ბოლო ფილმი, რომელიც ჯონ კენედიმ ნახა, იყო... ფილმი ჯეიმს ბონდზე!

© www.kinowar.com"ბონდიანა"
ბონდიანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თავგადასავლებითა და საინტერესო მოულოდნელობით სავსე დღის დასაწყისი გველის, ამიტომაც წინასწარ, გამბედაობისთვის ცოტა მაინც უნდა გაგასინჯოთ ერთი საოცრად გემრიელი კოქტეილი, რომლის რეცეპტში შედის: აუცილებლად ღრმა ბოკალში ჩასხმული ცოტა მშრალი Martini, ოდნავ Gordon Jin, ვერმუტი Kina Lillet და ეს ყველაფერი არეული ლიმონის კანის გრძელი და თხელი ნათალით…

სწორედ ეს სასმელი უყვარს ყველაზე მეტად ჩვენს დღევანდელ სტუმარს, რომელიც გამოირჩევა მომხიბვლელობით, ვაჟკაცობით, ქალებისადმი განსაკუთრებული ლტოლვით. ატარებს მხოლოდ ფირმა Rolex-ის საათს და პისტოლეტ Walter PPK-ს, ხშირად არის გამოწყობილი სმოკინგში. და, გარდა ამისა, ისეთი ინგლისური სპორტული ავტომობილი Aston Martin-ი შეაჩერა ჩვენი ჭიშკრის წინ, რომ მთელი წიკლაურის აღმართი, რომელსაც ჩვენი აივნური სეზონის გახსნის შემდეგ აღარაფერი უკვირს, კიდევ დიდხანს ისაუბრებს ამაზე…

რიჩარდ გირი - Sputnik საქართველო
მარტო ვდგავარ, ჰოდა ვტირი, სად ვიპოვო რიჩარდ გირი...

მთავარი კი მაინც ის არის (სხვათა შორის, ძალიან საინტერესო და გასაკვირიც), რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ძალიან უყვარდა ეს გმირი და მისი თხოვნით 1963 წლის 21 ნოემბერს თეთრ სახლში მიიტანეს ფილმის „სიყვარულით რუსეთიდან“ ე.წ. „პირველი“ სასინჯი ეგზემპლარი და აჩვენეს პრეზიდენტს. სწორედ ამის შემდეგ, მეორე დღეს გაემგზვრა ის თავის საბედისწერო და ბოლო მოგზაურობაში დალასში…

ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბრიტანეთის დაზვერვის (MI6) აგენტი „007“, ყველასთვის ცნობილი ჯეიმს ბონდი. ჯონ კენედიმ, სამწუხაროდ, მისი მხოლოდ პირველი და მეორე ფილმების ნახვა მოასწრო. საერთოდ კი „ბონდიანა“, როგორც მას მსოფლიოში უწოდებენ, 26 ფილმისგან შედგება. ბოლო ფილმის პრემიერა 2015 წლის ნოემბერში გაიმართა, ხოლო ჯეიმს ბონდზე პირველი ფილმი — „ექიმი ნოუ“ ლონდონის ეკრანებზე გამოვიდა ზუსტად ამ დღეს, 1962 წლის 5 ოქტომბერს.

დედა ტერეზა - Sputnik საქართველო
სიკეთე, სიკეთე, სიკეთე თესე

ბევრმა არც იცის, რომ ჯეიმს ბონდის „მამა“, ანუ მასზე რომანების სერიის ავტორი, რომლებიც შემდგომში საფუძვლად დაედო აგენტ 007-ზე გადაღებული ფილმების სცენარებს, გახლავთ იან ფლემინგი. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა ბრიტანელი კომანდოსების  ქვედანაყოფს, რომელიც შეიქმნა ფრონტის ხაზზე და მტრის ზურგში  სპეციალური სადაზვერვო ოპერაციების განხორციელების მიზნით. ასე რომ, მან მზვერავის ცხოვრებაზე საკმაოდ ბევრი რამ იცოდა და, სავარაუდოდ, სწორედ ამაშია იმ საოცარი წარმატების მიზეზი, რომელიც წილად ხვდა „ბონდიანას“.  

სხვათა შორის, ჯეიმს ბონდის პროტოტიპად ასახელებენ სიდნეი რეილის, ცნობილ ბრიტანელ ჯაშუშს, რომელიც 1910-1920 წლებში რუსეთში და ახლო აღმოსავლეთში მოღვაწეობდა. ის საოცრად საიდუმლო და საინტერესო პიროვნებაა, რომლის ცხოვრება სავსე იყო ავანტიურებითა და თავგადასავლებით. მისი ნამდვილი სახელია სოლომონ როზენბლიუმი და ის 1873 წელს ქალაქ ოდესაშია დაბადებული.

1959 წელს იან ფლემინგმა განაცხადა, რომ ის ირლანდიელი კინოპროდიუსერისთვის კევინ მაკკლორისთვის დაწერს ორიგინალურ კინოსცენარს მზვერავ ჯეიმს ბონდზე. საინტერესოა, რომ თავიდან ფილმის რეჟისორად უნდოდათ თავად ალფრედ ჰიჩკოკი მიეწვიათ, ბონდის როლი კი რიჩარდ ბარტონს უნდა შეესრულებინა. თუმცა, ამასობაში პროდიუსერი გაკოტრდა და ფილმის შექმნის იდეაზეც უარის თქმა მოუხდა. სამაგიეროდ სცენარით დაინტერესდა ბრიტანელი პროდიუსერი ალბერტ ბროკოლი, რომელმაც შეისყიდა ფლემინგისგან ჯეიმს ბონდზე ყველა ფილმის სცენარის უფლებები. 1961 წელს კი შედგა მოლაპარაკება კომპანია EON Productions-თან, რომელიც დღემდე ფლობს სერიალზე ყველა უფლებას. 

პაოლო კოელიო - Sputnik საქართველო
მე კოელიოს სულ მოველიო, უიმედობას რომ მოვერიო...

მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ მე და ჯეიმს ბონდზე გადაღებული პირველი ფილმი ტოლები ვართ (ერთ წელიწადს ვიპარავ და მაპატიეთ). თანაც, მე რომ 1962 წელს 1 წლის ვიყავი, ჯეიმს ბონდი დაახლოებით 30 წლის იყო და ძალიან სათუოა, როგორ შეინარჩუნებდა ის დღემდე შესანიშნავ ფორმას? ეს კი, რაღა თქმა უნდა, იმის ხარჯზე მოხდა, რომ ჯეიმს ბონდი რჩებოდა, მაგრამ იცვლებოდნენ მისი როლის შემსრულებლები. პირველი ჯეიმს ბონდი იყო შონ კონერი, შემდეგ ის შეცვალეს: დევიდ ნივენმა, ჯორჯ ლეზენბიმ, როჯერ მურმა, ტიმოტი დალტონმა, პირს ბროსნანმა და დენიელ კრეიგმა…

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბონდის როლის შესრულებაზე ოცნებობდა უამრავი მსახიობი. მე კი შევძელი მომენახა ის ორი  შემთხვევა, როდესაც მსახიობს შესთავაზეს ბონდობა და მან უარი განაცხადა. პირველი იყო კლინტ ისტვუდი, რომლის აზრით, ჯეიმს ბონდის როლი მხოლოდ ინგლისელმა მსახიობმა უნდა ითამაშოს. მეორე კი იყო ლიამ ნელსონი (თუ გახსოვთ შინდლერის როლის შემსრულებელი ფილმში „შინდლერის სია“), რომელმაც მოიბოდიშა და მოკრძალებით განაცხადა, რომ მას ბოევიკები არ იტაცებს…

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებლებს, გარდა პოპულარობისა, რომელსაც ამ ფილმს მოაქვს, გარკვეული ვალდებებულებიც ეკისრებათ. მაგალითად, პირს ბროსნანის კონტრაქტში ჩაწერილი იყო, რომ სანამ ის ჯეიმს ბონდი იქნებოდა, მას არ ჰქონდა უფლება, სხვა ფილმში ეტარებინა სმოკინგი. ხოლო შონ კონერის არ უნდა გადაეღო სხვა ფილმში პარიკის გარეშე (რადგან მსახიობი ადრე გამელოტდა და ბონდის როლში უკვე პარიკს ატარებდა). აქვე, რომ არ დამავიწყდეს, მინდა მოგიყვეთ საინტერესო ისტორია: შონ კონერის, თურმე, ცოტა ქეიფი უყვარს და ერთ-ერთ რეპეტიციაზე ნასვამი მისულა. ამ დროს კი მის ინსტრუქტორს მისთვის უნდა ესწავლებინა საბრძოლო ხელოვნების ილეთები. გასაგები მიზეზის გამო შონმა თავი ვერ დაიცვა და ინსტრუქტორმა მას შემთხვევით მაჯა მოსტეხა. საინტერესო აქ ისაა, რომ ინსტრუქტორი იყო… მომავალში საკმაოდ ცნობილი მსახიობი სტივენ სიგალი.

შვიდ ჯეიმს ბონდში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი „ოსკაროსანია“ — შონ კონერი. ერთი მათგანი კი — ჯორჯ ლეზენბი საერთოდ არ არის პროფესიონალი მსახიობი. მან უბრალოდ კინოსინჯებზე მისვლამდე შეიძინა Rolex-ის საათი, ძვირადღირებული კოსტიუმი, გაისწორა თმები ბრიოლინით და… პირველივე ცდაზე მიიღო ბონდის როლი.

მთელი „ბონდიანას“ განმავლობაში ჯეიმს ბონდს 4622-ჯერ ესროლეს, თანაც ყველა ჯერზე — უშედეგოდ, მან კი 352 ადამიანი გაისტუმრა საიქიოს. ყველაზე დაუნდობელი ჯეიმს ბონდი აღმოჩნდა პირს ბროსნანი, რომელმაც მხოლოდ ერთ ფილმში 47 ოჯახი დააობლა. მთელი ბონდიანის განმავლობაში ჯეიმს ბონდს უყვარდა 52 ქალი (ბოლო, 2015 წლის ფილმი ჩათვლილი არ არის).

დღეისათვის ჯეიმს ბონდზე ფილმების მთავარი პროდიუსერი, რომელიც ფაქტიურად წყვეტს ფილმების ბედს, გახლავთ მანდილოსანი — ბარბარა ბროკოლი, რომელიც უკვე 30 წელია ითვლება ამ სფეროს ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად. ვერ დავადგინე, არის თუა არა ბარბარა ჯეიმს ბონდზე პირველი ფილმის პროდიუსერის ალბერტ ბროკოლის ნათესავი, მაგრამ, არც თუ ისე გავრცელებული გვარის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, უნდა იყოს.

ჯეიმს ქემერონი - Sputnik საქართველო
ვისაც არ სწამს „ავატარის“, ცოდოა და ავად არის...

აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბონდზე ფილმების სერიალი იკავებს მეორე ადგილს ყველაზე მომგებიანი ფილმების სიაში. მას უსწრებს მხოლოდ სერიალი ჰარი პოტერზე. ბონდიანის ფილმებმა რამდენჯერმე მიიღეს „ოსკარი“ საუკეთესო მონტაჟისთვის, ვიზუალური ეფექტებისთვის, ხმის ეფექტებისთვის, საუკეთესო სიმღერისთვის.

გასაგებია, რომ ფილმები ჯეიმს ბონდზე არასდროს შესულა საუკეთესო ქალის ან მამაკაცის როლის, რეჟისორის ან სცენარისტის ნომინაციაში.

ისინი ცოტა უტრირებული და პრიმიტიულია, ზოგჯერ სასაცილომდეც კი, მაგრამ რა არის იმაში ცუდი, თუ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია არსებობს შესანიშნავი „აგენტი 007“, რომელიც ბოროტ ადამიანებს ებრძვის და ყვარობს ძალიან ლამაზ ქალბატონებს?..

გისურვებთ ბედნიერ და ლამაზ დღეს, მანდილოსნებს კი – საკუთარი ჯეიმს ბონდების გვერდით!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0