაუდო მოცულობა ჯერჯერობით არ წარმოადგენს რუსეთისთვის საფრთხეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ირანი. 

სანქციების მოხსნის მოლოდინში ირანი ნავთობისა და გაზის ბაზარზე გასვლის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ძირითადი აქცენტი შესაძლოა ირანიდან თურქეთისკენ მიმავალი, უკვე არსებული ნავთობსადენის გაფართოებაზე გაკეთდეს. თუმცა თეირანი, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ალტერნატიულ მარშრუტებზეც ფიქრობს. 

მაისის ბოლოს, პირველად უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ქართულ-ირანული თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა, სადაც საუბარი იყო ირანული გაზის საქართველოში ექსპორტზე. 

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ირანის მონაწილეობა მსგავს პროექტებში მხოლოდ განცხადებებითა და ვარაუდებით შემოიფარგლება. და ასე გაგრძელდება ირანისთვის სანქციების მოხსნაზე ბიუროკრატიული ფინიშის დადგომამდე. იმ დროისათვის ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გაზის რუკის ზოგად გადანაწილებასა და ირანის, ერთი მხრივ რუსეთთან, ხოლო მეორე მხრივ — დასავლეთთან ორმხრივი ურთიერთობის ასპექტებზე. 

და მაინც, პერსპექტივაში თეირანს ტექნოლოგიურად შესწევს უნარი, შესძინოს საქართველოს სატრანზიტო ზონის როლი ირანული გაზის ევროპაში გასატანად, კერძოდ, სული შთაბეროს გაზის სისტემას IGAT (ირანის მაგისტრალური გაზსადენი. — რედ.) 

ყველაფერი ეს მოწმობს, რომ დასავლეთის გეგმები, მოარგოს საქართველოს თურქეთის სატრანზიტო ზონის სტატუსი, სავსებით რეალურია.  კამათი შესაძლოა მხოლოდ იმაზე იყოს, თუ რომელი იქნება მიმღები ქვეყანა — უკრაინა თუ რუმინეთი. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოში თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობა დროთა განმავლობაში გაამართლებს.

განსაკუთრებით ახლა, როდესაც ანკარის ნაბიჯების გამო პროექტი „თურქული ნაკადი“ შესაძლოა ჩაიშალოს კიდეც. საქმე ხომ მხოლოდ თურქეთის მხრივ ვაჭრობაში არაა, არამედ გაზსადენის გაყვანის უსაფრთხოებაშიც. 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0