შპიონაჟის საქმე: პროკურატურა ფოტოგრაფების გამართლებას მოითხოვს

© Prosecutor's Office of Georgiaსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურა წინა ხელისუფლების დროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული - შპიონაჟის საქმის ფიგურანტების - ფოტოგრაფების გამართლებას მოითხოვს.

თბილისი, 6 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურა 2011 წელს შპიონაჟისთვის მსჯავრდებული ფოტოგრაფების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების გამოტანას მოითხოვს, განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე.

2013 წელს ფოტოგრაფებმა საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის თხოვნით მიმართეს. რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქმეს გრიფი მოხსნა.

„მთავარი პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე. პროკურატურა გამამართლებელ განაჩენს მოითხოვს“, — განაცხადა კაციტაძემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურამ მერაბიშვილზე ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქმე აღძრა

ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურამ უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში საქმის გადახედვის შემდეგ მიიღო. დადგინდა, რომ ფოტოგრაფები 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გამო დააპატიმრეს.

2011 წლის 7 ივლისს საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეს-სამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, ევროპული ფოტოსააგენტო EPA-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე და ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელიც გამოცემა „ალია ჰოლდინგში“ მუშაობდა, თანამშრომლობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონტრაქტის საფუძველზე და Associated Press-ის სტრინგერი იყო.

ფოტორეპორტიორებს შპიონაჟის, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობის ბრალდება წარუდგინეს. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ ზურაბ ქურციკიძე მთავარ სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებს უკავშირდებოდა და გედენიძისა და აბდალაძის დახმარებით საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მერაბიშვილის საქმეს გადახედავს

დაპატიმრებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ფოტორეპორტიორების სოლიდარობის ნიშნად ჟურნალისტები თბილისში საპროტესტო აქციებს სისტემატურად ატარებდნენ.

გამოძიების პროცესში ყველა დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა აღიარებითი ჩვენება მისცა და 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი შპიონაჟში დამნაშავეებად სცნო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მათ პირობითი სასჯელი შეუფარდეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ზურაბ ქურციკიძეს სამი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს — ოთხ-ოთხი, ნათია გედენიძეს კი — 1,5 წელი.

2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ ფოტორეპორტიორები პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა და საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0