საქართველოში უფრო აქტიური ამომრჩევლები ქალები არიან

გამოწერა
მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების ასარჩევად საარჩევნო უბნებზე 927,7 ათასი ქალი მივიდა.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ქალების რიცხვმა თითქმის 927,7 ათასი შეადგინა, რაც 8 ოქტომბერს კენჭისყრაზე მისული მოქალაქეების მთლიანი რაოდენობის 51,1%-ს შეადგენს.

საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიიღეს. ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატები 1 814 276-მა ადამიანმა აირჩია, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

„საქსტატის“ 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 1 951 ათასი ქალი და 1 779 ათასი მამაკაცი ცხოვრობს.

ცესკო - Sputnik საქართველო
გაუქმებულმა ხმებმა, შესაძლოა, არჩევნების შედეგები შეცვალოს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

ამ ეტაპზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 67 ადგილი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ – 6.

ყველა ახალი ამბავი
0