ქართული საზოგადოება გამჭვირვალობას იმსახურებს - დეპუტატი სახდეპარტამენტის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ამერიკულ კანონზე გაცილებით ლოიალურია
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თუ ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას, მაშინ ქართული საზოგადოებაც იმსახურებს მას, დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ მეთიუ მილერის განცხადების კომენტირებისას.
მილერის აზრით, აშშ-ის „უცხოური აგენტების შესახებ" კანონი „ძალიან განსხვავდება“ იმ ნორმისგან, რომელსაც საქართველოში განიხილავენ. მისი თქმით, „ამერიკული კანონი ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევა". როგორც სახდეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, იგი ქართულ კანონმდებლობასთან შედარებით, „ძალიან განსხვავებული რამაა“.
„ამერიკული საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობა არის FARA-ს (უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი - რედ.) მიზანი და თუ ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას, მაშინ ქართული საზოგადოებაც იმსახურებს ამას", - დაწერა იონათამიშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და არც ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი, საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ საქართველოს ხელისუფლებას არ წარმოადგენენ.
„ნუთუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ფაქტობრივ ტყუილს იტყვიან და ამას აქ ვინმე დაიჯერებს?", - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ზოგიერთი დასავლეთის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. „ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, მათი ნაწილი ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა დააფუძნეს. მათ შორისაა „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, რომლებიც ქართველი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობენ. 2023 წლის სექტემბრის დასაწყისში აღნიშნულმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანება გადაწყვიტეს.
როგორც ცნობილია, საქართველოში ორივე პარტიას აქტიურად უჭერენ მხარს პოლიტიკურად აქტიური სტუდენტური და ახალგაზრდული ორგანიზაციები, ხოლო მათი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში ყველაზე აქტიური მონაწილეები იყვნენ.
რაც შეეხება კეზერაშვილს, 2023 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას. დეპარტამენტის ინფორმაციით, სააკაშვილმა და გიული ალასანიამ ორი კომპანია - Akerman და GP International დაიქირავეს. ანგარიში კომპანიების ბოლო ექვსი თვის საქმიანობას ეხება.
მანამდე კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ის საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
დოკუმენტების თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის პერიოდში ლობისტები აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტურმა ჯგუფმა ჯამში 420 დოლარი მიიღო.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0