ქართველი ხალხი არ იზიარებს ფუკუიამას იდეებს - წულუკიანი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაზე

© Government of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2024
გამოწერა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ამერიკელ პოლიტოლოგ ფრენსის ფუკუიამას ურჩია, რომ მეტი იკითხოს სამუელ ჰანტინგტონის ნამუშევრები.
თბილისი, 27 მარტი – Sputnik. ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა ფსევდოლიბერალია და მის იდეებს ქართულ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული კრიტიკის კომენტირებისას.
ფუკუიამამ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, რომელიც დასავლეთისკენ იყურება და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მათ სხვა მიმართულებით ექაჩება.
„ფუკუიამამ უფრო მეტად უნდა იკითხოს ჰანტინგტონი იმიტომ, რომ როგორც ჩანს ის ფრუსტრირებულია, ვინაიდან არცერთი მისი თეორია, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ სტუდენტობისას ფაკულტეტებზე და უნივერსიტეტის მერხებზე გვასწავლიდნენ, დრომ აჩვენა, რომ არ გამართლდა, - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ფუკუიამას სიტყვები საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერად შეიძლება შეფასდეს .
„ის პირდაპირ არის ფსევდოლიბერალების გვერდში მდგომი ექსპერტი და მხარს უჭერს ყველა იმ იდეას, რომელსაც ქართველ ხალხში არავითარი დასაყრდენი და დადებითი გამოხმაურება არ აქვს. ამიტომ სახეზე გვაქვს მორიგი მხარდაჭერა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის საქართველოში“, - აღნიშნა წულუკიანმა.
ფუკუიამა ცნობილი გახდა ნაწარმოების „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ წყალობით, რომელიც საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. წიგნში საუბარია იმაზე , რომ ლიბერალური დემოკრატიების გავრცელება მთელ მსოფლიოში შეიძლება კაცობრიობის სოციოკულტურული ევოლუციის დასრულებაზე მოწმობდეს და გახდეს ადამიანური მმართველობის საბოლოო ფორმა.
რაც შეეხება 67 წლის ივანიშვილს, ის კვლავ დაბრუნდა პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს - ივანიშვილი მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, გუნდის შიგნით გამოიგონი დაპირისპირება“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით იგი აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და შეასრულოს სიმძიმის ცენტრის მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
ყველა ახალი ამბავი
0