ქალი, რომელმაც მაკულატურას ახალი სიცოცხლე აჩუქა

გამოწერა
ლალიკო მაღრაძე თვითნასწავლი ხელოვანია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იგი ქაღალდისგან სხვადასხვა ზომის კალათებს, სახლის დეკორაციებს, აქსესუარებს, ზარდახშებს, სკივრებს, ჩანთებს, სამკაულებს ქმნის. ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო. რა გზა გაირა, როგორ ჩასწვდა ქაღალდით მოწვნის ხელოვნებას, ლალიკო თვითონ მოუყვება ჩვენს მკითხველს.

ლალიკო მაღრაძე: დაწვნის ხელოვნება ანტიკური ხანიდან იღებს სათავეს. იმდროინდელი ხალხი წნავდა ლერწმის, ბამბუკის, ტირიფის ტოტებით. წნავდნენ ნებისმიერი სირთულის კალათებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, როგორც მრგვალს და მართკუთხას, ასევე ოვალს და კონუსსაც. XIX საუკუნეში კი ლერწამი და ბამბუკი უფრო პრიმიტიულმა მასალამ — ქაღალდმა შეცვალა. ამ ტექნიკამ, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ჩაანაცვლა წნელებით წვნის ტექნიკა. ქაღალდით წვნის ხელოვნება, რამდენადაც ცნობილია, სათავეს იაპონიიდან იღებს და შემდეგ ფართო მასშტაბებით გავრცელდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჩინეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანია და ა.შ. ამ სახის ხელსაქმე დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ჩვენ ქვეყანაში ბოლო წლებში მოიპოვა პოპულარობა.

რამდენიმე წლის წინ მეც შემთხვევით გავიგე ამ ტექნიკის შესახებ, დავათვალიერე და გავოცდი იმ ხელით შექმნილი სასწაულებით, რაც ერთი შეხედვით გამოუსადეგარი, გადასაყრელად გამზადებული მაკულატურით იქმნებოდა. იმდენად მიმიზიდა და დავინტერესდი ამ ყველაფრით, რომ გადავწყვიტე მეც მეცადა. თავიდან, რა თქმა უნდა, გამიჭირდა ხელით იმ მასალის დამზადება, რითიც კალათები და სხვადასხვა აქსესუარები იქმნება, მაგრამ მაინც არ დავნებდი, იმდენი ვიმუშავე საკუთარ თავზე, სანამ პირველი სრულყოფილი ნივთი არ მოვწანი. მას შემდეგ აქტიურად ჩავერთე და დღემდე ვსწავლობ, რომ კიდევ უფრო მეტად დავიხვეწო და ბოლომდე სრულყოფილი გავხადო ჩემი ნამუშევრები. დაწვნის პროცესი იმდენად მაგიურია, რომ მთელი გულისყურით ერთვები ამ შემოქმედებაში და თუ ერთხელ ცდი, უკვე შეუძლებელია შეჩერდე.

© FB/ ლალიკო მაღრაძესაახალწლო დეკორაცია
საახალწლო დეკორაცია - Sputnik საქართველო
საახალწლო დეკორაცია

— პირველად რა ნივთი გააკეთეთ?
— პირველად კალათის მოწვნა ვცადე, მოვწანი და მაშინ არანაირი საღებავი არ მქონდა შეძენილი, სახლში ლამაზი შემოდგომის ფოთლების ხელსახოცები მქონდა და დეკუპაჟის ტექნიკით გავაფორმე. როცა დასრულებული სახე მივეცი, არაჩვეულებრვი გრძნობა დამეუფლა. შემდეგ უკვე ვეძებდი და ვსწავლობდი, როგორ მომეწნა სხვადასხვა ფორმის და ზომის ნივთები.

 მაკულატურის დამუშავების ტექნოლოგია როგორ შეისწავლეთ, თუ თავად ჩახვდით ამის საიდუმლოს?
– თავდაპირველად უბრალოდ ვწნავდი, შემდეგ კი უფრო დავიხვეწე, მოვიძიე უამრავი ინფორმაცია, თუ როგორ დამემუშავებინა კალათა და წლებთან და გამოცდილებასთან ერთად უკვე ჩემებური გამყარების ტექნიკაც შევიმუშავე — ქაღალდით მოწნული ნივთი თითქმის ხის იმიტაციამდე მიდის.
– რამდენად საფრთხილოა ქაღალდთან მუშაობა და რა ძალისხმევას და დროს მოითხოვს თითოეული ნივთის გაკეთება?
— თვითონ ქაღალდი, როგორც ასეთი, გაფრთხილებას არ საჭიროებს, აი, ძალისხმევას და დიდ დროს კი ნამდვილად მოითხოვს, რადგან ძალიან რთულია ათასობით ჩხირის ხელით დახვევა. მუშაობის პროცესი ეტაპებად იყოფა — როდესაც ქაღალდის ჩხირები მზად გვაქვს, უკვე კეთდება მონახაზი და იწვნება ნივთი. თუმცა ამით ისევ არ სრულდება, მოწნული ნივთი მუშავდება და მყარდება, შემდეგ შრება და საბოლოოდ უკვე ვარჩევთ შეფერილობას და იფარება ლაქით.
როდესაც მარტო ვარ, აუცილებლად ვიწყებ მუშაობას. ძირითადად ეს ხდება სანამ ბავშვები ბაღში ან სკოლაში არიან, ან გვიან ღამით, როდესაც ყველა იძინებს. მთელი ოთახი ჩემ განკარგულებაშია, როცა მუშაობას ვიწყებ, სახლში სრული შემოქმედებითი ქაოსი დატრიალდება ხოლმე. ასობით ქაღალდი, მაქმანები, მძივები, წებო, მაკრატელი და ფერადი საღებავები ჩემი სტუმრები ხდებიან და მეც თავაზიანად ვუმასპინძლდები.

– ოჯახის წევრები როგორ აფასებენ თქვენს ნამუშევრებს?
— გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი პირველი შემფასებლები ჩემი ოჯახის წევრები არიან, განსაკუთრებით კი ჩემი პატარები. როდესაც რაღაცას გავაკეთებ, ბავშვები აღტაცებით, გაბრწყინებული თვალებით აკვირდებიან და უხარიათ. თავისუფალ დროს კი ვცდილობ ისინიც შემოქმედებითად დავტვირთო. ჩემი მეუღლეც ძალიან მეხმარება. არის ამ ტექნიკაშიც ისეთი რაღაცები, რისი გაკეთებაც ქალის ხელს გაუჭირდება. ზაფხულში ტყეში სეირნობისას უამრავი ლამაზი მასალა ვიპოვეთ, შემოქმედებითად ვუყურებთ ყველაზე უბრალო დეტალებსაც კი, შევაგროვეთ უამრავი ლამაზი გირჩი, ხის  არაჩვეულებრივი ფორმის ფესვები, ხის სოკოები და ა.შ. ვგეგმავ სრულიად ახალი და განსხვავებული კოლექცია შევქმნა. ხის და ქაღალდის ტანდემი — არაჩვეულებრივი სანახავი იქნება.

 

– რომელი იყო ყველაზე რთული ნივთი რაც გაგიკეთებიათ?
— ყველაზე რთული დასაწნავი ჩემთვის ყოველთვის სარეცხის დიდი კალათებია. გარდა იმისა, რომ დიდი მასშტაბის კალათებია, ყველაფერი ძალიან უნაკლოდ უნდა მოიწნას, სიზუსტეები უნდა იყოს დაცული, რომ კუთხეები არ დაიბრიცოს ქსოვის დროს და სიმეტრია არ დაირღვეს. მახსოვს, ერთხელ 6 დიდი კალათა შემიკვეთეს, უზარმაზარი შრომა ჩავდე, თუმცა საბოლოო სახეს როდესაც ხედავ, თუ როგორ ძერწავ და ქმნი საკუთარი ხელით ამ სილამაზეს, უკვე ყველაფერი გავიწყდება და ხარ ბედნიერი.

© FB/ ლალიკო მაღრაძექაღალდის ნაძვის ხეები
ქაღალდის ნაძვის ხეები - Sputnik საქართველო
ქაღალდის ნაძვის ხეები

– რამდენად გამძლე და ხარისხიანია ქაღალდით შექმნილი დეკორაცია?
— ძალიან ბევრს დღემდე ვერ წარმოუდგენია და ეჭვის თვალით უყურებენ, როდესაც იგებენ რომ, ნივთი იწნება მაკულატურით, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დამუშავების ჩემი ტექნოლოგია შევიმუშავე და მათ, ვინც ინტენსიურად იძენენ ჩემს ნაკეთობებს, ან ჩემ გამოფენებზე დადიან, უკვე იციან, რომ აქ საეჭვო არაფერია და გაოცებულები არიან იმ სიმყარით, რასაც ქაღალდი გვაძლევს.

© FB/ ლალიკო მაღრაძექაღალდისა და გირჩის სუვენირი
ქაღალდისა და გირჩის სუვენირი - Sputnik საქართველო
ქაღალდისა და გირჩის სუვენირი

– საახალწლოდ როგორი განწყობა გაქვთ? დეკორაციების გაკეთებას შეუდექით?
— ძალიან ამაღლებული განწყობა მაქვს, წელს განსაკუთრებულად ვემზადები საახალწლოდ, უამრავი ახალი ნივთი შვქმენი, ჩემთვის წელს ახალი წელი ძალიან ადრე დადგა. 1-2 თვით ადრე დავიწყე მზადება.

© FB/ ლალიკო მაღრაძექაღალდისგან დამზადებული სანათი
ქაღალდისგან დამზადებული სანათი - Sputnik საქართველო
ქაღალდისგან დამზადებული სანათი

– ამდენი გაზეთის შეგროვებას როგორ ახერხებთ?
— სახლში საკუთარი მარაგი რომ ამოვწურე, ბევრი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც გვერდში დამიდგა და დამეხმარა ქაღალდის შეგროვებაში. ერთ-ერთი  ჩემი მარჯვენა ხელი, ჩემი საყვარელი ნათლიაა ლელა აბრამიშვილი. ისიც შემოქმედი ადამიანია და ჩემ წარმატებაში წვლილი მასაც მიუძღვის.
– როგორც ვიცი, უცხოელებიც ხშირად ყიდულობენ თქვენს ნამუშევრებს.
— დიახ, ძალიან ხშირად მიკვეთენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც ძალიან მახარებს, რადგან საზღვარგარეთ ათმაგად ფასდება ხელით შექმნილი ნივთი და იციან მისი ხიბლი. მახსოვს, ესპანეთში ერთი მოხუცი მხატვრისთვის შემიკვეთეს საჩუქარი, დიდი საყვავილე, ვარდებით. როდესაც თავისი საჩუქარი პირველად ნახა, თურმე გაოცებული აკვირდებოდა ყველა დეტალს და ვერ იჯერებდა, თუ ქაღალდებით მსგავსი სილამაზის გაკეთება შეიძლებოდა. გერმანიაში შემიკვეთეს დიდი საოჯახო ფოტოსთვის ჩარჩო, რომელიც გერმანული კატალოგით მოვწანი. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ისე გაუხარდათ გაზეთის ფრაგმენტებზე თავიანთი ენის აღმოჩენა, გულთბილი მადლობა შემომითვალეს. კიდევ ბევრი ისტორია მაკავშირებს ჩემ საყვარელ ქაღალდებთან.
– სამომავლოდ რაიმე სიახლეს გეგმავთ?
— სამომავლოდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემი პერსონალური გამოფენა მოვაწყო. ამაზე აქტიურად ვმუშაობ და, იმედია, გამომივა. კიდევ მაქვს თანამშრომლობის შემოთავაზება ერთ-ერთი კომპანიიდან, რომელიც ინგლისშია და მსოფლიო მასშტაბით არჩევენ გამორჩეული ხელობით დაკავებულ ოსტატებს. უკვე მივიღე მოწვევა და ვმუშაობთ კატალოგზე, რომელიც სულ მალე დაიბეჭდება.

ყველა ახალი ამბავი
0