ავტოდილერები მეორადი ავტომობილების ქართულ ბაზარზე შექმნილ კრიზისზე საუბრობენ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიავტოსალონი
ავტოსალონი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2024
გამოწერა
ავტომობილების იმპორტიორები ზაფხულიდან ვითარების დასტაბილურებას და გაყიდვების ზრდას ელოდებიან
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. მეორადი მანქანების ქართული ბაზარი კრიზისს განიცდის - მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს, განაცხადა „კავკასუს ავტოიმპორტის" კომერციულმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ.
ავტოიმპორტიორის თქმით, 2023 წლის გაზაფხულზე შეინიშნებოდა ავტომობილების დეფიციტი, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია. შედეგად, იმპორტიორებმა უფრო მეტი ავტომობილი შემოიტანეს. იმის ფონზე, რომ რეექსპორტის ტენდენცია ნაკლებად გაიზარდა, ამან ავტობაზრების გადავსება და ფასების კლება გამოიწვია.
„შარშან ბაზარზე თუ პირობითად იყო 10 ავტომობილი და მყიდველი ჰყავდა 15, წელს მყიდველია ისევ 15, მაგრამ მიწოდებაა უკვე 30, ამან გამოიწვია მოკლევადიანი კრიზისი. ფასები დღეს ავტობაზრობებზე 15-20%-ით არის დაკლებული და შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ პერიოდისთვის ერთგვარი გამოწვევაა“, - განაცხადა ვეკუამ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მეორადი ავტომობილების ბაზარზე არსებულ სიჭარბეზე საუბრობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძეც. მისი თქმით, დღეს ავტოდილერებს უფრო მეტი საბრუნავი კაპიტალი სჭირდებათ, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა ბაზარზე არსებული გამოწვევების ფონზე ავტომობილების გაყიდვა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასადაც კი ხდება.
ნონიაძის თქმით, იმპორტის შემცირების პარალელურად რეექსპორტის ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, თუმცა თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით კლება აქაც შეინიშნება.
„2023 წლის მონაცემებით, ჭარბი მიწოდება იყო 60.000 ერთეულით ვიდრე ამას ბაზარი აიტანდა. შესაბამისად ეს რაოდენობა ბაზარმა უნდა გაყიდოს წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მუდმივად გვექნება იმპორტის შემცირება. მხოლოდ ვაჭრობის მოცულობით არ უნდა დავითვალოთ, რომ რეექსპორტში ზრდა გვაქვს. გაყიდული ავტომობილების თვალსაზრისითაც უნდა დავითვალოთ“, - განაცხადა ნონიაძემ.
მისი თქმით, ძლივს მიაღწიეს 2019 წლის მაჩვენებელს.

„დაახლოებით 107.000 ერთეული გავყიდეთ. რაც შეეხება 2024 წლის მონაცემებს, აქაც რომ შევადაროთ წინა წლის მონაცემებს ვაჭრობის ნაწილში ზრდა გვაქვს, ხოლო რაოდენობის ნაწილში კლება შეინიშნება“, - განაცხადა მან.

ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, თუ ადრე ავტომობილის ფასი იყო 9.000-10.000 დოლარი, ახლა არის 19.000 დოლარი და ავტოიმპორტიორს საბრუნავი კაპიტალი ეზრდება.
„იმის გამო რომ ბაზარზე კრიზისია და არ იყიდება, საუკეთესო შემთხვევაა, რომ თვითღირებულებაში გაყიდო. თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან და მოგება არ რჩებათ“, - ამბობს ალექსანდრე ნონიაძე.
ავტომობილების იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ ზაფხულიდან ვითარება დასტაბილურდება და მანქანები უფრო აქტიურად გაიყიდება, მიწოდება და მოთხოვნა კი გათანაბრდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 486,6 მილიონი დოლარის ავტომობილი შემოვიდა, რაც 31,3%-ით ნაკლებია 2023 წლის სამ თვესთან შედარებით.
რაც შეეხება რეექსპორტს, ამ პერიოდში ქვეყნიდან ავტომობილების ექსპორტმა 443,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7,8%-ით მეტია 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0