მე არ ვქმნი ფილმებს ფულის საშოვნელად... მე ვშოულობ ფულს, რომ შევქმნა ფილმები...

© AP Photoუოლტ დისნეი
უოლტ დისნეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე მინდოდა ერთი ძალიან ეშხიანი და მომხიბვლელი ფრანგი ქალბატონის მოწვევა, თანაც დღეს ის 60 წლის გახდა, მაგრამ, ჯერ ერთი, ვიფიქრე, რომ 60 წელი ქალბატონებისთვის მაინც და მაინც გასახარელი თარიღი არ უნდა იყოს, სავარაუდოდ (ხომ ხედათ, რა ოსტატურად გავუსვი ხაზი იმას, რომ ჯერ 60-ის არ ვარ), და, მეორეც — ეს ქალბატონი ცოტა სევდიან სიმღერებს მღერის, როგორც წესი, და ამ დეკემბერში და ამ ორშაბათ დღეს ახლა გულის დამწვრობები ნაკლებად გვაწყობს. ამიტომ, დიდი ბოდიშის მოხდით, ქალბატონი პატრისია კაასი დროებით ცოტა გვერდზე გავწიე და აივანზე მოვიწვიე 26 ოსკარის ქანდაკების მფლობელი (აბსოლუტური რეკორდი!), მიკი მაუსის, პლუტოს, გუფის, დონალდ დაკის, ბემბის, ფიფქიასა და შვიდივე ჯუჯის მამა და მარჩენალი, ამერიკელი მხატვარი-მულტიპლიკატორი, კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი და, ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ შესანიშნავი უოლტ დისნეი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1901 წლის 5 დეკემბერს ქალაქ ჩიკაგოში.

დღევანდელი ჩვენი ისტორია კი მინდა დავიწყო ერთი ფაქტით, რომელიც ჩემთვის დისნეის მთელი ბიოგრაფიის ტოლფასია და რომლის გაგების შემდეგაც ის განსაკუთრებით მიყვარს: უოლტ დისნეი თავის მოსამსახურეს ყოველ დაბადების დღეზე ჩუქნიდა Walt Disney Productions-ის აქციებს, რის შედეგად მოსამსახურე… მილიარდერი გახდა. პრინციპში, რა გასაკვირია, როცა უოლტ დისნეის კომპანია ყოველ წამში 1100 დოლარის მოგებას იღებს.

© AP Photoუოლტ დისნეი მეუღლე ლილიანთან ერთად - 1946 წელი.
უოლტ დისნეი მეუღლე ლილიანთან ერთად - 1946 წელი.  - Sputnik საქართველო
უოლტ დისნეი მეუღლე ლილიანთან ერთად - 1946 წელი.

უოლტ დისნეის გზა ჰოლივუდის მწვერვალებამდე საკმაოდ რთული იყო. 1906 წელს მისი ოჯახი ჩიკაგოდან მისურის შტატში გადავიდა, 1910 წელს კი — კანზას სიტიში. 14 წლის უოლტი მუშაობდა გაზეთების გამყიდველად, პირველი მსოფლიო ომის დროს — საფრანგეთში საერთაშორისო  წითელი ჯვრის სანიტარული მანქანის მძღოლად. 1920 წელს დისნეი კინორეკლამის სტუდიაში მხატვრად მოეწყო და დაიწყო თავისი პირველი სარეკლამო ფილმების შექმნა. ზუსტად მაშინ დაებადა მას იდეა, გაეგრძელებინა ექსპერიმენტები ანიმაციაში და თავის კომპანიონთან, ცნობილ მულტიპლიკატორ აბ აივექსთან ერთად შექმნა ანიმაციის პირველი სტუდია Laugh-O-Gram, რომელიც სულ ცოტა ხანში გაკოტრდა. 1923 წელს უოლტი თავის ძმასთან, როისთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჟელესში და ჰოლივუდში პატარა ანიმაციური სტუდია The Walt Disney Company შექმნა, რითიც ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა მომავალ იმპერიას.

© AP Photo / Roy S. Durstineუოლტ დისნეი 1954 წელს სატელევიზიო პრემია Sylvania-ს მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ვახშამზე.
უოლტ დისნეი 1954 წელს სატელევიზიო პრემია Sylvania-ს მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ვახშამზე.   - Sputnik საქართველო
უოლტ დისნეი 1954 წელს სატელევიზიო პრემია Sylvania-ს მიღებასთან დაკავშირებულ საზეიმო ვახშამზე.

1924 წელს დისნეიმ გამოუშვა თავისი პირველი ფილმი „ალისას ერთი დღე ზღვაზე“, რომლის გმირი გახლდათ ცნობილი ალისა ლუის კეროლის წიგნიდან. 1927 წელს კი წარმატება ხვდა მის ფილმს — „კურდღელი ოსვალდი“, რომელშიც პირველად გამოჩნდა მსოფლიოს ყველა ბავშვის საყვარელი გმირი, თაგუნია მიკი მაუსი, რომელიც, სხვათა შორის, არა უოლტ დისნეიმ, არამედ აბ აივექსმა დახატა და მას თავიდან მორტიმერი ერქვა. სამაგიეროდ, დისნეი მიკი მაუსს (მორტიმერის ახალი სახელი 1928 წლიდან) თავად ახმოვანებდა. რაც შეეხება სიმპათიურ ძაღლებს პლუტოს და გუფის, ასევე ცნობილ დონალდ დაკს, ისინი ცოტა მოგვიანებით გაჩდნენ.

1934 წელს უოლტ დისნეიმ დაიწყო მუშაობა მულტფილმზე „ფიფქია და 7 ჯუჯა“, რომელიც პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციული ფილმი გახდა. ეკრანებზე ის  1937 წელს გამოვიდა, დისნეის არნახული წარმატება მოუტანა, მის სტუდიას კი — 8 მილიონი დოლარის მოგება. ძალიან მიყვარს ეს ფილმი და დღესაც სიამოვნებით ვუყურებ ანდრიასთან ერთად. უნდა გამოგიტყდეთ, რომ მასაც ჩემსავით ყველაზე მეტად (პრინცზე მეტადაც კი) ჯუჯები მოსწონს.

ასევე ძალიან მიყვარს დისნეის ფილმი პატარა სპილო დამბოზე, რომელმაც ისწავლა ფრენა. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ დისნეის „ბემბი“ არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი, საოცარი და ლამაზი ფილმი, რაც კი არსებობს და რაც კი მინახავს. განსაკუთრებით მიყვარს ბემბის სცენა ყინულზე, თან, როდესაც ნახავთ, ისიც წარმოიდგინეთ, რომ ეს ფილმი შორეულ 1947 წელს არის გადაღებული.

უოლტ დისნეის ფილმები რომ განსაკუთრებულია და, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ ჩვენმა ბავშვებმა აუცილებლად ნახონ ამ  „სპაიდერმენების“ ფონზე, ამაში, ცხადია, არავინ შემეკამათება, მაგრამ დიდ უოლტს, როგორც მას ჰოლივუდში ეძახდნენ, კიდევ ერთი მშვენიერი გამოგონება ეკუთვნის, ეს არის მისი შესანიშნავი Disneyland-ების პარკების დღეისათვის უკვე ქსელი. თურმე, შტატ ორლანდოს Disneyland-ი დამოუკიდებელ ქალაქადაც კი ითვლება, რადგან საკუთარი მმართველობა გააჩნია. პირველი პარკი კი 1955 წლის 17 ივლისს გაიხსნა. ამბობენ, რომ ეს იდეა უოლტ დისნეის მაშინ მოუვიდა თავში, როდესაც ის თავის პატარა ქალიშვილებს ასეირნებდა სხვადასხვა პარკებში. 1953 წელს დისნეიმ შეისყიდა 65 ჰექტარი ტერიტორია, იმავე წლის 16 ივლისს დაიწყო ბავშვების ოცნების ქალაქის აშენება, რომელიც გაიხსნა ზუსტად ერთ წელიწადსა და ერთ დღეში მშენებლობის დაწყების დღიდან.

© AP Photoუოლტ დისნეი მოდელებს არჩევს თავისი ახალი ფილმისათვის
უოლტ დისნეი მოდელებს არჩევს თავისი ახალი ფილმისათვის - Sputnik საქართველო
უოლტ დისნეი მოდელებს არჩევს თავისი ახალი ფილმისათვის

ალბათ მართლა სხვანაირი ადამიანი უნდა იყო, რომ წარმატების, შემოქმედებითი გეგმებისა და ფინანსური კეთილდღეობის მიუხედავად ჯერ ასეთი იდეა გაგიჩნდეს და მერე არ დაგეზაროს მისი ცხოვრებაში გატარება.

საინტერესოა, რომ უოლტ დისნეიმ, რომელიც არავის უნახავს ულვაშების გარეშე, გამოაცხადა, რომ Disneyland-ის მომსახურე პერსონალს ეკრძალება ულვაშებისა და წვერის ტარება. „ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენ ქალაქში ბავშვს „პეპსი-კოლა“ მიჰყიდოს ვინმე დაუვარცხნელმა და გაბურძგვნილმა ჰიპიმ!“ — ასეთი იყო  დისნეის კრედო. სხვათა შორის, ეს აკრძალვა მხოლოდ 2000 წელს მოიხსნა, მაგრამ ძალიან გრძელი წვერისა და ექსტრავაგანტული ფორმის ულვაშების ტარება მაინც დღემდე მიუღებელია.

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია: ახალ ორლეანში მდებარე პარკში არსებობს კერძო „კლუბი 33“, რომელსაც ერთადერთს დისნეის მთელ ჯადოსნურ სამყაროში გააჩნია ლიცენზია ალკოჰოლის გაყიდვაზე. ეს კლუბი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახურული დაწესებულება. მისი შექმნის იდეა თავად დისნეის ეკუთვნოდა. რადგან პარკის მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდებოდა, საჭირო გახდა ინვესტორების მოზიდვა და ასე გაჩნდა ადგილი, სადაც მისი პარტნიორები შეძლებდნენ დასვენებას და ურთიერთობას. სამწუხაროდ, დისნეი მის გახსნამდე გარდაიცვალა და ამიტომ გადაწყვიტეს, მისი სახელის ნაცვლად მას დაარქვან „კლუბი 33“, რადგან გახსნის პერიოდისთვის მისი წევრების რაოდენობა ზუსტად 33-ს შეადგენდა. ესენი იყვნენ უმძლავრესი კორპორაციები – Kodak, Coca-Cola, General electric, Bank of America და ცნობილი ფიზიკური პირები. დღეისათვის, 2010 წლიდან დაწყებული, არსებობს კლუბში ჩაწერის პროცედურა, მაგრამ ვის და  რამდენ წელიწადში მოუწევს მასში გაწევრიანება, არავინ იცის, რადგან, არსებული წესდებით, კლუბის წევრთა რაოდენობა 487-ს არ უნდა აღემატებოდეს.

აღსანიშნავია, რომ Disneyland-ის ყველა პარკის წინ თავს იწონებს წარწერა — „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბედნიერ ადგილზე! დისნეილენდი — ეს თქვენი ქვეყანაა!“ და მართლაც ასეა – ადამიანი იზრდება, მერე ასაკში შედის, მაგრამ არასდროს არ ავიწყდება თავისი ბავშვობის ოცნებები. ყველა ჩვენგანში ბოლომდე ცხოვრობს ბავშვი და ეს მშვენიერია! 

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ბავშვური ოცნებებით სავსე დღეს!

 

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0