ევრო 2024-ზე საქართველოს მატჩების ბილეთების გაყიდვა დღეს იწყება

© Courtesy of Georgian Football Federation საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები
საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2024
გამოწერა
ერთ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება თითოეულ მატჩზე 2 ბილეთი შეიძინოს.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უეფას ოფიციალურ პორტალზე 15 აპრილის 13:00 საათიდან დაიწყება, განაცხადეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.
პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაიაროთ ავტორიზაცია. ამისთვის საჭიროა საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ უეფას პორტალი მომხმარებელს რიგის ნომერს მიანიჭებს. რიგი ჩაირთვება 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე. ერთ მომხმარებელს საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯგუფური ეტაპის თითოეულ მატჩზე ორი ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება.
პორტალზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი:
პირველი კატეგორია – 200 ევრო
მეორე კატეგორია – 150ევრო
მესამე კატეგორია – 60 ევრო
მეოთხე კატეგორია – 30 ევრო
ბილეთების შესაძენად გამოყოფილი იქნება 15 წუთი, რის შემდეგაც მომხმარებლის პროფილსა და ვებსაიტზე ბილეთის შეძენის დამადასტურებელი ელ.წერილი აისახება და პირად ელფოსტაზე გამოიგზავნება . თავად ბილეთს პირი მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს - ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. უეფას ოფიციალურ პლატფორმებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
18 ივნისი, დორტმუნდი
საქართველო - თურქეთი
22 ივნისი, ჰამბურგი
საქართველო - ჩეხეთი
26 ივნისი, გელზენკირხენი
საქართველო - პორტუგალია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე მატჩების დასწრების მსურველთათვის ეკონომიკის სამინისტროს დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველყოფა და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზება დაავალა.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
ევრო 2024-ზე ითამაშებს პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - გერმანია ტურნირის მონაწილე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0