ვისი გავლენის ქვეშ არის მოქცეული ევროკავშირი და ნატო - ივანიშვილმა გვარები დაასახელა

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე დაფინანსება არის ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია გარედან გამოიყენოს, განაცხადა ივანიშვილმა.
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოსა და ევროკავშირზე, საქართველო და უკრაინა კი მისთვის საზარბაზნე ხორცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში გამართულ აქციაზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიცემული დაპირების მიუხედავად, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებოდნენ, ეს არ მოხდა და ისინი ბედის ანაბარა მიატოვეს.
„ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატო-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს. მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს მშვიდობის შესანარჩუნებლად ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუხდა.
„საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება უნდა მართავდეს.
„2004-2012 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა კონკრეტული გვარები დაასახელა: ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" და ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია და სხვები.
ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ადამიანების ხელისუფლების პირობებში საქართველოს ციხეები გადავსებული იყო, პატიმრებს აწამებდნენ, ასობით ადამიანი მოკლეს, ათასობით ბიზნესმენი გაძარცვეს, არ იყო სამართლიანი არჩევნები და საქართველოს ტერიტორიების 20% დაიკარგა.
„ნაცმოძრაობის“ დასჯა, ეკონომიკის გაძლიერება, ევროკავშირის წევრობა - ივანიშვილის დაპირებები>
„ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული. სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიას და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის თქმით, ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იმავე ადამიანების სადისტური დიქტატურა დააბრუნონ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან სრული მხარდაჭერით სარგებლობდა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, 2012 წელს „გარედან დანიშნული უსამშობლო პოლიტიკოსების სისხლიანი რეჟიმი“ გაისტუმრეს.
„ქართველ ხალხს დავუბრუნეთ საარჩევნო უფლება, ციხიდან გავათავისუფლეთ 15 ათასი პატიმარი, სრულად აღვკვეთეთ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, დავასრულეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მედიამონოპოლია, გავათავისუფლეთ ბიზნესი, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერებული უსაფრთხოება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, 2012 წლის არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ ეგონა, რომ მან თავისი მისია შეასრულა, მაგრამ ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლანდელ ხელისუფლებას კვლავაც უწევს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა.
„სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. „ენჯეოების“ გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო. მიზანია, საქართველო არა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების, არამედ გარედან დანიშნული „ღამურების“ – ახალი დროის სერგო ორჯონიკიძეებისა და გიგლა ბერბიჭაშვილების ხელით იმართებოდეს. ამის არდაშვება არის ჩვენი ვალი საქართველოს თავისუფლების იდეას შეწირული ქართველი მოღვაწეების წინაშე“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება.
„შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს მართავს პროფესიონალთა ძლიერი, შეკრული გუნდი, რომელმაც ისიც დამოუკიდებლობის, სამშობლოს სუვერენიტეტის ფასი, შესაბამისად, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია, თუმცა საჭიროა სიფხიზლე.
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი აქცია მოაწყო რუსთაველის გამზირზე, სადაც ამ ინიციატივის ოპონენტები 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0