მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ატომური ეპოქის დასაწყისი: საშინელი "გაჯეტი" და არშემდგარი დარტყმა სსრკ–ზე

© photo: Sputnikატომური აფეთქება
ატომური აფეთქება - Sputnik საქართველო
გამოწერა
1945 წლის 16 ივლისს, სისხამ დილით, ავისმაუწყებელმა „სოკომ“ ნიუ–მექსიკოს შტატში, ალამოგორდოს პოლიგონზე, კაცობრიობის ისტორიაში ახალ ეპოქას დაუდო სათავე. ეპოქას, რომელშიც ბირთვული იარაღი ზესახელმწიფოების დავაში უკანასკნელ და გადამწყვეტ არგუმენტად იქცა.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. 

სერგეი ვარშავჩიკი „რასია სივოდნიასთვის“. 

… რამდენიმე დღის წინ აშშ–მა ახალი ბირთვული ბომბის მაკეტის პირველი გამოცდა ჩაატარა, რითაც მსოფლიოს „ცივი ომის“ ისტორიის ბნელი გვერდები შეახსენა. ეს ღონისძიება, როგორც ჩანს, პირველი ატომური ბომბის გამოცდის 70 წლისთავს მიეძღვნა. 1945 წლის 16 ივლისს, სისხამ დილით, ავისმაუწყებელმა „სოკომ“ ნიუ–მექსიკოს შტატში, ალამოგორდოს პოლიგონზე  კაცობრიობის ისტორიაში ახალ  ეპოქას დაუდო სათავე. ეპოქას, რომელშიც ბირთვული იარაღი ზესახელმწიფოების დავაში უკანასკნელ და გადამწყვეტ არგუმენტად იქცა. 

„გაჯეტი“, რომელმაც სამყარო შეცვალა

 პლუტონის ბომბი, სახელწოდებით Gadget (მოწყობილობა), ერთ–ერთი იყო იმ სამ ატომურ ბომბს შორის, რომლებიც იმ დროისთვის ჰქონდა შეერთებულ შტატებს. ავისმომტანი სამეული ამერიკული ბირთვული „მანჰეტენის პროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.  მიუხედავად იმისა, რომ პროექტში სხვადასხვა ქვეყნის ასობით წამყვანი ფიზიკოსი მონაწილეობდა, ბომბის გამოცდის წინ დაზუსტებით არავინ იცოდა, რა მოხდებოდა პოლიგონზე. ერთნი ვარაუდობდნენ, რომ  ის არ იმუშავებდა, ხოლო მეორენი საშინელი ძალის აფეთქებას პროგნოზირებდნენ, რომელსაც ნიუ–მექსიკოს განადგურება შეეძლო, მესამენი კი შიშობდნენ, რომ ატომური ბომბი მთელი პლანეტის ჟანგბადს შთანთქავდა. სიმართლესთან ყველაზე ახლოს ისიდორ რაბი აღმოჩნდა, რომლის გამოთვლების თანახმად, აფეთქების სიმძლავრეს, ტროტილის ეკვივალენტში, 18 კილოტონა  უნდა შეედგინა. სინამდვილეში მისი სიმძლავრე 21 კილოტონა გამოდგა. 

აი, როგორ აღწერდა თვითმხილველი ნანახით მიღებულ შთაბეჭდილებებს: „სიბნელიდან თვალისმომჭრელ სინათლეში ერთ წამში გადავინაცვლე და თბილ, კაშკაშა თეთრ–ყვითელ შუქში ჩავეფალი. რამდენადაც მახსოვს, ამან მე უბრალოდ გამაოგნა“. მეორე თვითმხილველმა საერთო საუზმისას თქვა: „როცა სამყაროს აღსასრული დადგება, დედამიწის არსებობის უკანასკნელი წამის მემილიონედში უკანასკნელი ადამიანი რაღაც იმის მსგავსს იხილავს, რაც ჩვენ ვნახეთ“.

„მე სიკვდილად ვიქეცი“

 აფეთქებისგან წარმოქმნილი ღრუბელი 11 კილომეტრზე მაღლა აიწია, მიწაში 360 მ დიამეტრის ღრმული გაჩნდა, ხოლო მის გარშემო 700 მეტრის რადიუსში ქვიშა მინდა გადაიქცა. რადიოაქტიურად დაბინძურდა ტერიტორია ეპიცენტრიდან 160 კილომეტრის დაშორებით.   

„პროექტმანჰეტენის“ სამეცნიერო ხემძღვანელს, ამერიკელ ფიზიკოს რობერტ ოპენჰეიმერს აფეთქების მომენტში გაახსენდა გამონათქვამი ძველინდური „მაჰაბჰარატიდან“: „მე ვარ სიკვდილი — სამყაროთა გამანადგურებელი“. და ის მართალი იყო. გამოცდის შემდეგ ოპენჰეიმერმა პროექტის სამხედრო ხელმძღვანელს, გენერალ ლესლი გროვსს უთხრა, ახლა ომი დამთავრებულიაო, რაზეც გენერალმა უპასუხა: „მხოლოდ მას შემდეგ, რაც იაპონიაში ორ ბომბს ჩამოვაგდებთ“. 

არადა „პროექტი მანჰეტენი“ აშშ–მა 1943 წლის შემოდგომაზე უპირველესად ნაცისტური გერმანიის ბირთვული პროგრამის პასუხად წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და გერმანიის მიერ ოკუპირებულ ევროპას ატლანტიკის ოკეანე ჰყოფდა, ფიქრი იმაზე, რომ ჰიტლერს შეიძლება სუპერიარაღი ჩაეგდო ხელთ, აუტანელი იყო აშშ პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტისათვის. მის შიშებს კიდევ უფრო აღვივებდნენ ე.წ ღერძის ქვეყნებიდან გამოსული ემიგრანტი მეცნიერები (ღერძის სახელმწიფოები, ანუ ფაშისტური ქვეყნების ალიანსი — რედ.). 

დავასწროთ ნაცისტებს

ყველაფერი ალბერტ ინშტაინის წერილით დაიწყო, რომელიც მან 1939 წელს გაუგზავნა აშშ–ის პრეზიდენტს. წერილში ის წერდა, რომ სამეცნიერო კვლევების შედეგად, უახლოეს მომავალში, ურანის ბირთვული რეაქციის საფუძველზე „ახალი ტიპის განსაკუთრებულად მძლავრი ბომბების შექმნა“ იქნებოდა შესაძლებელი. მისი თქმით, ერთი ასეთი ბომბი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ნაფოტებად ექცია მთელი პორტი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აფრთხილებდა მას იმის თაობაზე, რომ ამერიკაში ურანი ძალიან ცოტა იყო, ხოლო გერმანიაში უკვე მუშაობდნენ მსგავსი იარაღის შექმნაზე. ცნობილი ფიზიკოსი თავის წერილში ქვეყნის მთავრობას საკუთარი  ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობის დაწყებას სთავაზობდა. 

წერილის ფაქტობრივი ავტორები უნგრელი ფიზიკოსები: ლეონ სილარდი, იუჯინ ვიგნერი და ედვარდ ტეპლერი იყვნენ, რომლებმაც დაიყოლიეს გერმანიიდან ემიგრირებული ცნობილი კოლეგა და წერილზე ხელი მოაწერინეს. ეს მათ პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად სჭირდებოდათ. მოგვიანებით აინშტაინი იხსენებდა, რომ მიუხედავად პაციფისტობისა, წერილს ხელი მაინც მოაწერა. და ეს მხოლოდ იმის გამო გააკეთა, რომ შიშობდა, მესამე რეიხს თავისი მტრებისთვის არ დაესწრო ბირთვული იარაღის შექმნა. 

მართლაც, გერმანელები იმ დროისთვის ყველაზე წინ იყვნენ ბირთვულ კვლევებში, თუმცა პრაქტიკული რეზულტატებისთვის ჯერაც ვერ მიეღწიათ. ამის მიზეზი გა მოყოფილი სახსრებისა და ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანთა უკმარისობა გახლდათ. საქმე ისაა, რომ ნაცისტებს, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით აწარმოებდნენ ტოტალურ ომს, ნაკლებად აინტერესებდათ ყველაფერი ის, რაც სწრაფ შედეგზე არ იყო გათვლილი.  

ანგლოსაქსების სოლიდური კოზირი

ამერიკელებს კი ფულიც ჰქონდათ და დროც. და რაც მთავარია — მათ განკარგულებაში იყვნენ ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპის ქვეყნებიდან წამოსული კვალიფიციური კადრები, რომლებიც მზად იყვნენ მთელი ძალით ემუშავათ, ოღონდ ჰიტლერისთვის დაესწროთ. ბირთვულ ბომბს დაახლოებით 130 ათასი ადამიანი „ამზადებდა“, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. 

1945 წლისთვის აშკარა გახდა, რომ გერმანიას არანაირი „სასწაულებრივი იარაღი“, რომელზეც ამდენს გაჰყვიროდა ნა ცისტური პროპაგანდა, არ გააჩნდა. 

აშშ–ს მეორე სტრატეგიული მოწინააღმდეგე, იაპონია კი „ადამიანურ ფაქტორზე“ აკეთებდა ფსონს და ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის წინააღმდეგ კამიკაძეებს იყენებდა. მოკავშირე საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს უახლოეს მომავალში ბირთვული იარაღი, სავარაუდოდ, არ ექნებოდათ. ასე რომ, ამერიკა, როგორც სუპერბომბის მფლობელი, სამყაროს მბრძანებლად გვევლინებოდა. 

რუზველტმა ბირთვულ პროექტზე არსებული ინფორმაცია ჩერჩილს გაუზიარა, მაგრამ არა სტალინს. აშშ პრეზიდენტი შორს იყურებოდა. მისი ვარაუდით, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ და ამერიკა საერთო მტრის წინააღმდეგ ომობდნენ, ჰიტლერული გერმანიისა და იმპერატორული იაპონიის დამხობის შემდეგ, წინა პლანზე ორ ზესახელმწიფოს შორის არსებული წინააღმდეგობები წამოიწევდა წინ. და ამ გეოპოლიტიკურ თამაშში ატომური ბომბი წონადი კოზირი იქნებოდა ანგლოსაქსებისთვის. 

თვითმკვლელობის ტოლფასი შეჯიბრი

ამ პოლიტიკას მრავალი სახელოვანი მეცნიერი ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, „პროექტ მანჰეტენის“ კონსულტანტი, ოკუპირებული დანიიდან 1943 წლის შემოდგომაზე ლტოლვილი ცნობილი ფიზიკოსი  ნილს ბორი მიიჩნევდა, რომ დასავლეთს აუცილებლად უნდა ჩაერთო საბჭოთა კავშირი ატომური იარაღის შექმნაზე ერთობლივ მუშაობაში. დანიელი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ამით ამერიკელები და ინგლისელები რუსებს დაანახებდნენ, რომ პროექტი მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთიცა და მეორეც თვითმკვლელობის ტოლფას ბირთვულ შეჯიბრში ჩაერთვებოდნენ. 

1944 წელს გამართულ პირად საუბარში რუზველტმა დაარწმუნა ბორი, რომ აუცილებლად აცნობებდა საბჭოეთს ატომური პროექტის თაობაზე, თუმცა ეს არ გაუკეთებია. პირიქით, ამის მაგივრად მან ჩერჩილთან ხელშეკრულებაც კი გააფორმა, რომ დასავლური ბირთვული პროექტი — ეს „უკიდურესად საიდუმლო“ საქმე იყო. 

რუზველტის გარემოცვას მიაჩნდა, რომ ბრიტანეთისთვის საიდუმლოს გამხელა ომის პერიოდში ინგლისის შერყეულ პოზიციებსაც გაამყარებდა და იმის გარანტიაც იქნებოდა, რომ „ნისლისნი ალბიონი“ დამჯერი ბავშვივით გაჰყვებოდა ომისშემდგომ ამერიკულ პოლიტიკას. 

რუზველტის სიკვდილის შემდეგ, 1945 წლის 12 აპრილს, აშშ–ში ხელისუფლება ვიცე–პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ხელში გადავიდა. მას მიაჩნდა, რომ განსვენებულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრ რამ დაუთმო საბჭოთა კავშირს იალტის კონფერენციაზე. ის არ აპირებდა დაემალა საბჭოეთისთვის ბირთვული საიდუმლო, მაგრამ მისი გამხელა ამერიკული პოლიტიკისთვის ზეაღმატებით ეფექტური უნდა ყოფილიყო.  

მოესწროს კონფერენციამდე

1945 წლის 16 ივლისს პოტსდამის კონფერენცია იხსნებოდა, რომელზეც გამარჯვებულ ქვეყნებს ომისშემდგომი ევროპის ბედი უნდა გადაეწყვიტათ. „გაჯეტის“ გამოცდა სხდომის დაწყების წინა დღეს გაამყარებდა აშშ–ის დელეგაციის პოზიციებს მოლაპარაკებებში. ოპეჰეიმერი და გენერალი გროვსი მოგვიანებით იხსენებდნენ, როგორ ციებცხელებიანებივით ემზადებოდნენ ბომბის გამოსაცდელად და რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ამას თეთრ სახლში იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში მოლაპარაკებები იგეგმებოდა. 

კონფერენციაზე ტრუმენმა სტალინს კოლოსალური დამანგრეველი ძალის ბომბის გამოცდის თაობაზე უამბო, მაგრამ, მისდა გასაოცრად, სტალინი არც აღელვებულა და ერთი კითხვაც კი არ დაუსვამს მოსაუბრისთვის. ამერიკის პრეზიდენტმა იფიქრა, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერმა ვერ გაიგო, რაზე იყო საუბარი. სინამდვილეში კი ფიზკულტურელების საუკეთესო მეგობარმა, საბჭოთა დაზვერვის წყალობით, კარგად უწყოდა „პროექტ მანჰეტენის“ შესახებ. ის უბრალოდ შეეცადა, არ დაენახებინა ტრუმენისთვის საკუთარი შფოთვა. ამ საუბრის შემდეგ სტალინმა მითითება მისცა ფიზიკოს იგორ კურჩატოვს, დაეჩქარებინა მუშაობა ატომური ბომბის საბჭოთა ვარიანტზე. 

აი, ჩერჩილმა კი ემოცია ვერ დამალა და წამოიძახა: „ ეს ხომ მეორედ მოსვლაა!“

თვალსაჩინოდ დასჯა

მაშინ ტრუმენმა გადაწყვიტა, მეტად თვალსაჩინო გაეხადა ბირთვული აფეთქების ძალა. 1945 წლის 25 ივლისს მან იაპონიის ოთხი ქალაქიდან — ჰიროსიმა, კოკურა, ნიიგატა და ნაგასაკი — ორის (ამინდის მიხედვით)   დაბომბვის ბრძანებას გასცა. მას მიზნად იაპონელების დაშინება, მათი კაპიტულაციისკენ წაქეზება და სხვების, უპირველესად კი საბჭოთა კავშირის ფსიქოლოგიური დათრგუნვა ჰქონდა. ამერიკელებმა თავი შეიკავეს ტოკოიოსა და კიოტოს — იაპონიის ახალი და ძველი დედაქალაქების დაბომბვისგან, ვინაიდან შიშობდნენ, რომ საიმპერტორო ოჯახისა და ეროვნული სიწმიდეების განადგურება ამომავალი მზის ქვეყნის მოსახლეობას მძლავრ სტიმულს მისცემდა ამერიკელების წინააღმდეგ ბრძოლის განსაგრძობად. 

ტრუმენი მშვენივრად აცნობიერებდა, რასაც აკეთებდა. 1945 წლის ივლისის მეორე ნახევარში მან საკუთარ დღიურში ჩაწერა: „ჩვენ შევიმუშავეთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი იარაღი“. 

საბოლოოდ, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში გარდაცვლილთა საერთო ჯამმა 246 ათასი შეადგინა. და ეს იმათი გამოკლებით, ვინც დასხივების შედეგად განვითარებული დაავადებებით გარდაიცვალნენ. 

შეტევა საბჭოთა კავშირზე

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და „ცივი ომის“ დასაწყისში ტრუმენი ვერ წყვეტდა ყოფილი მოკავშირის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საჰაერო ძალების გენერლები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ის საბჭოთა კავშირის 70 ქალაქში 133 ბომბის ჩამოყრაზე (აქედან 8 მოსკოვში და 7 ლენინგრადში). ამასთან ვარაუდობდნენ, რომ ბომბარდირების პირველი ფაზისას დაახლოებით 7 მლნ საბჭოთა მოქალაქე დაიღუპებოდა. 

მაგრამ საერთო გათვლებმა აჩვენა, რომ ატომური ომი ვერ აიძულებდა სსრ კავშირს კაპიტულაციას, დასავლეთი კი გაურკვეველი პერსპექტივის ომში აღმოჩნდებოდა ჩათრეული. 

1949 წლის სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ამერიკამ პირველი საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდის შესახებ შეიტყო, ზემოხსენებული საომარი გეგმები მოძველდა, ხოლო ატომური იარაღი შემტევიდან თავდაცვით რანგში გადავიდა და Ultima ratio regum, ანუ „მეფეთა უკანასკნელ არგუმენტად“  იქცა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0