პაპუაშვილი: თბილისის აქციებსა და კიევის „მაიდანს" შორის მარტივია პარალელების გავლება

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2024
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სუს-ის განცხადება ასახავს იმას, რაც რეალურად ხდება საქართველოში, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებსა და კიევის „მაიდანს" შორის მარტივია პარალელების გავლება - ორგანიზატორები იყენებენ ერთიდაიგივე ვიზუალურ ტექნიკას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული.
„ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა. დაქორწინებული წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვადასხვა ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან იმისთვის, რომ შეიფუთოს ეს ძალადობრივი აქციები, რომლებიც სინამდვილეში ტარდება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
2013 წლის 21 ნოემბერს ევროინტეგრაციის მომხრეებმა კიევის მთავარი მოედანი მას შემდეგ დაიკავეს, რაც მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შეჩერების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით მაიდანი ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა, რასაც ათობით მსხვერპლი მოჰყვა.
2014 წლის თებერვალში უმაღლესმა რადამ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა, რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მოგვიანებით კი პრეზიდენტად პეტრო პოროშენკო აირჩიეს. უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა მის პოლიტიკურ ოპონენტ იანუკოვიჩს და შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმს „ბერკუტს" დააკისრა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სუს-ის განცხადება ასახავს იმას, რაც რეალურად ხდება საქართველოში, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგებთან დაკავშირებით იყო გამოძიება დაწყებული, რასაც ასწავლიდნენ აქტივისტებს. ვხედავთ საქართველოს ქუჩებში ამ სცენარების პირდაპირ ასრულებას", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
სუს-ის ცნობით, მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „კანვასის“ (CANVAS) და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 1990-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ როდესაც პარლამენტის შენობაზე მოხდა თავდასხმა და შტურმი პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომ პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0