კალაძე: ოპოზიცია არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომაც სურთ არეულობა ქვეყანაში

© courtesy of Georgian Dreamკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2024
გამოწერა
ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან, მათ იციან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ და ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენმდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებისას.
21 თებერვალს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა, რომ პარტიის დამფუძნებელი, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და „მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესებში“.
„ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ შეძლებენ. რჩებათ ერთადერთი გზა - ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ არავის არაფერი გამოუვა და ვერავინ გაბედავს არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
„როგორ შეიძლება ქართველმა, ღირსეულმა, თავის სამშობლოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს?", - განაცხადა კალაძემ.
თავიდან ოპოზიცია ბრიუსელში დარბოდა, რათა ხელი შეეშალა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, სურდა შეეჩერებინა ვიზალიბერალიზაციის პროცესი. შემდეგ შეეცადნენ ხელი შეეშალათ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ, აღნიშნა თბილისის მერმა.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0