სიყვარული, რომელიც კორიდას ჰგავდა...

© www.liveinternet.ruფრენკ სინატრა და ავა გარდნერი
ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ამ ორშაბათ დღეს, რომელიც, კვირის სხვა დღეებისგან განსხვავებით, ცოტა იჩაგრება, რადგან სტატისტიკურად ყველაზე ნაკლებად საყვარელი დღეა კვირის დღეებს შორის, სხვა იმაზე უკეთესი რა უნდა გავაკეთო მისი რეაბილიტაციისთვის, თუ არა ის, რომ მოგიყვეთ შესანიშნავი სიყვარულის ისტორია… სამწუხაროდ, შესანიშნავი სიყვარულის ისტორია, როგორც წესი, შესანიშნავად მხოლოდ ზღაპრებში მთავრდება ხოლმე, მაგრამ რას იზამ, ხომ გაგიგიათ, სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი…

დღეს კი, ზუსტად 65 წლის წინ, 1951 წლის 7 ნოემბერს დაქორწინდნენ ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, მწვანეთვალება ავა გარდნერი, რომელსაც XX საუკუნის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებდნენ და პრემია „გრემის“ 9-გზის ლაურეატი, მომღერალი, კინოპროდიუსერი, რეჟისორი და შოუმენი ფრენკ სინატრა, რომელსაც, მეუღლისგან განსხვავებით, უკვე სილურჯეში გადასული ცისფერი თვალები ჰქონდა.

© restinworld.ruფრენკ სინატრა და ავა გარდნერი
ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი - Sputnik საქართველო
ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი

მათი ისტორია მსოფლიოს დიდი სასიყვარულო ისტორიების პირველ ათეულში შედის… მათ ერთმანეთი გაიცნეს 1950 წელს ფილმის „ჯენტლმენები ქერებს ამჯობინებენ“ პრემიერაზე. თუმცა, ისინი ერთმანეთს პირველად რამდენიმე წლით ადრე შეხვდნენ, როდესაც კარგად შეზარხოშებული ფრენკი ძმაკაცთან ერთად წვეულებიდან ბრუნდებოდა და მეგობარმა მას ერთ-ერთ სახლზე მიუთითა: „წარმოგიდგენია, აქ თავად ავა გარდნერი ცხოვრობს“. შუაღამის მიუხედავად ფრენკი დადგა ავას ფანჯრების წინ და დაიყვირა: „ავა გარდნერ! ჩვენ ვიცით, რომ შენ სახლში ხარ! გამარჯობა, ავა!“ მოხდა სასწაული, გარდნერი, რომელიც მუდამ ემალებოდა თავის თაყვანისმცემლებს, მივიდა ფანჯარასთან, გამოაღო ის და ხელი დაუქნია ფრენკს. როგორც ჩანს, მასზე ფრენკის ხმამ იმოქმედა. ამბობდნენ, სინატრას იმდენად მომხიბვლელი და მომნუსხველი ხმა ჰქონდა, სატელეფონო წიგნის ტექსტიც რომ ემღერა, მაინც ყველა აჰყვებოდაო.

© www.buro247.ruფრენკ სინატრა და ავა გარდნერი
ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი - Sputnik საქართველო
ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი

ფილმის პრემიერაზე მათი გაცნობის დღესვე კი ფრენკმა თქვა, ამ ქალმა თავბრუ დამახვია, მგონი, რაღაც ჩამიყარა სასმელშიო… არადა, იმ დროისთვის ფრენკსაც და ავასაც უკვე უამრავი რომანი ჰქონდათ გადატანილი. ავაზე ამბობდნენ, მამაკაცებს ხელთათმანივით იცვლისო. ფრენკიც „იცვლიდა მანდილოსნებს“, ოღონდ, რა თქმა უნდა, მამაკაცის ხელთათმანივით. ამავე დროს, ავა ცნობილი იყო თავისი დამოუკიდებელი ხასიათით და იმით, რომ მისი მოთვინიერება აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. გახმაურებული ისტორიაა, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა კინოპროდიუსერმა მოინდომა მასთან ზედმეტად დაახლოება და რომ არაფერი გამოუვიდა, დაემუქრა ავას, რომ თუ ის მისი საყვარელი არ გახდებოდა, სამუდამოდ ჩაუკეტავდა გზას წარმატებული კარიერისკენ (ეს კი თავისუფლად შეეძლო), რაზეც გარდნერმა უპასუხა: „ეგ არაფერი, მე დამთავრებული მაქვს მბეჭდავის კურსები და სამსახურს ყოველთვის ვიშოვი“. საბედნიეროდ, ამ საუბრის შესახებ გაიგო კინოსტუდია МGМ-ის მთლად ბოსმა ლუის მაიერმა და სამსახურის ძებნა სწორედ ავა გარდნერის უიღბლო თაყვანისმცემელს მოუხდა.

პრემიერის შემდეგ რამდენიმე დღეში ფრენკი და ავა ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ ქუჩაში და ფრენკმა ის ვახშამზე მიიწვია… ავა ჰყვებოდა, რომ მან, რა თქმა უნდა იცოდა, რომ ფრენკს მეუღლე ჰყავდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო, რადგან ვერავინ აღუდგებოდა ფრენკის შარმს, თვალებს, ხმას და განსაკუთრებულ ღიმილს… ასე დაიწყო მათი საოცარი რომანი.

© www.buro247.ruფრენკ სინატრა და ავა გარდნერი
ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი - Sputnik საქართველო
ფრენკ სინატრა და ავა გარდნერი

ზუსტად ერთ კვირაში ისინი ღია კაბრიოლეტით დაქროდნენ ქალაქში ქუჩებში, ისროდნენ რევოლვერიდან ჰაერში, ესწრებოდნენ ტურნირებს კრივში, ხმამაღლა მღეროდნენ ქუჩაში და მიირთმევდნენ საკუთარი ხელით გაკეთებულ იტალიურ კერძებს, რაზეც ორივე გიჟდებოდა. ავას აფრთხილებდნენ, რომ ფრენკს სიყვარულის ნიჭი არ ჰქონდა, ფრენკს აფრთხილებდნენ, რომ ავას მასზე წარმატებული და მდიდარი მამაკაცებიც კი მიუტოვებია, მაგრამ ამას უკვე მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მათ ერთმანეთი იპოვეს ისე, თითქოს მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთმანეთს ეძებდნენ…

ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
„შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და ნიკორწმინდა!“

ისე კი, ახლობლები მათ ტყუილად არ აფრთხილებდნენ. საზოგადოება აღდგა მათი რომანის წინააღმდეგ, რადგან ფრენკს სახლში მეუღლე ნენსი და სამი, ერთი მეორეზე უკეთესი შვილი ელოდებოდა. თანაც ნენსიმ თავიდან კატეგორიული უარი განაცხადა დაშორებაზე. ავას კი მოცდა მაინც და მაინც არ უყვარდა და აგრძელებდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. ერთხელაც, როდესაც ფრენკმა მას ესპანეთში, ფილმის გადაღებაზე ჩააკითხა, დაინახა, როგორ ეპრანჭებოდა ავა ცნობილ ტორეადორს… რამდენიმე დღეში კი გაზეთებში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ფრენკ სინატრამ თავის მოკვლა სცადა. მართალია, თავად ფრენკი ამტკიცებდა, რომ დასაძინებლის დოზა შეეშალა, მაგრამ მას არავინ დაუჯერა. ავა გარდნერი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა. ნენსი კი, რომელსაც, ალბათ, მართლა ძალიან უყვარდა ფრენკი, დათანხმდა გაშორებაზე.

ფრენკმა და ავამ ფილადელდიაში იქორწინეს. ავამ ფრენკს აჩუქა ოქროს მედალიონი თავისი სურათით, ფრენკმა კი მეუღლეს მიართვა წაულას პალანტინი საფირონის შესაკრავით. მათ თაფლობის თვე მაიამიში გაატარეს, თანაც ისე ეჩქარებოდათ მარტო და პაპარცების ყურადღების გარეშე დარჩენა, რომ ბარგიც კი დაავიწყდათ.

Carl Ludwig Friedrich Becker - Sputnik საქართველო
რა გახდა ამ ერთი ქერა ქალის დახრჩობა?!

შემდგ კი დაიწყო ყოველდღიური ცხოვრება და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, აღმოჩნდა, რომ სწორედ ის, რისთვისაც მათ ერთმანეთი შეიყვარეს — ანუ მათი აბსოლუტური თანხვდენა ხასიათსა და ემოციებში, მათი ინდივიდუალობა გახდა ყველაზე დიდი დაბრკოლება ერთობლივი ცხოვრების დროს. ორივე საშინლად ეჭვიანი და თავშეუკავებელი იყო, ისინი ერთმანეთს არაფერს არ უთმობდნენ. ფრენკი ვერ იტანდა, რომ ავა არაფრით არ იყო მასზე დამოკიდებული და თავისი ეგოს დასამტკიცებლად რომანებს აბამდა ქალებთან, რომელთა სახელებიც კი არ ახსოვდა მეორე დღეს. ავა კი, ფრენკის ჯიბრით, თავბრუს ახვევდა ჰოლივუდის ულამაზეს მამაკაცებს. ორ დღეში ერთხელ მათთან სახლში შეშინებული მეზობლები პოლიციას იძახებდნენ, რადგან ავა ფანჯრიდან ისროდა ფრენკის ნაჩუქარ სამკაულებს, ფრენკი კი თოფით ხელში დასდევდა და მოკვლით ემუქრებოდა… ასეთ ვნებიან და ბობოქარ ცხოვრებას ვერც ერთი ადამიანი დიდხანს ვერ გაუძლებდა და ისინიც ერთმანეთს დაშორდნენ.

რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი - Sputnik საქართველო
69,42–კარატიანი ორშაბათი...

მათი დაშორება პატარა სიკვდილს ჰგავდა. თავიდან თითქოსდა შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს, ისევ სცილდებოდნენ… ფრენკმა ავას შემდეგ ორი მეუღლე გამოიცვალა. ჰქონდა უამრავი რომანი, მათ შორის მერლინ მონროსთანაც. ავა არ გათხოვილა, მაგრამ უცებ გადაწყვიტა გამხდარიყო ტორერო და მონაწილეობა მიიღო კორიდაში. წარმოდგენის დროს ის ცხენიდან ჩამოვარდა და ხარმა პირდაპირ სახეში მოარტყა რქა. მას დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია და სერიოზული მკურნალობა. ამ დროს მას გვერდით ფრენკი დაუდგა.

ისინი, ფაქტიურად, ავას სიცოცხლის ბოლომდე ურთიერთობდნენ, ფრენკი მას აკითხავდა, ურეკავდა. ერთხელ ავამ თქვა, მე და ფრენკი ერთმანეთს მაგნიტებივით ვიზიდავთო.

1986 წელს ავა გარდნერმა ორი ინსულტი გადაიტანა და საწოლს მიეჯაჭვა. მთელ მის ანგარიშებს ფრენკი იხდიდა. 1990 წელს ავა გარდნერი პნევმონიისგან გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები იყო — „მე ისე დავიღალე“… მისმა უახლოესმა მეგობარმა გრეგორი პეკმა თავისთან სახლში გადაიყვანა ავას ძაღლი მორგანი და მისი მოსამსახურე კარმენი. მას უნდოდა დასაფლავების ხარჯების თავის თავზე აღება, მაგრამ ფრენკ სინატრამ დაასწრო. თავად ფრენკმა უმძიმესად გადაიტანა ავას გარდაცვალება. მან რამდენიმე დღის განმავლობაში ხმის ამოღება ვერ შეძლო, მერე კი წარმოთქვა სიტყვები საკუთარი სიმღერიდან, რომელიც თავის დროზე ავას მიუძღვნა — „შენ ისე ღრმად მყავხარ გულში, რომ უკვე ჩემი ნაწილი გახდი“…

მათ სიყვარულს კორიდას ადარებდნენ… ისინი ავსებდნენ და აკლდებოდნენ ერთმანეთს, ეხეთქებოდნენ ერთმანეთს ტალღებივით, აკვდებოდნენ კიდევაც, მაგრამ ორივე ყოველთვის იმეორებდა, რომ ერთმანეთზე მეტად არავინ და არასდროს არ ჰყვარებიათ…

თავიდანვე ვთქვი, რას გაუგებ ამ სიყვარულს–მეთქი… თან გკლავს და თან გაცოცხლებს, მაგრამ უმისობაც არ იქნება…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიყვარულით გაჟღენთილ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0