იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მეორე მოსმენით მიიღო

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2024
გამოწერა
ათსაათიანი განხილვის დროს სხდომა რამდენჯერმე შეწყდა დეპუტატების სიტყვიერი დაპირისპირების გამო
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თითქმის ათსაათიანი განხილვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო - კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს რეგისტრაციის გავლას და დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინათინ ბოკუჩავამ კანონპროექტის წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად მოიყვანა OSCE/ODIHR-ის პოზიცია, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ინიციატივა ფუნდამენტურად განსხვავდება დასავლეთის გამჭვირვალობის კანონებისგან.
„მიუხედავად იმისა, რომ პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის რეალური მიზანი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების შეზღუდვა, მათი სტიგმატიზაცია, მათი საქმიანობის დელეგიტიმაციაა, სწორედ, ამიტომ არის ჩვენი გადმოსახედიდან ეს რუსული კანონი და ასე იმიტომ ხედავს საქართველოს მოქალაქე ამ კანონს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, დროა ხელისუფლებამ შეწყვიტოს სპეკულირება, რომ საქართველოს კანონპროექტი იგივეა, რაც ამერიკის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA).
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეწყდეს სპეკულაციები ამ თემაზე. FARA არ მიუღიათ კონკრეტულად სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეგულირებისთვის, ის ეხება ნებისმიერ სუბიექტს (კომერციულს ან არაკომერციულს), რომელიც მოქმედებს უცხოური მხარის სახელით, უცხოური მხარის კონტროლითა და უცხოური მხარის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იეშმაკა, რათა მისი კანონპროექტი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხოს.
კერძოდ, ამერიკული კანონმდებლობით, ორგანიზაციების გარდა, იგულისხმება ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს კანონპროექტში კი წერია, რომ ეს არის პირი, რომელსაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული ვარიანტი არ შეეხება ივანიშვილს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის გარდა, საფრანგეთის მოქალაქეობაც აქვს.
რატომ არ შეიძლება დაველოდოთ თვე-თვენახევარი, სანამ ვენეციის კომისიის (ევროსაბჭოს საკონსტიტუციო სამართლის მრჩეველთა ორგანოს) დასკვნა არ მომზადდება, დასვა კითხვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
კანონპროექტის ათსაათიანი განხილვისას სხდომა დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო რამდენჯერმე შეწყდა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ათზე მეტი ოპოზიციონერი გააძევა.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0