თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ოთხ რეგიონში შესაძლოა მაჟორიტარული სისტემით დეპუტატთა არჩევისათვის მეორე ტურის გამართვა გახდეს საჭირო, უჩვენებს TNS-ის ეგზიტპოლი, რომელიც ოთხმა ტელეკომპანიამ — „იმედი“, „მაესტრო“, GDS და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუკვეთა.
ეგზიტპოლის შედეგები ვარაუდობს მეორე ტურის გამართვას თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში.
მაჟორიტარული სისტემით მოგებისათვის კანდიდატმა ხმების 50% —ს პლიუს ერთი ხმა უნდა მოაგროვოს.
კახეთში გამოკითხვა ჩატარდა თელავის საარჩევნო ოლქში, სადაც მმართველ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი სესიაშვილი წარმოადგენს და მან ხმათა 48,3% მოაგროვა, ხოლო ენმ-ს წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა — 28,5%.
შიდა ქართლის რეგიონში ეგზიტპოლი გორის საარჩევნო ოლქში ჩატარდა.
მმართველი პარტიის წარმომადგენელმა იოსებ მაკრახიძემ —39,7% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი გავიდა — 16,1%-ით.
იმერეთში ეგზიტპოლი ჩატარდა ქუთაისის საარჩევნო ოლქში, სადაც ყველაზე მეტი ხმა მმართველი პარტიის კანდიდატმა კობა ნარჩემაშვილმა დააგროვა — 49%. ენმ-ს წარმომადგენელმა გიგი წერეთელმა კი —28,4%.
აჭარაში ეგზიტპოლი მხოლოდ ბათუმის საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ფატი ხალვაშმა ხმათა 46,8% დააგროვა. მეორე ადგილზეა ენმ-ს წარმომადგენელი მირდაკ ყამალაძე — 24,1%.
ეგზიტპოლების მონაცემებით ოზურგეთში, მარტვილსა და ზუგდიდში გამარჯვებულები განისაზღვრა.
გურიაში გამოკითხვა ოზურგეთის საარჩევნო ოლქში ჩატარდა. დიდი უპირატესობით ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ თალაკვაძე — 63%.
სამეგრელოს რეგიონში გამოკითხვა ორ საარჩევნო ოლქში ჩატარდა. მარტვილში მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ოთარ დანელიამ ხმათა 63,5% დააგროვა, ხოლო ენმ-ს წარმომადგენელმა ზაზა გოროზიამ —21,6%.
ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ედიშერ თოლორაია ლიდერობს ხმების — 58,4%-ით. სანდრა რულოფსმა ხმათა 34,5% დააგროვა.
TNS-ის ეგზიტპოლები საქართველოს შვიდ მაჟორიტარულ ოლქში 320 საარჩევნო უბანში ჩატარდა, გამოკითხვა ხდებოდა ყოველი მეხუთე ამომრჩევლის. საბოლოო მონაცემები დღესვე გამოქვეყნდება.