დიდი ინტერესით ვაკვირდებით - მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი თბილისში მიმდინარე აქციებზე

© photo: Sputnik / Stringerბარიკადები აქციაზე. თბილისი. 2024 წლის 1 მაისის ღამე
ბარიკადები აქციაზე. თბილისი. 2024 წლის 1 მაისის ღამე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2024
გამოწერა
მსოფლიო ბანკმა უნდა შეაფასოს, რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს „გამჭვირვალობის“ კანონს იმ სამუშაოზე, რომელსაც საქართველოში ახორციელებს, მიაჩნია საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელს
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. მსოფლიო ბანკი დიდი ინტერესით ადევნებს თვალს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მოვლენების განვითარებას და მიიჩნევს, რომ ამის გამო „ჰედლაინებში“ ყოფნა დიდი გამოწვევაა, განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.
თბილისში 15 აპრილიდან იმართება აქციები, რომელთა მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებენ. ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები საღამოს არეულობაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში სამინისტროს შვიდი თანამშრომელი დაშავდა. საპროტესტო აქციებმა ძალადობრივი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა დაიწყო (30 აპრილი და 1 მაისი). 1 მაისს საღამოს კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ოპოზიციამ კანონს მხარი არ დაუჭირა.
„საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში „ჰედლაინებში" პოზიტიური საკითხების გამო ხშირად ხვდებოდა, მათ შორის შემიძლია გამოვყო კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ახლა „ჰედლაინებში" ყოფნა ამ სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა“, - განაცხადა პრაისმა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.
მისი თქმით, საქართველო ძალიან ფოკუსირებული იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ამიტომ მთავრობა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს შემდეგ ნაბიჯებს ამ კუთხით.
„არა მხოლოდ კავშირის წევრობაზე, არამედ ამ კუთხით ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზეც. ვფიქრობ, ყველა ეს მიზეზი ჯერ კიდევ არსებობს და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და ქვეყნის ლიდერები სიფრთხილით მოეკიდონ შემდეგ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, რომ რეფორმები, რომლებიც იყო მოტივირებული ევროკავშირის კანდიდატობით, ჯერ კიდევ რელევანტურია და ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ კურსის შენარჩუნება, რათა საფრთხე არ შეექმნას ამას“, - განაცხადა მან.
პრაისის თქმით, მსოფლიო ბანკმა უნდა შეაფასოს, რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს „გამჭვირვალობის“ კანონს იმ სამუშაოზე, რომელსაც საქართველოში ახორციელებს.
„ის თუ რა გავლენას მოახდენს ეს კანონი ევროკავშირთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ევროკავშირის წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ. მსოფლიო ბანკი უფრო მეტად დაკავებულია საქართველოში ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის ზრდის საკითხებით და, საბოლოოდ, საქართველოსა და ქართველებისთვის კეთილდღეობის შექმნით და ვიცი, რომ ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც ფიქრობს“, - მიმართა როლანდ პრაისმა ჟურნალისტებს.
პრაისის თქმით, ის ისურვებდა, რომ საქართველოს მთავრობამ განაგრძოს მუშაობა რეფორმებზე და გზის არჩევაზე საქართველოში კეთილდღეობის შესაქმნელად.
კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ყველა ახალი ამბავი
0