წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

© photo: Sputnik / Stringerწერეთლის გამზირი
წერეთლის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2024
გამოწერა
წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად დღეს გაიხსნა.
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. აკაკი წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება შეიცვლება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა და ტრანსპორტის ორმხრივად მოძრაობა, დაპირებისამებრ, 1 თებერვლიდან აღდგა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად მარტში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ გამზირზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით.
გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა ასევე შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით.
გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.
მერიამ პირობა შეასრულა: წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა>>>
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 2023 წლის 19 აპრილს დაიწყო. გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის აღდგენითი სამუშაოების შესრულებაზე კონტრაქტის დასრულების ვადა 51 კალენდარული დღით - 2024 წლის იანვრის დასაწყისიდან თვის ბოლომდე გადაიტანა. 16 იანვარს კი თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან - R.T.D.-სთან და Millennium Builders Group-თან ხელშეკრულება გაწყვიტა. მიზეზი შესრულებული სამუშაოს უხარისხობა და შეთანხმებული ვადების შეუსრულებლობაა.
მიუხედავად წარმოქმნილი პრობლემისა, მერიაში პირობა დადეს, რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში დასრულდება და გამზირზე მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
17 იანვრიდან გამზირის სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს ოთხი კომპანია: „ენკო“, „პარმა“, „GEO გრუპი“ და „ბლექ სი გრუპი“. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 28,4 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
ყველა ახალი ამბავი
0