ძალის შესაძლო გადამეტება აქციაზე: საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს

© photo: Sputnikაქციის დაშლა. 2024 წლის 1 მაისი
აქციის დაშლა. 2024 წლის 1 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2024
გამოწერა
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით ისჯება
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. სპეციალური საგამოძიებო სამსახური 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
1 მაისის ღამეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დაკავებულია. დაშავებულებს შორის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე ვადით ისჯება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველი აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
„გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოვლენათა ქრონოლოგია
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დასრულდა პარლამენტის სხდომა, რომელზეც სკანდალური კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მოშორდნენ პარლამენტის შესასვლელებს და ხელი არ შეეშალათ დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების გადაადგილებაში, თუმცა აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნები ესროლეს, მათ შორის პლასტმასის ბოთლები. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. შედეგად, სპეცრაზმი რამდენიმე მწკრივად განლაგდა და აქციის მონაწილეები პარლამენტის გასასვლელებს მოაშორა.
პარლამენტთან დროის გარკვეულ მონაკვეთში სიმშვიდე იყო, მაგრამ დაახლოებით 23:30 საათზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა შსს-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“.
ზურაბიშვილი, ისევე როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიული წინააღმდეგია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა.
სახალხო დამცველმა ძალოვანების მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენება არამართლზომიერად მიიჩნია. შსს-მ განმარტა, რომ ეს გახდა საჭირო, რადგან აქცია შეკრებების და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ჩარჩოებს გაცდა და ძალადობრივი გახდა.
04:00 საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. აქციის მონაწილეები დაახლოებით 05:30 საათზე დაიშალნენ.
ვნებათაღელვა კანონპროექტის გარშემო
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“. მათი საქმიანობა არ იზღუდება.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0