აქციებზე ფატალური შემთხვევა შეიძლება მოხდეს? ნინო წილოსანი ენმ-ის მდივანს გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან. 2024 წლის 2 მაისი
აქცია პარლამენტთან. 2024 წლის 2 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2024
გამოწერა
15 აპრილიდან თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ამ აქციებზე მოსალოდნელი ფატალური შემთხვევის შესახებ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
ჭიაბერაშვილმა 15 აპრილიდან სკანდალური კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან, ღმერთმა დაიფაროს და, რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა (რომ მოხდეს - რედ.) და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“. მისი თქმით, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას.
„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა დააანონსა შესაძლებლობა, რომ ფატალური შემთხვევა მოხდეს აქციების დროს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყურადსაღები თავად აქციაში მონაწილე ადამიანებისთვის“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აკერმანის სტრატეგიის მიხედვით ყველაფერს გააკეთებს, რათა უკვე ცნობილი ინსტრუმენტები გამოიყენოს, მათ შორის მაიდანის რევოლუციური სცენარებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა ინსტრუქცია, რომელიც აკერმანიდან აქვთ მიღებული.
საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, 2022 წელს აკერმანი ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური ტელეარხებისთვის რევოლუციების მოწყობის თემაზე ტრენინგს ატარებდა.
„სამართალდამცველები მაქსიმალურად ერიდებოდნენ აქციის მონაწილეებთან უშუალოდ შემხებლობაში შესვლას. ისინი პარლამენტის შენობის შიგნითაც კი განთავსდნენ, რათა ასეთი ტრაგიკული სცენარები არ განვითარებულიყო მათივე ინიცირებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
წილოსანმა მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და მათთან დაკავშირებულ პარტიებს, აიღონ პასუხისმგებლობა იმ აქციების განვითარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც თავადვე აორგანიზებენ.
„ასევე, მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ გულმხურვალე პოზიციას გამოხატავენ საკუთარი ქვეყნის უკეთესი მომავლის მიმართ, ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი ბოროტი პოლიტიკური აქტორების მხრიდან“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დეპუტატები საკამათო კანონპროექტის განხილვას მესამე მოსმენით მომავალ კვირაში დაუბრუნდებიან. ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი კანონის გაწვევას მოითხოვენ. ხელისუფლება კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0