თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ორშაბათს აზერბაიჯანში კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება. აზერბაიჯანის ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა 5627 უბანი, სადაც რეფერენდუმის მონაწილეები ხმას აძლევენ.
ქვეყნის ტერიტორია 125 საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი. როგორც საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცესკოში აცნობეს, ამომრჩეველთა რიცხვი 5,26 მილიონს აჭარბებს.
დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში მესამე რეფერენდუმზე მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების 5-დან 7 წლამდე გაზრდის, აზერბაიჯანში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის აუცილებლობისა და სახელმწიფო მეთაურისა და დეპუტატობის კანდიდატებისათვის ასაკობრივი ცენზის მოხსნის შესახებ.
თავისი აზრის დაფიქსირება ამ საკითხებზე საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებს 29 ქვეყნის 38 დიპმისიაში გახსნილ უბნებზე შეეძლებათ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით დიდია მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში.
29 პუნქტისაგან შემდგარი ბიულეტენი გაუქმებულად ჩაითვლება, თუ შემოხაზული იქნება ორივე პასუხი „დიახ“ და „არა“ ან საერთოდ არც ერთი.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში ამომრჩეველთა სულ მცირე 25% მიიღებს მონაწილეობას.
რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხები მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს რეფერენდუმზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი.
აზერბაიჯანის ცესკო აპირებს პლებისციტის შედეგები 21 ოქტომბრამდე გამოაცხადოს.