01:51 07 დეკემბერი 2016
პირდაპირი ეთერი
საახალწლო მოსართავები

თბილისში საქველმოქმედო საახალწლო ბაზრობა გაიმართება

© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (9)
2310

სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული საახალწლო ნუგბარისა და ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო პროექტებს მოხმარდება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 3 დეკემბერს ტრადიციული საქველმოქმედო საშობაო-საახალწლო ბაზრობა გაიმართება.

გამოფენა-გაყიდვის მონაწილე იქნება 24 საელჩო და ორი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც წარმოადგენენ ქართველი ოსტატების მიერ დამზადებულ სუვენირებს, დეკორატიულ ნაკეთობებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ეროვნულ ნუგბარს.

„ღონიძიების მიზანია – შემოსული თანხებით დააფინანსოს საქართველოში სოციალური პროექტები, რომლებიც ორიენტირებულია ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დახმარებაზე“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

წელს ღონისძიებაზე მოეწყობა ბავშვების კუთხე, ხოლო სტუმრებს სანტა-კლაუსი და მულტფილმების პერსონაჟები დახვდებიან; მათთან ფოტოს გადაღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

რიგით მეჩვიდმეტე ბაზრობაში მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანის, ბრაზილიის, ბულგარეთის, ჩინეთის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, იტალიის, ირანის, ირლანდიის, იაპონიის, ლიტვის, პოლონეთის, კატარის, სლოვაკეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები, ასევე ნატოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლობები.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე შემოსული თანხის 50% მოხმარდება მიზნობრივ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ (AVNG) მეშვეობით. დარჩენილი თანხა კი მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებსაც შეარჩევს და მხარს დაუჭერს საზოგადოებრივი პროექტების კომიტეტი (CPC).

გამოფენა-გაყიდვას წარმოადგენენ რადიო JAKO FM და „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია – საქართველო“ (IWAG), რომელიც მოხალისეთა არასამთავრობო ორგანიზაციაა. ის წარმოადგენს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს და ორიენტირებულია მსოფლიოში საქართველოს შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაზე.

თემები:
საქართველო ახალი 2017 წლისთვის ემზადება (9)

მთავარი თემები