თბილისი, 9 იანვარი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს, რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.
მეტროში მამაკაცი პირსინგიან გოგონას თავს დაესხა >>
მსახიობს ბრალად ედება ექიმის სასტიკი ცემა კლინიკაში, რომელსაც მან დახმარებისთვის მიმართა.
ინციდენტი თბილისში წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში 5 იანვარს მოხდა. კონფლიქტი ექიმსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, როდესაც უკანასკნელმა მედიკოსს ნარკოტიკული ნივთიერება მოსთხოვა. უარის შემდეგ მსახიობმა სასტიკად სცემა მას. მიღებული ტრავმების გამო ექიმს გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს.
მსახიობის დედა ამტკიცებს, რომ მისი ვაჟი შეუძლოდ იყო და ტკივილგამაყუჩებელი მოითხოვა, ექიმმა მას უარი უთხრა, რის შემდეგ მათ შორის ჩხუბი დაიწყო.
სასამართლო სხდომის დროს ნასიძე იმყოფებოდა საავადმყოფოში, სადაც ის პნევმონიაზე მკურნალობს. სანამ გირაოს თანხა არ იქნება გადახდილი, მას ბადრაგი დაიცავს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.