შსს აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან იმართება, სამართალდამცველების მობილიზებაა.
პარლამენტში სკანდალური კანონპროექტის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს - ოპოზიციონერი დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კი შენობის გარე პერიმეტრზე აპროტესტებენ კანონის მიღებას და მმართველ პარტიისგან უკან გაწვევას მოითხოვენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს... აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვამია განცხადებაში.
საღამოსთვის აქციის მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ნაწილი პარლამენტის შენობის წინ იმყოფება, ნაწილს კი სურდა პარლამენტის შენობისთვის მშვიდობიანი მსვლელობით წრე შემოერტყათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ, რომელიც 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე პარლამენტიდან გაიწვიეს, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს როგორც ოპონენტებმა, ისე ევროკავშირმა, აშშ-მა, გაერომ და ევროპულმა საბჭომ. მმართველმა პარტიამ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება იმით ახსნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0