შანსი ნულია: პაპუაშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2024
გამოწერა
გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისია და არა ევროპარლამენტი, განაცხადა პოლიტიკოსმა
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია, ევროკომისია კი პირდაპირ გვეუბნება, რომ ევროპარლამენტარების განცხადებებს ყურადღება არ მივაქციოთ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტის 30-ზე მეტმა დეპუტატმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს ერთობლივი წერილით მიმართა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერების, სამთავრობო პროგრამების დაფინანსების გადახედვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ დადგენილი ცხრა პუნქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასების წარდგენისკენ მოუწოდა. მათი თქმით, „უცხოური აგენტების შესახებ" რუსული კანონის ანალოგის მიღებითა და სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით ხელისუფლებამ ყველა ზღვარს გადააბიჯა.
„როდესაც საუბარი ევროპარლამენტარებზე მიდის, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს - ნული ყურადღება. მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის. ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს არის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მფარველების ჩვეულებრივი პარტიული განცხადებები, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ეს მათი ინდივიდუალური პოლიტიკური აქტივობაა, მით უმეტეს, რომ ერთ თვეში არჩევნები ექნებათ და ამ დეპუტატებიდან რომელი დარჩება ევროპარლამენტში, საკითხავია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
2024 წლის 6-დან 9 ივნისამდე პერიოდში ევროპარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება - 27 ქვეყანაში აირჩევენ 720 დეპუტატს, რომლებიც შემდეგ განსაზღვრავენ ევროკავშირის ძირითადი ორგანოების შემადგენლობას. ევროპელი დეპუტატების წინა არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართა.
ამასთან, პარლამენტის სპიკერის თქმით, რომ აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუციების ტექსტებს წერენ „ნაცმოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტები.
2023 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაცია.
„ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვხედავთ პირდაპირ მინიშნებებს პოლიტიკური კორუფციის შესახებ, ჩვენ არ გვაქვს ამ ხალხის ნდობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
24 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ევროსაბჭოს არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
რეზოლუცია 425 ხმით 25 აპრილს მიიღეს. დოკუმენტის ინიცირება მოახდინეს ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წევრებმა, მათ შორის რასა იუკნევიჩენემ, ანდრიუს კუბილიუსმა, სვენ მიქსერმა, მარკეტა გრეგოროვამ, ანა ფოტიგამ, რომლებიც სისტემატურად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას. როგორც მათ არაერთხელ განაცხადეს, საქართველოს ხელისუფლება ცვლის პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს პრორუსულზე.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეაფასონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში და საქმის კურსში ჩააყენონ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამ შესაძლო ზემოქმედებისა და ზოგადად მისი შედეგების შესახებ ევროკავშირის დაფინანსებაზე.
მმართველმა პარტიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პარლამენტში პირველად 2023 წლის მარტში დააინიცირა, მაგრამ მასობრივი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ ის გაიწვია.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ. ბოლო დროს აქციებს ახალგაზრდები მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0