თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. მთავრობასთან მიდის აქტიური მუშაობა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დახურული სივრცეებიც გაიხსნას, განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა კოტე გაბრიჩიძემ.
საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილ ვადაზე ადრე მიიღო. საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნება. ისინი სტუმრების მიღებას მაქსიმუმ 21:00 საათამდე მხოლოდ ღია სივრცეში შეძლებენ და, ამას გარდა, შაბათ–კვირას ვერ იმუშავებენ.
„საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიხსნებით. შაბათ-კვირას მუშაობა აკრძალულია. კომენდანტის საათის გამო ფაქტობრივად 19:00 საათზე გვიწევს დახურვა, სიცივეა და ღია სივრცეში თებერვალში, როდესაც ღამე ძალიან ცივა, რთული პირობებია. პოზიტივია ის, რომ მთავრობასთან მიდის აქტიური მუშაობა, რაღაც პერიოდის მერე უკვე დახურულ სივრცეებშიც რომ გადავინაცვლოთ“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.
„რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის განცხადებით, მთავრობის წარმომადგენლებთან ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების სუბსიდირების თაობაზე.
„მიდის კონსულტაციები, რომ პირველ ეტაპზე, რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება მთავრობასთან ერთად მოხდეს სუბსიდირება COVID-19-ზე თანამშრომელთა ტესტირების კუთხით... თუ სექტორი გადარჩება, მერე უკვე კაფეები და რესტორნები საკუთარი სახსრებით შეძლებენ თანამშრომლების გატესტვას. საწყის ეტაპზე გამორიცხულია“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.
რაც შეეხება რეგულაციებს, მისი თქმით, ეს ყველაფერი არის იმ გაიდლაინის მიხედვით, რომელიც აქამდეც მოქმედებდა. კერძოდ: სიცხის გაზომვა, ხელების დამუშავება. ერთჯერადი მენიუ ან მისი ელექტრონული ვერსია.
„თანაც ახლა 19:00 საათზე რომ დაიკეტები, მაინცდამაინც დიდ გასაქანს ვერ ვნახავთ. რაღაც ნაბიჯები თუ არ გადაიდგა შიდა სივრცეებთან დაკავშირებითაც, ჩვენს დღევანდელ გახსნას მაინც და მაინც დიდი აზრი არ აქვს, სომბოლურის გარდა“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.
მისი თქმით, მომდევნო კვირაში არის რამდენიმე შეხვედრა დაგეგმილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, სადაც რესტორატორთა ასოციაცია სხვა საკითხებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის გადაწევისა და უქმეებზე მუშაობის საკითხს დააყენებენ.
საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამ დროისათვის ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს, დანარჩენ ქალაქებში ეს 15 თებერვლიდან მოხდება.
ჯერჯერობით ისევ მოქმედებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.